თამთა ჩაჩანიძე
(28.11.2023)

ბოლო დღეებში „ნაცმოძრაობაში" სიტუაცია ისე გამწვავდა, არაა გამორიცხული, რომ კრიზისის განსამუხტავად მალე თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩანიშნონ - ლევან ხაბეიშვილის გადადგომას უკვე რეგიონების საკრებულოებიდანაც ითხოვენ. ანალიტიკოსებს ეეჭვებათ, რომ პარტიაში სიტუაცია არჩევნებამდე დალაგდეს, რაც ელექტორატის ნაწილს დიდი ალბათობით დააკარგინებს.

კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში საით შეიძლება გადაიხაროს „ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი, გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული - მათ შორის, სად წავა ნიკა მელია და მიხეილ სააკაშვილი მხარს ვის დაუჭერს.

„ნაცმოძრაობის" დაქუცმაცებაში მძლავრი ეტაპია, რაც თავად შიგნიდან ხდება იმის გამო, რომ ფინანსური რესურსების მქონე ძებნილ ოლიგარქ კეზერაშვილს მხოლოდ ფულით სურს, რომ პარტია ააშენოს და არა ჭკვიანური და შორსმიმავალი პოლიტიკით. რღვევა ზუსტადაც ამან გამოიწვია.

„ამან გამოიწვია ისიც, რომ პარტიის ე.წ. ვეტერანები პირდაპირ თუ ირიბად პარტიის ამჟამინდელი მენეჯმენტის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ამის კიდევ ერთი დასტური იყო, როცა ენმ-ს პირველმა გენმდივანმა გიორგი არველაძემ ვრცელი მიმართვა დაწერა, რომელიც ძირითადად განკუთვნილი იყო პარტიის ძველი მხარდამჭერებისა და წევრებისთვის, რომ რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რათა ქვეყანაში რევოლუცია მოახდინონ და არანაირი არჩევნები.

„ამითაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ „ნაცმოძრაობაში" რომელი ფლანგიც არ უნდა იყოს, ის ორიენტირებულია არა დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მობრუნებაზე, არამედ გადატრიალების, რეოლუციის, რევანშის გზით, რაც თავდიანვე წარუმატებელი იქნება. ზუსტად ამ ფორმულის მატარებელი „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი ფლიგელი განწირულია წარუმატებლობისთვის.

„ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკური მომავალი აქვს ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს, საკითხავია, შექმნიან კი ისინი ახალ პარტიას?! მეორე ვარიანტია შეეკედლება თუ არა უკვე არსებულ ფინანსურად რომელიმე მდიდარ პოლიტიკურ პარტიას, ამ შემთხვევაში „ლელოს" ვგულისხმობ.

„ხმები საით წავა, დამოკიდებული იქნება იმაზე, საით წავა ნიკა მელიას გუნდი და საბოლოოდ სააკაშვილი თავის პოლიტიკურ ბრენდს ვის მიანიჭებს. მთავარია, სააკაშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის" ლოკომოტივია, ვისზე დადებს ფსონს - დაუჭრს მხარს ნიკა მელიას თუ ლევან ხაბეიშვილს. „ნაცოპოზიციურ" დესტრუქციულ თამაშში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ნიკა გვარამია.

„ყველაფერი სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საბოლოო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, ეს შესაძლოა დღეს-ხვალ, ან რამდენიმე თვეში იყოს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან დიდი კონფრონტაცია მიდის კეზერაშვილსა და სააკაშვილს შორის. კეზერაშვილი პარტიას ფინანსებით, ადამიანური რესურსებით აკონტროლებს სააკაშვილი კი ვერა.

„აქ ძალიან ბევრი მდგენელია, რომელიც დაფარული არ იქნება, მაგრამ დრო სჭირდება, რომ პროცესი კრისტალიზირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ვარიანტში მაინც წაგებულები აღმოჩნდებიან, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში ელექტორატს არ უყვარს დაქუცმაცებული და დესტრუქციაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც არა საქმიანი შემოთავაზებები, არამედ რევოლუციაზე და მოხლოდ გადატრაოებაზე არიან ორიენტირებულები. რაც თავიდანვე ფიასკოსთვისაა განწირული", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

28 ნოემბერს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ და თავმჯდომარეობის ახალი არჩევნებისკენ მოუწოდეს ფოთის, მცხეთის, ახალციხის,ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, ქუთაისისა და ამბროლაურის საკრებულოების ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. მანამდე ეს მოწოდება გააჟღერა თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ და ენმ-ს ხელისუფლების ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ.

სკანდალური განცხადება ხაბეიშვილმა 26 ნოემბერს „ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, მან ნიკა მელია პარტიიდან გარიცხულად გამოაცხადა. ამ თემამ პარტიაში დაპირისპირება თანდათან გაზარდა, თუმცა ამ დრომდე სააკაშვილი საკითხს არ გამოხმაურებია და „ფეისბუქზე" სულ სხვა თემებზე პოსტავს. დუმილს ინარჩუნებს ნიკა მელიაც, ის სოციალურ ქსელებშიც არ აქტიურობს.

ენმ-ს გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში არჩევნები მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში 2025 წლის იანვარში ჩატარდება. ხაბეიშვილს მხარს უჭერს „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები ყოველ სამ თვეში ერთხელ ვერ ჩატარდება, მაშინ როცა „გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ".

ენმ-ში მიდმინარე მოვლენებს მმართველი პარტიიდანაც ჰქონდა გამოხმაურება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს.

„ამდენი თვის კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს (მელიას საკითხი), იქნება „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის ბოლო ფაზის საკითხი. ამაზე მიდის მთავარი დებატი, მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში" მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს და რეაგირებას იმ საკითხებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც დღეს არის საქართველოს ინტერესებში",- განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე