კავკასიის რეგიონში რუსეთის აბსოლუტური ჰეგემონობა ნულამდე დავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ის რეგიონში დამარცხდა - ასე ეხმიანება „რეზონასთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ყარაბაღში განახლებული სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლისტის 20 სექტემბრის შედეგებს, სადაც აზერბაიჯანმა ფაქტობრივად ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა. მისი თქმით, ახლა რეგიონში ახალი რეალობა ყალიბდება.
„რეზონანსი": ექნება თუ არა განგრძობითი ხასიათი აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობა აღდგენის პრეცენდენტს პოსტსაბჭოთა სივრცეში?
ვახტანგ მაისაია: სეპარატისტულ რეჟიმთან ბრძოლის აზერბაიჯანულ მოდელს მგონია, რომ განგრძობითი პროცესები მოჰყვება. თუმცა დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვთ, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე არიან. აზერბაიჯანს თურქეთი უდგას მყარად ზურგში, რომელიც ნატოს წევრია. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, უკრაინა ანექსირებულია, თუმცა იქ დღეს ომია, რომელსაც დასავლეთის დახმარებით ახორციელებს.
საქართველოს სიტუაცია ნაწილობრივ უკრაინისას წააგავს, რადგან ჩვენი ტერიტორიებიც ანექსირებულია, მაგრამ დიდწილად მოლდოვური სიტუაცია გვაქვს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის უნარი, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება სამხედრო ძალით მოვახერხოთ. აზერბაიჯანმა ტერიტორიები სამხედრო ალიანსური მეთოდით დაიბრუნა, მას ზურგში არა მხოლოდ თურქეთი, არამედ პაკისტანი და ისრაელი ედგა. ჩვენ სამწუხაროდ მსგავსი საყრდენი არ გვაქვს. უკრაინას დასავლეთი კი ეხმარება, მაგრამ რუსულ შეტევებს მაინც მარტო უმკლავდება და დასავლეთი უშუალო მონაწილეობას არ იღებს.
აზერბაიჯანმა აჩვენა თუ როგორ შეიძლება ბალანსირებული პოლიტიკით რუსეთისგან დისტანცირდე. მან რუსეთი საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად გამოიყენა, რადგან „ევლახის შეთანხმებაში", რომელიც მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეჟიმთან ჰქონდათ, რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტინგეტმა მიიღო მონაწილეობა.
„რ": რა ბედი ელის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ოდკბ)?
ვ.მ: ოდკბ ისედაც მკვდრადშობილი ორგანოა და ახლა უკვე მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მიზანს მიაღწია, ფორმალურადაც დაიწყება მისი დაშლა მარტივ მამრავლებად.
„რ": შემცირდა თუ არა რუსეთის გავლენები კავკასიის რეგიონში?
ვ.მ: რა თქმა უნდა საგრძნობლად შემცირდა, მან ამ ომში ფსონი აზერბაიჯანზე დადო, თუმცა ფსონი თურქეთმაც დადო და გავლენებისთვის იბრძვის. ანკარას და მოსკოვს დღეს პარტნიორული ურთიერთობები აქვთ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ გავლენების გადანაწილების ჭიდილში მათ შორის დაპირისპირებაც ვიხილოთ.
რუსეთს თავისი გავლენების შეკვეცა და სხვა რეგიონულ ჰეგემონებთან გავლენების გადანაწილება მოუწია. კავკასიის რეგიონში რუსეთის აბსოლუტური ჰეგემონობა ნულამდე დავიდა და, შეიძლება ითქვას, რომ ის რეგიონში დამარცხდა.
„რ": ახლა 3+3 ფორმატს რა ბედი ელის?
ვ.მ: ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ეს ფორმატი მნიშვნელობას ახლა უფრო შეიძენს, რადგან ამაში სწორედ შიდა მთავარი მოთამაშეები იგულისხმებიან, რომელშიც გარე მოთამაშეებს არ დაუშვებენ, მათ შორის აშშ-ს და ჩინეთს.
„რ": რეგიონში ახალი რეალობა ყალიბდება და სადაა საქართველო?
ვ.მ: შიდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ჯერჯერობით აუტსაიდერის მდგომარეობაში ვართ. ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმაში, რომ 2024 წლამდე აქ სიტუაცია შეიცვალოს, ან დალაგდეს. პოლიტიკურ ჩიხში ვართ, მართალია საგარეო პოლიტიკური მდგენელი გვაქვს, მაგრამ ეს საკითხიც კითხვის ქვეშაა. რუსეთი არა მხოლოდ გლობალურ, არამედ ტრანსრეგიონულ და რეგიონულ დონეზე მარცხდება, ჩვენ კი პირიქით მათკენ მივექანებით და ამ ცუდ პერიოდში ფაქტიურად ყულფში ვყოფთ თავს. ახლა თითქოს ასე ჩანს, რომ ამ მდგომარეობაში სომხეთია, მაგრამ მას ფორმალური მოკავშირე ისევ რუსეთი ჰყავს და ირანი.
თურქეთის გეოპოლიტიკური ფსონები გაიზრდება და კიდევ უფრო გამყარდება. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის თანხმობით ზანგეზურის კორიდორზე წვდომა ექნება. აზერბაიჯანიც კავკასიის რეგიონის ლიდერი გახდა, ეკონომუკური სამხედრო, პოლიტიკური და ახლა უკვე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მას გამარჯვებული ქვეყნის იმიჯი ექნება, ამასთან ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში აზერბაიჯანული მოდელი უკვე ადაპტირებულია. გამარჯვების ფონზე მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ბაქომ ყარაბაღში ეთნიკური წმენდა არ ჩაატაროს და თუ ეს შეასრულა, მის იმიჯს უფრო განამტკიცებს.
რაც შეეხება სომხეთს, მან ბალანსირების პოლიტიკა აირჩია, სავარაუდოდ მისი და ირანის ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზრდება, ურთიერთობას გააძლიერებს საფრანგეთთანაც. ის, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარა, ეს დასავლეთში დადებითად აღიქმება და გავლენებს არ დაკარგავს, პირიქით, შესაძლოა საკმაოდ საინტერესო და სატრანზიტო ჰაბი გახდეს და გეოეკონომიკური განვითარების პერსპექტივები გაეხსნას.
„რ": მოვლენების რა განვითარებას ელოდებით სომხეთში?
ვ.მ: მგონია, რომ გარკვეული პრორუსული ძალები კრემლის დახმარებით, სახელმწიფო გადატრიალებას შეეცდებიან. არაა გამორიცხული, რომ მოსკოვმა რევანშის აღება სომხეთიდან სცადოს იმის საპირწონედ, რომ რეგიონში გავლენები შეუმცირდა. სამოქალაქო დაპირისპირებას ველოდები, მაგრამ, ჩემი აზრით, ფაშინიანის ხელისუფლება პოზიციებს შეინარჩუნებს. სომხეთმა ომს მშვიდობა არჩია და გეოსტრატეგიული პოზიციები დათმო, რომ გეოეკონომიკური პოზიციები განემტკიცებინა.
„რ": როგორ გგონიათ, როგორ გაგრძელდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა?
ვ.მ.: არაა გამორიცხული, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მიაღწიონ და მათ შორის სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. სანამ ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება იქნება, ეს ურთიერთობა დარჩება და მერეც არ მგონია შეიცალოს. მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ ფაშინიანი დარჩება - იმიტომ კი არა, რომ ძლიერი ძალაა, არამედ იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა ქვეყანაში არაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე