ნაზი ბერიძე
(28.11.2023)

ახლა, როცა დეკემბერში მთელი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფებში იძულებულნი არიან ხელისუფლებას „უბრალოდ დაეთანხმონ", ამიტომ ამას ფარსს უწოდებენ და პრინციპში ბოიკოტს უცხადებენ. მმართველი პარტია კი ირწმუნება რომ ოპოზიციის გარეშეც გაართმევს თავს ევროდათქმებზე მუშაობას და მოლაპარაკების გახსნასაც ბრიუსელთან მარტო გეგმავს.

„ქვეყანა არ დაიქცევა თუ ოპოზიცია და არასამთავრობოები 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ალბათ კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა," - აცხადებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, „ოცნების" შეთავაზებას კონსოლიდირებულ საქმიანობაზე კი მხოლოდ „გირჩი" და გახარიას პარტია იღებენ.

კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია პროცესში, ქვეყანა შემდეგ ეტაპზე მაინც გადავა.

„სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, ამას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, თავად სამოქმედო გეგმა. თითოეული პუნქტი სწორედ ამ სულისკვეთებით არის გაწერილი და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები ინკლუზიური ფორმით წარიმართება, უზრუნველყოფილი იქნება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. ჩვენ არაერთგზის შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ როგორც პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება, ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ ამ 9 პუნქტის შესრულებაშიც არ ჩაერთვებიან. ჩვენი ქვეყანა წინ მაინც წაიწევს, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ ყველა სუბიექტი ევროკავშირის მოთხოვნებს გაჰყვება და იმ პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული.

„ასე გაგრძელდება მუშაობა. ალბათ, კიდევ მარტო მოგვიწევს შემდეგ ეტაპზე გადასვლა, მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ. სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი იმედი არ გვაქვს. წარსული გამოცდილება არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩაერთვება თუ არა, მაინც გადავალთ შემდეგ ეტაპზე, შესრულდება 9 პრიორიტეტი, როგორც მოვახერხეთ მუშაობა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება, ასევე მოვახერხებთ ამ სამუშაო პროცესის გაგრძელებას", - განაცხადა კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან".

ამასთან სამშაბატს კობახიძემ თქვა, სამოქმედო გეგმა „დასამალი არ არის, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ, რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი"-ო.

სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია - ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის ორშაბათის სხდომაზე დადასტურდა, რომ მათ უკვე მიღებული დოკუმენტის დამტკიცება სურთ.

„მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს რომ „ქართული ოცნება" ირაკლი კობახიძის მეშვეობით ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ახდენს.

„ირაკლი კობახიძის მიზანი არის რომ მოახდინოს ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნების" მიზანია როგორმე პროპაგანდა აწარმოოს კობახიძის სახელით და აჩვენოს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა" ის ძალა, რომელიც ესწრაფვის ევროპულ ინტეგრაციას და სწორედ ისინი აკეთებენ საქმეს, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლით განხორციელებაში.

„დაწყებულია საინფორმაციო კამპანია, რომ თითქოს ოპოზიცია არანაირად არ მონაწილეობს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც არის ტყუილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ოპოზიციის ლიდერები ხშირად ჩადიან ევროპაში და ისინიც ლობირებენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„თუ ხელისუფლების ეს რიტორიკა გაგრძელდა ოპოზიციაზე, ეს არ აღიქმება დადებითად ევროკავშირში იმიტომ რომ მათ იციან, რომ ოპოზიცია უფრო პროევროპულია ვიდრე „ქართული ოცნება". უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია სხვა მიმართულებით ღებულობს ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობას. თუმცა სასურველი იყო, რომ 9 ნაბიჯის შესრულების პროცესშიც ჩართულიყო", - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე