თამთა ჩაჩანიძე
(24.11.2023)

ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა - ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სამიტზე.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მისი თქმით, საქართველოს აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და მიმზიდველი ბიზნესგარემო.

მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სამიტის მონაწილეებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ მოხარულია მოძმე აზერბაიჯანში ვიზიტით და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტში მონაწილეობის გამო.

„აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვანი, მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით ე.წ „შუა დერეფანი" ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.

„დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტზე - ახალი პორტის მშენებლობაზე ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე, რომელზეც გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც", - თქვა პრემიერმა.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი.

„ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალურ აზიასთან რთიერთობების გაღრმავებითა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1, 23 მილიარდი დოლარი. ასევე ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1,4 მილიარდი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.

„ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც - 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი - 1%-ზე ნაკლები. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8,000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი.

„გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა. ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. დღემდე ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს მან კიდევ ერთხელ გადავუხადა მადლობა პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მანამდე კი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის" სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა - საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის - განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე