ელზა პაპოშვილი
(28.11.2023)

ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება იმდენად გამწვავდა, რომ  მოქმედ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს წინამორბედის გარიცხვის გამო გადადგომისკენ მოუწოდებენ. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა და პარტიის საორგანიზაციო მდივანმა, გიორგი მუმლაძემ ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა. გადაწყვეტილების მისაღებად მოქმედ თავმჯდომარეს მათ გარკვეული ვადაც მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ თანამდებობის დატოვებას აიძულებენ. 

ამ პოზიციას იზიარებს ნიკა მელიას გუნდიც. მათი განცხადებით, ხაბეიშვილის მხრიდან მელიას პარტიიდან გარიცხვა პირდაპირი ეთერით ამორალურია. ზუგდიდი, ხობი, ჭიათურა, ქუთაისი, ამბროლაური, კასპი - ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ რაინული ორგანიზაციები უერთდებიან.

გავრცელებულ განცხადებებში წერია, რომ დღეს პარტიაში მძიმე კრიზისია, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არარსებობა. იმისთვის, რომ ერთობა შესაძლებელი გახდეს, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგენლობითმა ყრილობამ პოლიტიკური საბჭო აირჩიოს.

ბრალდებებს არ ეთანხმებიან ხაბეიშვილის თანაგუნდელები. ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მელიას მომხრეებს მოუწოდებს, პარტიის წინააღმდეგ "აღვირახსნილი კამპანია" შეწყვიტონ.

„ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს ნიკა მელიას საარჩევნო შტაბისა და მათი ცალკეული წარმომადგენლების ორკესტრირებული კამპანია, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. ყველამ კარგად იცოდეს, არჩევნები აუცილებლად ჩატარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ოღონდ არჩევნები ჩატარდება წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის პირველ იანვარს. მოვუწოდებ ნიკა მელიას, დამარცხებული თავმჯდომარის კანდიდატობის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მსგავსი აღვირახსნილი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ,“ - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

ენმ-ის წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ხაბეიშვილის გადაყენების შესახებ მოთხოვნის გაჟღერება არასერიოზული და უსაფუძვლოა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით, პირველივე ტურში არჩეული თავმჯდომარე. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლეგიტიმური პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. სწორედ ასეთად მიიჩნევს და ახასიათებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინსტიტუციებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ასეთი არასერიოზული და უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება, პირდაპირ გეტყვით, წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას. ამიტომ, კარგი იქნებოდა, იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს, მათ შორის, თავმჯდომარის გადადგომას, ჰქონოდათ წინასწარი კონსულტაციები. პრეზიდენტ სააკაშვილის მკვეთრი და ცხადი პოზიციაა, რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, პოლიტიკურ საბჭოსა და სამდივნოს. ყველა ეს ინსტიტუცია არის ლეგიტიმური. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში მაღალი ლეგიტიმაციით გაიმარჯვა”, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენები მოსალოდნელი იყო და დიდი ალბათობით ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილიც მხარს უჭერს. ვარაუდობს, რომ დავით კეზერაშვილმა ლევან ხაბეიშვილის მეშვეობით, საკუთარ ტელევიზიაში გაახმოვანებინა ის, რაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. ეს კი პარტიას კარგს არაფერს მოუტანს. 

„კეზერაშვილი- მერაბიშვილი-ხაბეიშვილის ფლანგს ნიკა მელიას თავიდან მოშორება ეჩქარებათ. ამიტომაც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიით გააგებინეს, რომ გარიცხეს. წარმოუდგენელია ამხელა პარტიის თავმჯდომარეს, რომელსაც ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, პირდაპირ ტელევიზიით გააგებინო, რომ გაირცხე. ეს არ არის დემოკრატიული პროცესი და ალბათ ენმ-იდან დემოკრატიას არც არავინ ელის. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტის გამოქვეყნებით ამ პროცესს მხარი დაუჭირა და მელია ფაქტის წინაშე დააყენეს. ვფიქრობ, სააკაშვილს კეზერაშვილის ფინანსები ძალიან სჭირდება. ამიტომ იყო, რომ მას აწვებოდნენ მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო. სააკაშვილი ცდილობდა რაღაცა პოლიტიკური თამაშით ეს სიტუაცია გაეჩერებინა, მაგრამ ფაქტია, რომ კეზერაშვილი აღარ ითმენს“, - ამბობს ძაბირაძე. 

რაც შეეხება ნიკა მელიას და მის გადაწყვეტილებას, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მელიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ასეთ პოზაში დიდხანს ვერ იქნება. მისი აზრით, მას უფრო აქვს შანსი, რომ ენმ-ისგან დამოუკიდებლად ოპოზიციური ამომრჩეველი მიიზიდოს და ასევე შეძლოს, რომ ენმ-ს მხარდამჭერები გაუყოს. 

„არ ვიცი  მელია რას ფიქრობს, მაგრამ მანდ როდემდე შეიძლება იყოს წარმოუდგენელია. საინტერესოა, რისი იმედი აქვს კიდევ? სავარაუდოდ, არა აქვს იმის რესურსი, რომ ახალი პარტია შექმნას, ამიტომაც დროის გაწელვას ცდილობს. თუმცა უთხრეს უკვე, რომ პარტიიდან გარიცხულია. ამიტომ დამალვას სჯობს გამოჩნდეს და თქვას, რას აპირებს. შეუძლია, რომ თუ პარტიას შექმნის, 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ამიტომაც სჯობს, რომ იმოქმედოს. ლევან ხაბეიშვილის მხარეს ალბათ უფრო  მიშისტები დარჩებიან, რადგან სააკაშვილმა მას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ფაქტია, რომ სააკაშვილს გადაწყვეტილების მიღება აიძულეს, ან ფიქრობს, რომ მისთვის ასე უკეთესი იქნება. მას, რეალურად რომ ვთქვათ, სხვა გზა არც აქვს“, - ამბობს ძაბირაძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე