ელზა პაპოშვილი
(11.05.2024)

„ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღოს გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს და თავისი შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს. ამის შემდეგ კი, ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა 10 მაისს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. არის თუ არა ეს ის კომპრომისი, რომელიც შექმნილ რთულ და დაძაბულ ვითარებაში ყველა მხარეს დააკმაყოფილებს?

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის მზაობა დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით, განვუმარტე პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია შეჯერდეს პოზიციები“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა და განაცხადეს, რომ არანაირი პოზიციების შეჯერება არ იქნება და ეს კანონი მმართველმა გუნდმა უკან უნდა გაიწვიოს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ეს პოზიცია დასავლელ პარტნიორებთან დისკუსიის შემდეგ შეიცვალოს.

ორშაბათს კი საქართველოს დასავლეთიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. 13 მაისს საღამოს თბილისში ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისს ეწვევიან გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. 

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან“ არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი გარკვეულ კომპრომისზე წასვლას ცდილობდეს და პარტნიორებთან ერთად ამაზე ვეტოს შემდგომ ორკვირიან პერიოდში შეჯერდეს. ამიტომაც არის, რომ ერთდროულად ქვეყანაში რამდენიმე ქვეყნის მაღალჩინოსნებმა ვიზიტი გადაწყვიტეს.

რა თქვა კობახიძემ 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტნიორებს შეუძლიათ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ. 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ვეტოს პროცედურების გამოყენება შესაძლებელია „პოზიციების შესაჯერებლად“.

„ბოლო შეხვედრების დროს მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მზაობა არის დისკუსიისთვის კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები. სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ხოლმე ვეტოს კანონპროექტებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაბამისად, ეს ბერკეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

აქ უკვე ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ს

ოპოზიცია კობახიძის შეთავაზებას არ იღებს 

პარლამენტის წევრი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსული კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. 

„ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა არის ცალსახა - მნიშვნელოვანია ამ კანონის გაწვევა. ეს კანონი არის რუსული ნაგავი და რუსული ნაგავი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, კანონი უკან უნდა გაიწვიონ, რადგან სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. 

„არანაირი პოზიციების შეჯერება არ იქნება. აგერ მესამე მოსმენაა და თუ რამე უნდათ, გაიწვიონ ეს კანონი. კობახიძე ისევ იმეორებს - მედებატონ და დისკუსიაში შემოვიდნენო. არ შედის არავინ დისკუსიაში. ერთადერთი მოთხოვნაა გაიწვიონ კანონი. სიტყვას შეცვლის თუ მძიმეს, არავინ წამოეგება ამ ანკესზე, ეს კანონი არის გასაწვევი“, - აცხადებს ჩიხლაძე.  

რამდენად რეალურია კომპრომისი

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანთან“ აცხადებს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ მას გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორები ცდილობენ ხელისუფლება რაღაცაში დაარწმუნონ. ძაბირაძე ამბობს, რომ აქ გარკვეული კომპრომისის მოძებნა შეიძლება. 

„როგორც კობახიძე ამბობს, ისინი მესამე მოსმენით კანონის მიღებას აპირებენ. თუმცა პრეზიდენტს აქვს გარკვეული დრო, კერძოდ, ორი კვირა, რათა ხელი მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. ვეტოს დადების შემთხვევაში კი მან პარლამენტს კანონპროექტი უკან უნდა გადმოუგზავნოს შენიშვნების სახით. ანუ, რასებობს რაღაც შუალედი იმისთვის, რომ შეიძლება სამართლებრივად ამ კანონში ცვლილებების შეტანა მოხდეს. შენიშვნები პარლამენტმა შესაძლოა მიიღოს და ამას გულისხმობს სწორედ კობახიძე. 

„ოცნება“ ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პარტნიორებისგან არჩევნების შემდეგ გარკვეულ გარანტიებს ითხოვდეს. ივანიშვილს სჭირდება გარანტიები დასავლეთიდან და არ გამოვირცხავ, რომ დახურულ კარს მიღმა ამ თემაზე საუბარი დაიწყოს. პრემიერთან იქნება შეხვედრები და ეს არის ბოლო მცდელობა, რომ „ოცნებას“ რაღაც გადააფიქრებინონ. თუ ის კვლავ ამ პოზიციაზე დარჩება, მაშინ ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება“, -ამბობს ძაბირაძე. 

შესაძლო პოლიტიკური ფანდი 

თუმცა ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ხელისუფლების მორიგი ფანდია, რათა კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ პროტესტი დაცხრეს და აქციები აღარ გაიმართოს.

„შესაძლოა კობახიძის ეს განცხადებაც გარკვეული ტაქტიკის ნაწილია, რათა თქვან, რომ აი, ჩვენი პარტნიორები და ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირა დრო ჰქონდათ, ამ მოლაპარაკებაზე და პოზიციების შეჯერებაზე არ წამოვიდნენ. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ დროის მოგების საშუალება, რათა როცა კანონს მიიღებენ, შემდეგ დიდი საპროტესო აქციები არ იყოს. 

„ასევე ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საპროტესტო მუხტი იქნება ორშაბათს. რომელი მხარე უფრო  შეძლებს მოსახლეობის დაშინებას ან დარწმუნებას, რომ ქუჩაში გამოსვლაა კვლავ საჭირო. ეს ვიზიტები ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ ოპოზიციასთანაც. თუ „ოცნების“ რეალური სურვილი იქნება, ჩვენ პარტნიორებს შეუძლიათ შუამავლის როლი შეასრულონ. გვახსოვს, თავის დროზე შარლ მიშელმა ითამაშა ასეთი როლი. ამის გარკვეული გამოცდილება არსებობს. თუმცა, მგონია, რომ ამ მოლაპარაკებებში უფრო  მაღალი, წონიანი ფიგურები იქნებიან ჩართული. ამიტომაც მგონია, რომ დიალოგი იქნება და თუ ეს კომპრომისული ვარიანტი არსებობს, ეს მიღწეული იქნება როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთანაც“, -ამბობს ძაბირაძე.

ხელისუფლება გამოსავალის ძიებაშია? 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება რეალურად დაინტერესებულია კომპრომისის მოძებნაში, ოპოზიციისათვის კი უფრო პრიორიტეტული რევოლუციური სცენარია.

„ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ცდილობს მოიძებნოს კომპრომისი, რომელიც ოპოზიციასთან იქნება მიღწეული. მმართველი გუნდი დაინტერესებულია და ცდილობს, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის განმუხტვა მოხდეს. თუკი ამაში ჩვენი პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოო ჯამში გაირკვევა რა პრეტენზიები აქვთ კონკრეტულად ამ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. თუმცა, როგორც კობახიძემ თქვა, ჩვენი პარტნიორები კონკრეტულად არ ხსნიან რა პრობლემა აქვთ ამ კანონთან მიმართებაში. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს არის ე.წ. რუსული კანონი, რაც აბსურდია და ამას ხელისუფლება მათ უმტკიცებს. 

„რაც შეეხება ოპოზიცის განცახდებას, რომ არანაირი კომპრომისზე არ წავლენ და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს ლოგიკურია, რადგან აქ საქმე კანონში არ არის. მათ აქვთ კარგად გაწერილი რევოლუციური გეგემა, რომელსაც უკვე სამი წელია ატრიალებენ. ეს მათმა ბელადმა სააკაშვილმაც გაახმოვანა ციხიდან. მან პირდაპირ და ღიად თქვა, რომ არაფერში არ სჭირდებათ არჩევნები. ამიტომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება მიდის ყველანაირ კომპრომისზე იმისთვის, რათა ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება თავიდან იქნას აცილებული. ამიტომ დაველოდოთ პროცესების განვითარებას და კიდევ უფორ ნათლად დავინახავთ, ვის რა მიზნები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით“, - ამბობს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე