თამთა ჩაჩანიძე
(11.05.2024)

ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ვითარების უკიდურესი დაძაბვისა და ძალადობის ესკალაციის ფონზე, სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თავისი პოზიციებს დასაცავად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. რომელი პოზიცია იქნება უფრო მისაღები საზოგადოების უმრავლესობისათვის და ვინ მოიგებს ამ საინფორმაციო ომს - ანალიტიკოსთა შეფასებით, ამას შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის მომავალზე.

ამ საინფორმნაციო ომში ორივე მხარე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ პოზიციას იზიარებს.

ხელისუფლება, თავის მხრივ, ამ საინფორმაცია ომში თავის ოპონენტების დისკრედიტაციასთან ერთად, მათ დაშინებასაც ცდილობს. 8 მაისს შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც, სხვადასხვა ქვეყნებში პოლიციის მიერ აქციების ბრუტალური დარბევის კადრების დემონსტრირების ფონზე, გაკეთდა განცხადება, რომ მომიტინგეების მიერ წესრიგის დარღვევისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია „უმკაცრეს ზომებს“ მიიღებს.

იმავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელისუფლების კრიტიკოსთა მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, სადაც შეიყვანენ არა მხოლოდ მათ, ვინც, მათი შეფასებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული, არამედ მათაც, ვინც ასეთ ქმედებებს სოციალურ ქსელებში იწონებს. აღსანიშნავია, რომ იმავე ღამით სხვადასხვა აქტივისტების სადარბაზოებსა და სახლის კარებთან გაჩნდა შეურაცხმყოფელი წარწერები პლაკატები წარწერით „აგენტი“.

აქედან მოყოლებული პერმანენტულად ხდება ფიზიკური თავდასხმები ცალკეულ ლიდერებზე და აქტივისტებზე. ბოლო დღეებში უკვე რამდენიმე ათეული მსგავსი ინციდენტი მოხდა და ამ თავდასხმების გამო ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ამის პარალელურად, მასობრივი ხასიათი მიიღო ხელისუფლების ოპონენტთა სატელეფონო ტერორმა. საეჭვო ნომრებიდან ურეკავენ, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ხელისუფლების ლიდერები კი პრაქტიკულად ღიად აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ, ვიდრე ხელისუფლების ოპონენტებს.

მეორეს მხრივ, ამ ყველაფერს ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისათვის იყენებენ. სოციალურ ქსელებსა და ოპოზიციურ მედიაში პერმანენტულად ვრცელდება პოლიცისა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების, უცნობი პირების აქტივისტებზე თავდასხმის კადრები, ასევე საეჭვო ნომრებიდან განხორციელებული შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარების ჩანაწერები. ამ ფონზე ხელისუფლების ოპონენტებმა ახალი კამპანიაც წამოიწყეს - „არ შეშინდე - გაბრაზდი!“

გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ „ქართულ ოცნერბას“ უპირისპირდება არა პოლიტიკური ოპოზიცია და კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, არამედ ახალგაზრდები - სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. სოციალურ ქსელებში ხდება იმ ცნობადი სახეების - ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების და ა.შ. - ბულინგი ვინც ღიად არ უპირისპირდება სადავო კანონის მიღებას. ხდება შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერება მმართველი პარტიის იმ დეპუტატებისათვის, ვინც ორი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონის მიღებას.

ამ საინფორმაციო ომის ნაწილი იყო 10 მაისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა ტელე-მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრა პრემიერის 21 წუთიანი მონოლოგით დაიწყო, რაც მედიის ნაწილმა გააპროტესტა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მედიის ცალკეული წარმომადგენების კრიტიკულ შეფასებებზე პრემიერი კობახიძე ერთი და იმავე რეპლიკით პასუხობდა - „ზრდილობა, კულტურა, IQ და ინტელექტი“. საბოლოოდ, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარის“ წამყვანებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი. 

რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი საზოგადოების გაწყობაზე და ვის მხარესაა ამ ეტაპზე უპირატესობა საინფორმაციო ომში?

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება სიტუაციას ვერ ცვლის, დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა - მანიფესტანტების შემადგენლობა გაახალგაზრდავდა და შეიძლება ითქვას, რომ „საინფორმაციო დაპირისპირებაში უპირატესობა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხარესაა".

კანონთან დაკავშირებით არ წყდება კრიტიკა დასავლელი პარტნიორებისგანაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. „ოცნება" კი აცხადებს, რომ „აბსოლუტურად ღიაა ამ მსჯელობისა და დისკუსიისთვის, მაგრამ „კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები" არ მოუსმენია პარტნიორებისგან. ამასთან დასძენს, რომ მმართველ გუნდს დასავლური კურსისთვის არ გადაუხვევია, მზადაა „კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის" და ამ კანონის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაა და სხვა არაფერი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ დღეს რეალობა სრულიად განსხვავებულია, მანიფესტანტთა ასაკი გაახალგაზრდავებულია და ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ „როგორი პროპაგანდისტული მანქანაც არ უნდა აამუშაოს, მისი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა ფაქტიურად გამორიცხულია".

„მხოლოდ ინფირმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, სიტუაციას ვერ ცვლის. რაც „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში იმდენი, დრო გავიდა და იმდენად სრულიად განსხვავებული რეალობა შეიქმნა, რომ „ოცნებამ" ისედაც მნიშვნელოვნად დაკარგა ამომრჩეველი, გახდა არა მხოლოდ ერთპარტიული, არამედ ერთი კაცის ნება-სურვილზე დამყარებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ამას ხედავს ყველა - „ქართული ოცნების" მომხრე თუ მოწინააღმდეგე.

„ამას ემატება ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობა გამოვიდა, საკმაო შესვენების შემდეგ. 2003 წლის შემდეგ ასეთი ტრანსფორმირება არ მომხდარა მანიფესტანტების შემადგენლობაში, ძალიან გაახალგაზრდავდა საპროტესტო მოძრაობა. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ როგორი პროპაგანდისტული მანქანაც არ უნდა ამუშაოს, მისი მხარდამჭერების რაოდენობის ზრდა ფაქტიურად გამორიცხულია.

„ოცნებამ" რაც არუნდა მობილიზება გაუკეთოს თავიანთ მომხრეებს რუსთაველის პროსპექტზე და ა.შ., ეს ყველაფერი უკვე განვლილი და ათასჯერ ნანახია ქართულ რეალობაში. შესაბამისად, საინფორმაციო დაპირისპირებაში უპირატესობა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების მხარესაა.

„ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დღეს ქვეყანაში დაახლოებით 60-70%-ია, ბევრი რამ შეიძლება მიუღებელი იყოს, გასაკუთრებით ტელემედიის საქმიანობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მიუღებლობა იმდენად მაღალი იყოს, რომ ამით „ოცნებამ" ქულები დაიწეროს, „ოცნების" პროპაგანდა არ და ვერ მუშაობს და ამას ადასტურებს ეს აქციები, რომელიც ქვეყანაში უკვე ორი კვირაა პერმანენტულად მიდის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე