ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას სურს ევროკავშირის გაფართოება და ევროკავშირის წვრები ღიად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის 89%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რაც ისტორიული მაჩნენებელია. პოლიტოლოგები ევროკავშირის ინტერესს საქართველოს მიმართ ადასტურებენ, თუმცა, ამბობენ, რომ მთავარი, პოლიტიკური სუბიექტების ქცევა-გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის მისაღები უნდა იყოს.
პაველ ჰერჩინსკიმ, ჟურნალისტებთან ევროკავშირის გაფართოების ძლიერი სურვილი გამოთქვა და საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, რომ ყველაფერი მათ ხელშია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროკავშირში გაწევრიანების ნება დიდია.
„ევროკავშირი არის 27 სუვერეული ქვეყნის ოჯახი. გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა, ამ ოჯახს შემოუერთდნენ. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი. რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოხდეს საქართველოს მხრიდან, ქართული პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ქართული მოსახლეობის მხრიდან, ჩვენ პატივს ვცემთ მას.
„ვიცი, რომ ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებას ახლა მხარს უჭერს ქართველების 89%. ეს ნამდვილად ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მე ასევე მესმის და ვიცი, რომ ევროკავშირში გაწვრიანება საქართველოს კონსტიტუშიაცაა აღბეჭდილი.
„ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მთავრობას ყველა საჭირო მხარდაჭერა აქვს ამისთვის, რომ განახორციელოს ეს მიზანი, მაგრამ, ეს სამუშაო ქართველების შესასრულებელია. იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით.
„ეს იქნება ხანგრძლივი, რთული პროცესი, ეს არის პროცესი, რომლის გავლაც ყველა ქვეყანას მოუწია, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, მაგრამ, ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტების ხელშია და იმედი მაქვს, საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება რეფორმების კუთხით იმისთვის, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ გააგრძელოს შედეგი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღოს, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რომ იქნება დაფუძნებული იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე" - აღნიშნა ელჩმა.
თსუს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია, ევროკავშირის სურვილს გაფართოებასთან დაკავშირებით, დიდი ხანია გაცხადებულად ხედავს, რადგან ბოლოდროინდელი ევროპელი დიპლომატების საქართველოში ვიზიტებიც ამას ადასტურებს. თუმცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების პასუხისმგებლობას, პოლიტიკურ კლასს, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას აკისრებს. ასევე, უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, მათ შორის ყველაზე მთავარი, დეოლიგარქიზაცია.
„რა თქმა უნდა, როგორც ბევრჯერ აღგვინიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსი საქართველოსთვის არსებობს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი ბევრი რამ დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ კლასზე. განსაკუთრებით ხელისუფლებაზე და რა თქმა უნდა ოპოზიციაზეც და მათ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული. იმიტომ, რომ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ევროკავშირთან ინტეგრაცია.
„აქ ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არის პოლიტიკური ფაქტორები და ეს შექმნეს პოლიტიკურმა კლასმა. და ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ მომავალი არჩევნების წინ მოსახლეობისთვის მთავარია როგორ მოიქცევიან პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, მმართველი პარტია თუ ოპოზიცია. ამიტომ ის ფაქტორები, რომელიც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, კიდევ სხვა თემებთან, თუ მთლიანად აღმოფხვრა არა, მაშინ მათი შემცირება უნდა მოხდეს წლის ბოლომდე.
„ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც დღესდღეობით დგას, ეს არის დეოლიგარქიზაციის, რომელიც სამწუხაროდ არ მგონია რომ უახლოეს ხანში გადაწყდეს. დანარჩენი თემები რაც არის იმ 12 პუნქტიდან, ყველაფერი მეტ-ნაკლებად შესრულებადია, მთავარია იყოს პოლიტიკური ნება.
„და ევროკავშირიც ამაზე მიუთითებს იმიტომ, რომ სხვანაირად ყველანაირად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც და ბოლოდროინდელი მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს ამას რომ მზად არიან საქართველოს დაუჭირონ მხარი, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. უბრალოდ მთავარია ჩვენი მხრიდან არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების საბოტაჟი" - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.
"ფონდ ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" აცხადებს:
„ევროკავშირის სურვილი გაფართოებასთან დაკავშირებით, ამ საკითხს და ამ კითხვას პასუხი გაეცა შარშან, ივნისში, სადაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნისთვის უკრაინა მოლდოვა და საქართველო მიეცათ ევროპული პერსპექტივა. ეს სურვილი არის გაცხადებული, დაწერილი და წესით აღარ უნდა შეიცვალოს, საქართველოსთან მიმართებითაც" - განაცხადა "რეზონანსთან" ვანო ჩხიკვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე