ელზა პაპოშვილი
(20.09.2023)

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ნაწილმა შეკრება მთავარ საფინანსო ინსტიტუტთან ოთხშაბათს  5  საათზე ნიკა მელიამ და „ლელომ“ დაანონსეს. განსხვავებულ დროსა და ადგილას გადაწყდა გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილის აქცია. მათ ხალხს თავი რუსთაველზე 7-ზე მოუყარეს. პროტესტის საფუძველი სებ-ის 19 სექტმებრის  გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების შეჩერებას ითვალისწინებს, თუ არ არსებობს ქართული სასამართლოს განაჩენი. კერძოდ კი საუბარი ექსპროკურორ ოთარ ფარცხალაძეზეა, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ახალი წესი ერთ პერსონას მოარგეს, ხელისუფლების არგუმენტი კი ქვეყნის კონსტიტუციაა და ამბობენ, რომ ნათია თურნავა კონსტიტუციის შესაბამისად მოიქცა. თუმცა თურნავას გადაწყვეტილებას დაპირისპირება ეროვნული ბანკის შიგნითაც მოჰყვა. 

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ განაცხადეს, რომ თანამდებობებს ტოვებდნენ. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, „რა? სად? როდის?“ ცნობილმა მოაზროვნე გიორგი ბაქრაძემაც. საქართველოს ეროვნული ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. 

გაგუა ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ნათია თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. საქმე ეხება რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხაალძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენას. მისი თქმით, გადაწყვეტილება თურნავას საბჭოსთან უნდა შეეთანხმებინა, თუმცა ასე არ მოიქცა.   

სებ-ის რღვევა ამით არ დასრულებულა, მალევე  ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია ბი-ემ.ჯის თავად გიორგი ბაქრაძემ დაუდასტურა.

მანამდე კი თანამდებობა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა დატოვა. „ვერ ვიქნები ისეთი გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმები“, -  განაცხადა მან. ისიც ამბობს, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენის გადაწყვეტილება თურნავამ საბჭოს წევრებთან შეუთხნმებლად მიიღო.

„მე თბილისში არ ვარ, ჩემთან არ ყოფილა ეგ გავლილი, მაგრამ ამის ვალდებულება არ ჰქონდა“, - ამბობს მესტვირიშვილი. 

მიმდინარე ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვა. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.

„ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ ორი თვის მანძილზე კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით დაწყებულია წარმოება. სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება პრეზიდენტს.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.    

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ რაღაცის გათამაშება სცადა და ოპოზიციამ უნდა გაარკვიოს, რისი. იუსტიციის სამინისტროსთვის ახალი არ ყოფილა, რომ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, დღევანდლდამდე კი ამაზე რეაგირება არ ჰქონია. თუმცა ეროვნული ბანკის ირგვლივ დაწყებულმა აჟიოტაჟმა რთული ვითარება გამოიწვია, ამტომაც ახლა ხელისუფლებამ დაიხმარა იუსტიციის სამინისტრო, რომ აქედან გამოძვრეს. 

„ან საქართველო უნდა შეერთებოდა ამ სანქციებს, ან გამიჯვნოდა. დღესდღეობით გამიჯვნა ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. ვნახეთ ბანკებს რა რეაგირებაც ჰქონდათ. არც შეერთება უნდათ. ამიტომ გამოსავლის ძებნა დაიწყო. გვახსოვს, როცა ფარცხალაძე ეროვნულმა ბანკმა დაასანქცირა პირველად, გამოვიდა კობახიძე და განაცხადა, რომ ეს კანონთან შეუსაბამო იყო. ჯერ ერთი კობახიძეს ვინ აკითხებდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან და მერე მეორეც, კონსტიტუციის დარღვევა არ არის, როცა იუსტიციის სამინისრო ამ ხნის განმავლობაში ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ ართმევს? მე ვფიქრობ ეროვნული ბანკის პირველ გადაწყვეტილებას კულუარებში დიდი შიდაპარტიული დაპირისპირება მოჰყვა.  

„ანუ თავად ხელისუფლებებს შტოებს შორის დაიწყო კინკლაობა და გამოვიდა დღეს თურნავა, რომელსაც საბჭოს წევრებთანაც კი არ ჰქონდა შეთანხმებული და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა ისევ აღუდგინა. დავინახეთ, როგორ დაიწყო ქვეყნის სისტემურმა სექტორებმა რღვევა. ვნახეთ თურნავას გადაწყვეტილებას როგორ გაემიჯნა მისი მოადგილეც კი და საბჭოს ორი წევრი. ასევე მისი მრჩეველი. ანუ ეს იმხელა საფრთხის შემცვლელი გადაწყვეტილება იყო ქვეყნისთვის, რომ მასში მონაწილოების მიღება და მასთან ასოცირება არავის მოუნდა. ამიტომ დაიწყო გამოსავლის, გეგმა „ბ“-ის ამოქმედება, სადაც უკვე ისუტიციის სამინისტრო ჩაერთო. მიიღო თუ არა ეროვნულმა ბანკმა არაკონსტიტუციური გდაწყვეტილება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადეწყვიტა და არა თურნავასა და კობახიძეს. მათ არავინ კითხებს ასეთ საქმეებს“,-ამბობს ძაბირაძე.  

მისივე თქმით, ამ გამოსავლის ძიებაში ხელისუფლება იძულებული გახდა ფარცხალაძისთვის ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომ სანამ მოქალაქეობას ჩამოართმევენ, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დროის შუალედი მისცეს. არ არის გამორიცხული ამ დროით მან ისარგებლოს და  ეს ფინანსები სხვა ანგარიშებზე გადაიტანოს. 

„ფაქტია, რომ ხელისუფლებამ თურნავას დახმარებით ოთარ ფარცხალაძეს რაღაცის შანსი მისცა. მან მოქალაქეობის ჩამორთმევამდე დრო მოიგო და დარწმუნებული ვარ,  თანხების გადამალვით არის დაკავებული. მთელი ამ აჟიოტაჟის მიზეზი ეს მგონია. ფარცახალაძეს „ოცნებამ“ თავისუფალი მოქმედების დერეფანი გაუკეთა. ოპოზიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება და გაარკვიოს, ეს ფარცხალაძის აქტივების გადატანის გამო ხომ არ მოხდა. ხელისუფლებამ გამოსავალი მოძებნა, მაგამ როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ ეროვნული ბანკისთვის დიდი რეპუტაციული დარტყმაა. ვინ უნდა დააჯერონ, რომ ფარცახალძის თემა მართლა საქრათველოს მოქალაქესთან და კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული?! არ მგონია, ნორმალური იყოს ადამიანი და ეს სისულელე დაიჯეროს“, - ამბობს ძაბირაძე.    

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე