თამთა ჩაჩანიძე
(27.11.2023)

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვამ პარტიაში ბომბის აფეთქების მსგავსი ეფექტი გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას უკვე ღიად დაუპირისპირდნენ ენმ-ის ის წევრებიც, რომელიც პარტიის ორ ფლანგს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირებაში აქამდე მეტნაკლებად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდნენ. ყველა მოუთმენლად და ინტერესით ელოდება ამ საკითხზე ექპსრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, თუმცა სააკაშვილმა ორშაბათს სულ სხვა თემაზე გაავრცელა განცხადება - მან ოპოზიციას მოუწოდა, აიძულონ მთავრობა, რომ სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა დაასუბსიდიროს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხაბეიშვილის ამ ნაბიჯს პარტიის შიგნით სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვება. ენმ-ის ლიდერთა გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, გაემიჯნება პარტიის გადაწყვეტილებას, რაც უკვე გააკეთა გიორგი ბარამიძემ და შეიძლება პარტიაც დატოვონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ენმ შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში, ნიკა მელია კი არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას კი პარტია აღარ აპირებს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში". ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მათ შორის პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა", - ნათქვამია პარტიის 27 ნოემბრის განცხადებაში.

26 ნოემბერსკი ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას" პირდაპირ ეთერში გამოაცხადა გადაწყვეტილება. გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში და არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა: „არ ირიცხება, არ ირიცხება, რავიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს („ნაციონალურ მოძრაობას")".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

გამოხმაურება ენმ-ში

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგია და თუ ამ საკითხში ხაბეიშვილთან მისი შეუთანხმებლობა ენმ-ის პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზადაა თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს თანამდებობიდან წასვლის თაობაზეც მიმართოს.

„ჩემს ენმ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს ენმ-ის თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ „ფორმულას" ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. უმეტესობამ იგი აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა. მე მაინც მინდა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ენმ-ის წესდებით, ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.

„მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად, ენმ-ს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია, ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში.

ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია. მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან", - წერს ბარამიძე.

„მსგავსი რამ თუ მენახოს, ჟურნალისტის კონსპექტს თავმჯდომარე ხელს აწერდეს, რა საცოდაობაა", - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე პარტიის თავმჯდომარის ქმედებას.

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრის, მურთაზ ზოდელავას თქმით კი, „კვიპროსის კლუბის" თბილისის საკონსულოდ ქცეულ ტელევიზიაში ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ვერც პარტიის ოფისში და ვერც ყრილობაზე.

„ხაბეიშვილმა ახლა „ფორმულას" ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა - ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე - ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა. მგონი ისე დაიშალნენ, ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში", - წერს ზოდელავა.

„მან პარტიის დიდი ნაწილი ნაჯახით მოჭრა"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ის ამჟამინდელმა მენეჯმენტმა მელიას ბრძოლა საკამოდ უხეში მეთოდებით გამოუცხადა. ხაბეიშვილი პარტიის დიდი ნაწილის წინააღმდეგ წავიდა და მათ შორის იმათ წინააღმდეგაც, ვის რეიტინგზეც თავად პარტია დგას, რაც ენმ-ზე აისახება და არაა გამორიცხული, რომ ისეთი გადაწყვეტილებები ბევრმა მიიღოს, რითაც გიორგი ბარამიძემ დაიმუქრა.

„არ ვიცი ეს პიროვნულად ხაბეიშვილის ბრალია თუ კოლექტიური ხაბეიშვილის, მაგრამ მელიასთან ბრძოლა საკმაოდ უხეშად ჩატარდა. სააკაშვილმაც მოუწოდა თავის დროზე, რომ „ნაცმოძრაობისთვის" ის ადამიანები არ არიან დასაკარგი, ვისაც ამ მოძრაობისთვის ბევრი რამე აქვთ გაკეთებულიო და აქ მელია იგულისხმებოდა. არც ამ მოწოდებამ გაჭრა და ხაბეიშვილმა მელია, ფაქტიურად, ჟურნალისტების წინ გარიცხა.

„ასეთი მეთოდი უხეშია. მელიას შესაძლოა ვერ შეუთანხმდე, მაგრამ მის მხარდამჭერებთან უნდა გქონდეს კონსულტაციები, პარტიის შიგნით საზოგადოებრივი აზრი მოამზადო და ა.შ. ჯგუფის დიდი ნაწილის ასე ნაჯახით მოჭრა გამართლებული არაა და ყოველთვის, ყველგან მძაფრ რეაქციებს იწვევს, მათ შორის პარტიის შიგნით.

„ალბათ რაც ბარამიძემ დაიმუქრა, ამ ტიპის ნაბიჯს ბევრი გადადგამს. მაგრამ ამის შედეგი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რადგან ცნობილმა „ნაციონალებმა" ყველამ რომ ეს ნაბიჯი გადადგან, თუკი მთავარმა „ნაციონალმა" - სააკაშვილმა - არ თქვა უარი პარტიაზე, რომლის მენეჯმენტიც ასე უხეშად მოქმედებს და ორიენტაცია რაღაც სხვა ოპოზიციურ ჯგუფზე არ აიღო, მაშინ ენმ-ს მხარდამჭერები არ მოაკლდება, რადგან პარტიის მხარდამჭერები ძირითადად სააკაშვილის ფაქტორს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში პარტიის ბედ-იღბალი არ შეიცვლება. თუ სააკაშვილმა ასეთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, მაშინ სავარაუდოა, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი სააკაშვილს წაყვება იქ, სადაც სააკაშვილი წავა.

„ადრე ვთქვი, რომ მელია პარტიის რიგებს დატოვებს-მეთქი, მაგრამ ჩემი ვერსია არ გამართლდა. თუმცა, მესმის რატომ არ გამართლდა - რადგან მელია პარტიის დატოვებით ბევრს არაფერს მოიგებდა, კობახიძემაც კი თქვა - მელია რომ გვერდზე გავიდეს, ისეთივე 1%-იანი პარტია ექნება, როგორიც სხვები არიანო. სხვების მაგალითიც ასეთია - ვინც სააკაშვილის პარტია დატოვა, მან რეიტინგი ვერ გაზარდა სწორედ იმიტომ, რომ ის რეიტინგი სააკაშვილს ეკუთვნის.

„მელიას არ უნდა, რომ 1%-იან პარტიათა რიგებს შეუერთდეს, ამიტომაც წასვლა უჭირს. მეორეს მხრივ, ყველაფერს საზღვარი აქვს - ჯოხით აგდებენ და „მივდივარო" არ იძახის და როდემდე გაგრძელდება ასეთი სიტიუაცია, გაუგებარია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე