ნაზი ბერიძე
(25.11.2023)

ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში არსებული ღრმა კრიზისი გავლენას ახდენს როგორც ელექტორატის განწყობებზე, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ველზე. რა სახის ცვლილებებია ამ მხრივ მოსალოდნელი და გამოიკვეთა თუ არა რაიმე ტენდენციები პარტიაში აგორებული სკანდალის შემდეგ? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ენმ-დან ნიკა მელიას გამოყოფის შემთხვევაში ბევრი რამშეიძლება შეიცვალოს, რადგან, ერთის მხრივ, იგი პარტიის ელექტორატის ნაწილსაც თან წაიყპლებს და მეორეს მხრივ, ოპოზიციურ ფლანგზე გაჩნდება ახალი პარტია, რომელსაც, სავარაუდოდ, 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავზე გამოქვეყნდა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შედგენილი მანიფესტი, რომელიც, ჩანაფიქრის თანახმად, ენმ-ში ერთიანობის შენარჩუნების საფუძველი უნდა გამხდარიყო. თუმცა, ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა. პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა მანიფესტის ხელმოწერაზე უარი თქვეს. მათი პოლიტიკური მომავალი კი ისევ ბუნდოვანია - ენმ-ში აცხადებენ, რომ თავადვე დააყენა თავი პარტიის მიღმა. მელიას მხარდამჭერები კი პარტიიდან წასვლას არ აპირებენ და პირიქით იმუქრებიან, რომ ყველა, ვინც ენმ-ში „მგლის ბილეთებს არიგებს, მალე „საკადრის პასუხს" მიიღებენ.

კრიზისი და ენმ-ის ამომრჩევლების განწყობა

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ უშალოდ ეს სკანდალი და პარტიაშ არსებული ღრმა კონფლიქტი პარტიის მხარდამჭერების განწყობაზე მაინცდამაინც არ მოქმედებს. თუმცა, თუ მელიას ფრთა ენმ-დან წავიდა, ელექტორატის ნაწილსაც თან გაიყოლებს.

„ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელიც, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებსა და პოლიტიკურ პროცესებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ აქცევს და ენმ-ის ერთგული რჩება. ახლა რა პროცესებიც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ეს ჯამურად ამომრჩეველთა ამ კატეგორიას არ შეამცირებს და თუ შეამცირებს, ძალიან მინიმალური რაოდენობით

„ვნახოთ, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - მელია დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში", თუ ცალკე გავა. თუ ცალკე გავა, მაშინ ენმ-ის ელექტორატი რა თქმა უნდა შემცირდება, ხოლო თუ დარჩა, მაშინ ენმ-ს დაახლოებით იგივე ელექტორალური მხარდაჭერა ექნება, რაც მანამდე ჰქონდა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ენმ-ის ელექტორატისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს აქვს.

„ისევე როგორც ყველა სახის კრიზისის დროს, როცა პარტია, რომელსაც უნდა გაჰყვეს ხალხი, იშლება რამდენიმე ნაწილად, ხალხიც იბნევა - ვის გაჰყვეს, რას გაჰყვეს... ასეთი მდგომარეობა ალბათ „ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველში იქნება. თუმცა, არ მგონია ასეთი მძაფრი იყოს ამომრჩევლების დაბნეულობა, რადგან მათ მაინც იმაზე ექნებათ ორიენტაცია, თუ სად იდგება სააკაშვილი", - განაცხადა „რეზონანსთან" საყვარელიძემ.

რა შეიცვალა პოლიტიკურ ველზე

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ენმ-დან ნიკა მელიას ჯგუფის გამოყოფა და ცალკე პარტიად ჩამოყალიბება, ბუნებრივია, პოლიტიკურ ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. სხვა შემთხვევაში კი წვრილი პარტიების უმრავლესობა ეცდება ენმ-სთან ალიანსში შესვლას, რათა მომავალ პარლამენტში მოხვედრა გარანტირებული ჰქონდეთ.

„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები ზოგად პოლიტიკურ პროცესებზე იმოქმედებს მაშინ, თუ „ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება და მელია ცალკე გამოეყოფა. მაშინ მივიღებთ ოპოზიციურ პარტიებს შორის სხვა განფენილობას და ალბათ უნდა დაველოდოთ, თუ როგორ მოხდება გადაჯგუფება, რა პოზიციას დაიჭერს მელია, იქნება თუ არა კოალიციის მომხრე, თუ დამოუკიდებლად დააპირებს არჩევნებში გამოსვლას. ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ჩემი შეფასებით, თუ მელია ცალკე იქნება, მას 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ შეექმნება.

„ბარიერს ენმ-ც გადალახავს. წვრილ პარტიებს კი იდეოლოგიური და ღირებულებითი პრობლემები არ აწუხებთ, აწუხებთ მოხვდებიან თუ არა პარლამენტში. თუ მათ ექნებათ გარანტირებული, რომ ხვდებიან პარლამენტში, ყველა არა, მაგრამ პარტიათა გარკვეული ნაწილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და შევა ალიანსში „ნაციონალურ მოძრაობასთან", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წვრილი პარტიების უმრავლესობა ისედაც აცხადებს, რომ ენმ-ის გარეშე სურთ გაერთიანება და

ნაცმოძრაობაში" არსებული კრიზისი ამ მხრივ არაფერს ცვლის.

„ითქვა კიდეც ამ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ უფრო მეტი აქცენტი აქვთ იმაზე, რომ გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს ტენდენცია უფრო მკაფიოდ იკვეთება", - განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე