თამთა ჩაჩანიძე
(28.11.2023)

„ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს განცხადება, რომ ნიკა მელია გარიცხულია, საწინააღმდეგოდ შეუბრუნდა და ახლა ენმ-ის ძველი თუ ახალი წევრები მის გადადგომას ითხოვენ. თავად მელია კი ისევ დუმს და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არაა გამორიცხული, რომ საქმე პარტიის თავმჯდომარეობის ახალ არჩევნებამდე მივიდეს.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მელია ახლა ერთგვარი მსხვერპლის როლშია და არ სურს, რომ დამატებით მწვავე განცხადებებით სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს, რადგან „ფიქრობს, რომ მისი ჩარევის გარეშეც მოგვარდება საქმე ისე, როგორც მას აწყობს".

პარტიის წევრი გიორგი მუმლაძე, რომელიც თავმჯდომარეობის ბოლო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო და ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა, ამბობს, რომ პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ვერ გაამართლა მოლოდინი, ვერ შეასრულა დაპირება და პირიქით, თავმჯდომარის რიტორიკა უფრო ხლეჩს პარტიას, ამიტომაც მიაჩნია, რომ ხაბეიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

"ერთ ერთი პირველი ვიყავი, ვინც დავიწყე საუბარი ენმ-ში ცვლილებების აუცილებლობაზე და ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით უნდა ყოფილიყო დადებითი შედეგები. თუმცა ასე არ მოხდა და მე მაქვს პასუხისმგებლობა, მქონდეს ჩემი პოზიცია შექმნილ ვითარებაზე.

„სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას. ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს...

„ამ შემთხვევაში გამოსავალია, აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით  პოლიტსაბჭოს, რომელიც აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას", - განაცხადა გირგი მუმლაძემ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე სამარცხვინო სიგიჟეს უწოდებს ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს და მიაჩნია, რომ „შულავერის კომიტეტია გასარეკი და არა პარტიის ერთგული მებრძოლები". საკმაოდ ვრცელ ფეისბუქ-პოსტში აღნიშნავს, რომ ამისთვის ხაბეიშვილმა უნდა აღიაროს, რომ ვერ გაართვა თავი პარტიის ხელმძღვანელობას და გადადგეს, მისი აზრით, „პარტიის მესაჭედ უნდა მოვიდეს საყოველთაოდ მაკონსოლიდირებელი, საზოგადოებრივი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა".

„პარტია განადგურებულია, მისი ავრორიტეტი - ფეხქვეშ გათელილი... ერთადერთი ემოცია, რასაც ხალხში იწვევთ, არის დაცინვა... ლოყებდაბერილები იბღინძებით და მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, შემდეგი ვინ გარიცხოთ პატიიდან... რა გარიცხვა, ხალხნო? ვინ გგონიათ თავი??? უნდა ემუდარებოდეთ ხალხს, რომ გვერდით დაგიდგნენ... ვის რიცხავთ?? ან ვინ მოგცათ ამის უფლება, მიშას პარტიაში თქვენ თვლიდეთ, ვინ იმსახურებს ყოფნას და ვინ არა??... მაგრად აგერიათ რამსები... ისევ სახელისუფლებო პარტია გგონიათ ალბათ თავი და ისევ ჩინოვნიკებს ხედავთ, როცა სარკეში იყურებით... გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს ერთხელ... უკიდურესად უბადრუკებად ჩანხართ. პარტიიდან გაყარეთ ყველაზე თავდადებული თანაპარტიელები, ვინც არც თანამდებობისთვის ყოფილან იქ და არც არანაირი პრივილეგიისთვის. ჯერ იყო და, მელიასთან დაპირისპირების გამო გარიყეთ პარტიის ერთი საუკეთესო ნაწილი... ახლა მელიას მხარდაჭერის გამო რიყავთ მეორე საუკეთესო ნაწილს... არასოდეს რომ არ უღალატიათ, ისეთ წევრებს არაფრად აგდებთ და ვინც მომენტი იხელთა და მიშას უგანა, ხან მუშტი გვიქნია და ხან იდაყვი, ხან ჯართი ეძახა მიშას და ხან წარსული, იმათ ზარზეიმით აბრუნებთ, ელოლოიავებით, ხოლო თავდადებულ მებრძოლებს, რომელთაც წვალების მეტი „ნაციონალური მოძრაობის" წევრობამ არაფერი მოუტანა, ხურდასავით აბნევთ აქეთ-იქით. სამარცხვინოდ!!!

„არ მინდა, ბოლომდე ხაზი გადაგისვათ, კიდევ არის შანსი, შეაჩეროთ ეს სიგიჟე და თვითგანადგურება. ამისთვის ხაბეიშვილმა სასწრაფოდ უნდა აღიაროს, რომ ვერ გაართვა თავი ამ ურთულეს ისტორიულ მისიას, უნდა გადადგეს და პარტიის მესაჭედ უნდა მოვიდეს საყოველთაოდ მაკონსოლიდირებელი, საზოგადოებრივი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და საერთოდ არ იქნება ამ პარტიულ ქაქში და ინტრიგებში გასვრილი. ეს პიროვნება უნდა იყოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდეს ყველა რეპრესირებული საუკეთესო სახე, ისინიც, ვინც ჯერ მელიასთან დაპირისპირების გამო გარიყეს, და ისინიც, ვისაც ახლა მელიას მხარდაჭერის გამო ერეკებიან პარტიიდან.

„ეს სამარცხვინო სიგიჟე უნდა დამთავრდეს! შულავერის კომიტეტია გასარეკი და არა პარტიის ერთგული მებრძოლები! გონს მოეგეთ!!! და არავითარი არჩევნები!!! არავითარი ბიძინას თამაშში თამაში!!! მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის!!! მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია! ეს არის ერთადერთი გზა, რაც მე, და ასობით ათას ჩემნაირს დაუბრუნებს ძალას, ისევ გაჰყვეს ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობას". დღეს რანიც ხართ და რადაც იქეცით, არავინ გამოგყვებათ ბრძოლაში", - წერს გიორგი არველაძე „ფეისბუქზე".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობაში შიდა კონფლიქტი გარდაუვალია და არაა გამორიცხული, რომ საქმე თავმჯდომარეობის ახალ არჩევნებამდე მივიდეს.

„პარტიაში მიმდინარე პროცესები ისეთ მდგომარეობას დაემსგავსა, როცა მარჯვენა ხელმა არ იცის რას აკეთებს მარცხენა. ამის სხვა შეფასება არ მაქვს, რადგან ის, რაც „ნაცმოძრაობაში" ხდება, უბრალოდ არ შეესაბამება დემოკრატიული პარტიის, ან საერთოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედი პარტიის მუშაობის სტანდარტებს. სად გაგიგიათ, რომ ასე პირდაპირ ეთერში პარტიის თავმჯდომარე ვიღაცის გარიცხვაზე ტექსტებს წერდეს?!

„როგორც ჩანს, ენმ-ში ხაბეიშვილის დაწინაურების მომხრეებიც ხვდებიან, რომ ამ ადამიანმა პარტიის ხელმძღვანელობას აშკარად თავი ვერ გაართვა და ფიქრობენ იმაზე, ხაბეიშვილი თამაშიდან როგორ გაიყვანონ ისე, რომ სახე შეინარჩუნონ. ეს დაახლოებით ცნობილ გამონათქვამს მაგონებს - „მავრმა თავის საქმე გააკეთა და მავრს შეუძლია წავიდეს". დაახლოებით ასეთი სიტუაცია მწიფდება ხაბეიშვილის ირგვლივ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის უკან პარტიის მენეჯმენტის, წევრების და აქტივისტების არცთუ მცირე ნაწილი დგას, რომელიც მის არჩევას უჭერდნენ მხარს.

„შესაბამისად, ენმ-ში შიდა კონფლიქტი უბრალოდ გარდაუვალია, ეს კი პარტიას კიდევ უფრო დაასუსტებს, როგორც რეპუტაციულად და პოლიტიკურად, ისე ელექტორალურად. ჩემი აზრით, ნიკანორ მელიას პარტიის თავმჯდომარედ არავინ დააბრუნებს. მისი პარტიაში დაბრუნება, თუნდაც პოლიტსაბჭოს რიგით წვერად, კონტრპროდუქტიული იქნება. ველოდები, რომ მელია ადრე თუ გვიან პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომაც არის ახლა ის ჩუმად, რომ ელოდება პარტიაში მოვლენები როგორ განვითარდება.

„მელია ახლა მომგებიან პოზიციაშია ჩაყენებული, ერთგვარ მსხვერპლის როლშია, რომლის მიმართაც ვიღაცეებს ემპათია აქვთ, რომ ეს ადამიანი და მისი მომხრეები უსამართლოდ დაიჩაგრნენ და ეს კი მას მომგებიან პოზიციაში აყენებს და ახლა არ უნდა, რომ დამატებეთი მწვავე განცხადებებით სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს. ფიქრობს, რომ მისი ჩარევის გარეშეც მოგვარდება საქმე ისე, როგორც მას აწყობს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ანჯაფარიძე ენმ-ში თავმჯდომარეობის ახალ არჩევნებს არ გამორიცხავს.

„თუ პარტიაში მომწიფდა მოსაზრება, მათ შორის კვიპროსული არაფორმალური ხელმძღვანელობა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათმა ფავორიტმა ვერ გაამართლა და საჭიროა ცვლილებები, თორემ პარტიაში შესაძლოა 2024 წლის არჩვენებამდეც კი ძალიან ცუდ პოლიტიკურ ფორმაში იყოს, არ გამოვრიცხავ, რომ ახალი არჩევნებიც ჩაინიშნოს.

„არველაძის პოსტიც არა მგონია ემოციურ ნიადაგზე ყოფილიყო დაწერილი. ვფიქრობ ეს შკვეთილი მასალა იყო, რომლითაც „ნაცმოძრაობას" მესიჯი გაეგზავნა, რომ დროა ცვლილებებზე იფიქრონ, შემთხვევით არ იყო დასახელებული პარტიის მომავალ ლიდერად საზოგადოებრივი ფიგურა", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ ენმ-ში დაპირისპირება მას შემდეგ უფრო გამწვავდა, რაც „ფორმულას" პირდაპირ ეთაერში ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წვერი აღარ არის და ეს ფურცელზე ჟურნალისტის კითქვის ქვეშ ხელისმოწერითაც დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე