თამთა ჩაჩანიძე
(19.09.2023)

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი კონფლიქტი განახლდა - ბაქოს მტკიცებით ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი ყარაბაღის მთავრობის დაშლა და სომხური ჯარების გაყვანაა. სომხურ მხარემ კი, რამდენიმესაათიანი დუმილის შემდეგ, შექმნილი ვითარება აგრესიად და გენოციდად შეაფასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ვითარება საკმაოდ გამწვავებულია, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს მეორეხარისხოვანი როლი აქვთ და რამდენიმე მოთამაშის ინტერესი იკვეთება, ერთი ნაწილის მიზანია, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსული გავლენები შეასუსტოს და გააძევოს. თავად რუსეთი კი, რომელიც კულისებსმიღმა მოთამაშეა, ცდილობს სიტუაციის მთავარი მოდერატორი იყოს, თუმცა, არ გამოსდის და ამის საპირწონედ ბიძგი მისცა იმას, რომ ერევანში პრორუსული ძალების გამოსვლები დაიწყო, დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ყარაბაღში სომხური დანაყოფები გაიგზავნოს, თუმცა, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ომში ჩართვას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ანტისომხურ ძალებს სურდეთ.

ექსპერტების შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში დაძაბული ვითარება საქართველოზე ნეგატიურად აისახება, რადგან არაა გამორიცხული, რომ თუ კონფლიქტი გაგრძელდა, შიდა სიტუაცია აქაც დაიძაბოს.

როგორც აღინიშნა, რუსი ე.წ. სამშვიდობოები კონფლიქტში არ ერევიან, სოციალურ ქსელებში საუბრობენ იმაზეც, რომ ისინი განგებ იმალებიან მოსკოვსა და ერევანს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობის გამო. რუსული სააგენტო „ტასს" წერს, რომ „მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების გამო, აქციის მონაწილეებმა სომხეთის მთავრობის შენობის გვერდითა გამზირი გადაკეტეს".

„ხალხო შევიკრიბოთ, აქ ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ, ფაშინიანის მთავრობა კი არაფერს აკეთებს",- აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც „ტასს"-ი ციტირებს.

რას აცხადებენ მხარეები

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვამ განაცხადა, რომ „19 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა და კონტაქტის ხაზის გასწვრივ სარაკეტო დარტყმები მიიტანეს".

სამშაბათსვე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტომ განაცხადა, რომ ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება, ანტიტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, სანამ არ განეიტრალდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული სომხური ძალები.

„დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით, ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, ხორციელდება სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების საცეცხლე წერტილების, აგრეთვე საბრძოლო აქტივებისა და სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით.

„ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს. ხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა", - აცხადებენ უწყებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაც იმავეს ამბობს, რომ რეგიონში მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული ძალების გაყვანაა.

„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა არის სომხური შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან, ე.წ. რეჟიმის დაშლა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ ხანქენდი-ხოჯალის გზის მიმდებარედ სომხეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი" გაანადგურა. მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა განლაგებული არ არის.

„აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში გრძელდება ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში განლაგებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს", - აცხადებენ უწყებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად აფასებს და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ამის შესაჩრებელად მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები გადადგან.

„19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ხელმძღვანელობს რა დაუსჯელობის გრძნობით, აზერბაიჯანმა ღიად აიღო პასუხისმგებლობა აგრესიაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ახორციელებს „ანტიტერორისტულ ზომებს" მთიან ყარაბაღში.

„მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, რომლებსაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, მათ შორის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, რომლებიც განლაგებული არიან მთიან ყარაბაღში, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად, გადადგან მკაფიო და არაორაზროვანი ნაბიჯები აზერბაიჯანის აგრესიის შესაჩერებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლებიდან მალევე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა და ბაქოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ვითარებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება.

"აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის", - აცხადებს მიშელი.

მოსალოდნელია თუ არა ვითარების კიდევ უფრო ესკალაცია

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაცია საკმაოდ გამწვავებულია, სადაც რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ინტერესები იკვეთება.

„სიტუაცია მწვავეა, სტეპანაკერტი იბომბება, მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულებიც არიან, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კორიდორებს ქმნის იმისათვის, რომ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გავიდეს. ეს პრინციპში პირდაპირ იმის თქმაა, რომ იქაურობა სომეხი მოსახლეობისგან დაიცალოს. ეს საკვირველი არცაა.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება რომ არ გაჩერდებოდა და ყარაბაღის იმ ნაწილით არ დაკმაყოფილდებოდა, რომელიც დაიკავა, რაც საერთო სივრცის ერთი მესამედია, ეს ფაქტი იყო. ამას პლიუს მსხვილი მოთამაშეების პოზიცია, რომლებსაც სამხრეთ კავკასიაში ასეთი აფეთქება ძალიან უნდოდათ და აღწევენ კიდეც.

„სხვადასხვა მსხვილი მოთამაშეა და ყველას თავისი ინტერესები აქვს, გააჩნია ამ სიტუაციაში ვინ როგორ გაისარჯება და ვინ როგორ იყოჩაღებს. მოსკოვში სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმით, რომ სამშვიდობოები არ რეაგირებენ, ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ კრემლისთვის ფაშინიანის ხელისუფლება იმდენად მიუღებელია, რომ თითის განძრევა არ უნდა.

„საბოლოო ჯამში, მსხვილი მოთამაშეების ერთი ნაწილის ინტერესები იმაზეა მიმართული, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიდან გააძეონ, ამას კი მოსკოვში ეტყობა კარგად ვერ აცნობიერებენ.

„მოცემულობა ასეთია, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ ის გარემოება შექმნა, რომელიც დღესაა. რუსეთის ხელისუფლება ორჭოფულ მდგომარეობაშია, თუმცა, აფეთქება თვითონაც აწყობთ, ოღონდ სხვა ტიპის, სადაც მთავარი მოდერატორი თვითონ იქნებოდა, ახლა ჯერჯერობით ეს არ გამოსდის და ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

„თურქეთი მთავარი მხარდამჭერია და აზერბაიჯანული სამხედრო ოპერაციის მთავარი იდეოლოგიური ბაზაა. ერდოღანი ერთის მხრივ განუწყვეტლივ სამშვიდობო განცხადებებს აკეთებს, თუმცა, მეორეა კულუარული მოქმედება. უნდა ითქვას, რომ ფრანგებს, ამერიკელებსაც და ბრიტანელებსაც თავისი ინტერესი აქვთ, მათი მთავარი ამოცანა რეგიონიდან რუსეთის გაძევებაა.

„დასავლეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელოვა აქვს იმას, რომ სამხრეთ კავკასია დაძაბულობის კერა იყოს, იმისათვის, რომ პროცესები თვითინ მართონ, რუსეთისთვისაც და თურქეთისთვისაც იგივე ამოცანაა, ოღონდ სხვადასხვა მიდგომები აქვთ",- განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, ამ მოცემულობაში რამდენად იზრდება საფრთხე საქართველოსთვის, არეშიძემ განაცხადა, რომ ეს შიდა სიტუაციაზე პირდაპირ მოქმედებს.

„აქ სამხრეთ კავკასიაზეა საუბარი და არა მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე, ამ სამხრეთ კავკასიაში საქართველო შედის, სუს-ის განცხადების ის ნაწილი, რომელიც გაჟღერდა, ჩემი აზრით, ამ საერთო გეგმის ნაწილია, ძალიან ზედაპირზე დევს და კარგად ჩანს მხარეებს რა ინტერესები აქვს.

„ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და სომხეთი დაბალი რანგის მოთამაშეები არიან. მთავარი მოთამაშეები კულუარებში დგანან, ვინც პროცესებს მართავს, ყველას სხვადასხვა ამოცანა აქვს, ინტერესები არ ემთხვევა, მაგრამ საბოლოო ჯამში მათთვის დაძაბული, ან არეული სიტუაციაა მთავარი, რომ პროცესები მართონ.

„საქართველოში ამაში ირიბად თუ პირდაპირაა ჩართული, რადგან თუ საომარი მქომედებები გაგრძელდა, ამ შემთხვევაში საქართველოშიც ანალოგიური პროცესები დაიწყება, სხვა შინაარსის, ვითომ სახალხო გამოსვლებით, მაგრამ პროცესები დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ვითარება შეიცვალოს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს ეხმიანება ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძეც, იგი წერს, რომ ერევანში მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო და ითხოვენ, რომ ყარაბაღში სომხური დანაყოფები გაიგზავნოს, თუმცა, ფაშინიანი ომში ჩართვას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა ანტისომხურ ძალებს სურდეთ.

„ერევანში მრავალათასიანი დემონსტრაცია დაიწყო. შეკრებილები ყარაბაღში სომხური დანაყოფების გაგზავნას ითხოვენ. პრემიერმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს ომში ჩართვას და ეს მხოლოდ ანტისომხურ ძალებს შეიძლება სურდეთ.

„ამასობაში აზერბაიჯანის არმია სტეფანაკერტის ირგვლივ სამხედრო პოზიციების დაბომბვას ახორციელებს. ზოგიერთი მიმართულებით სომხური სასანგრე თუ გამაგრებული პოზიციები უკვე აიღეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა.

„ირანმა აზერბაიჯანის მოსაზღვრე პროვინციებში სამხედროების მზადყოფნა გამოაცხადა. რადგან შეტაკებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ნაკლებად სავარაუდოა მათი მხრიდან ქმედება.

„ყველაზე რთულ მდგომარეობაში ცხადია ფაშინიანის მთავრობა იმყოფება. რუსი სამხედროები ამ დრომდე საკუთარ პოზიციებზე რჩებიან",-წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე