თამთა ჩაჩანიძე
(01.05.2023)

საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს მოუხშირეს, ფრონტზე მთავარი დაწოლა კი კვლავ ბახმუტზეა, თუმცა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რუსები ქალაქს მაინც ვერ იღებენ, მეტიც, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, გასული ღამეს ერთ-ერთი სერიოზული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, მსგავსი დარტყმებით კი რუსეთი ცდილობს უკრაინის არმიას ხელი შეუშალოს, რომ საბოლოოდ ფართომასშტაბიანი კონტრიერიშებისთვის მოემზადოს, თუმცა, ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ რუსეთმა ამით მიზანს მიაღწიოს.

ამასთან, ბახმუტში სიტუაცია კვლავ რთულია, ექსპერტების შეფასებით, ჩანს, რომ რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რომ 9 მაისისთვის ქალაქი ახლა მაინც აიღონ, თუმცა, საპირისპირო შედეგებს იღებს.

1-ელ მაისს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს და მოქალაქეებს განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით კი, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, დონეცკის, კიევის, სუმის, პოლტავას, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით.

ამასთან, ცხელ წერტილი კვლავ დონეცკის რაიონია, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური გენერალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა.

„მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის" ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქის აღებას", - აღნიშნა უკრაინელმა გენერალმა.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების თავდაცვის ხაზის გარღვევა.

„ამასთან, უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს და რუსებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. „უკრაინელებმა 10 ოკუპანტი ტყვედ აიყვანეს", - აღნიშნა ალექსანდრე სირსკიმ.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საოკუპაციო ჯარები ახლა ცდილობენ, რომ ბახმუტი 9 მაისის აღლუმისთვის მაინც აიღონ, თუმცა, ეჭვობს, რომ მიზანს მიაღწევენ.

„800კმ-იან ფრონტის ხაზზე ბახმუტი ჯერ კიდევ ცხელი წერტილია. „ვაგნერი" ქალაქს გასული წლის 1-ელი აგვისტოდან უტევს, მაგრამ, 9 თვეა ეს პატარა უკრაინული ქალაქი მთლიანად ვერ აიღო, თუმცა, დიდი ნაწილი დაიპყრო. პუტინი პრიგოჟინისგან ჯერ კიდევ გასული წლის 7 ნოემბერს, 1-ელ იანვარს, 24 თებერვალს ელოდა, რომ ბახმუტს ხონჩით მიართმევდა, მაგრამ არ გაუმართლა.

„ახლა 9 მაისი ბოლო თარიღია, როცა სურთ, რომ ბამუტის საბოლოო დაპყრობა დაამთხვიონ, თუმცა, ეტყობა, რომ ვერც ამ დროისთვის ვერ შეძლებენ განადგურებული ქალაქის მთლიანად დაპყრობას. ამას ემატება პრიგოჟინის ღია ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჭურვების მიწოდებას უბლოკავს, ამის გამო ბახმუტში ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს. წინასწარი საარტილერიო მომზადების გარეშე მებრძოლების გაგზავნა უწევს და ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს, რომ 100 მეტრი წინ წაწევისთვის 99 მებრძოლი დამეღუპაო.

„პრიგოჟინი იმუქრება იმითი, რომ „ვაგნერის" დაჯგუფებას საერთოდაც მოხსნის და ფრონტის ხაზიდან გამოიყვანს. ფაქტია, რომ რუსეთში შოიგუ-გერასიმოვს პრიგოჟინთან დაპირისპირება აქვს. შემდეგ პუტინმა თითქოს შეარიგა, მაგრამ ახლა კვლავ გამწვავდა, რაც უკრაინისთვის კარგია", - განაცხადა ალადაშვილმა.

ალადაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი იცვლება თუ არა ფრონტზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ, სანამ დაანონსებული კონტრშეტევა არ დაიწყება, რასაც ჯერ წვიმიანი ამინდი უშლის ხელს.

„რამდენად იცვლება ფრონტზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ, ჯერ ამის თქმა შეუძლებელია, ყველა ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დაწყებას ელოდება სხვადასხვბა მიმართულებით. შესაძლოა ამას სწორედ ამინდი აფერხებს, ნიადაგი 30სმ მაინც უნდა გამოშრეს, რომ მძიმე საბრძოლო ტექნიკამ მანევრირება გაშლილ ადგილებში შეძლოს.

„გუშინ ღამე ერთ-ერთი სერიოზული სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, რუსეთი ცდილობს ასეთი დარტყმებით უკრაინის არმიას ხელი შეუშალოს, რომ საბოლოოდ ფართომასშტაბიანი კონტრიერიშებისთვის მოემზადოს, თუმცა არა მგონია ამან გადამწყვეტი შეფერხება გამოიწვიოს", - განაცხადა იორაკლი ალადაშვილმა „რეზონანანსთან".

რა ხდება უშუალოდ ფრონტზე, ამაზე ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, დონეცკის ოლქში რუსული იერიშის ძირითად მიმართულებად ბახმუტთან ერთად ავდიივკაა. ქალაქის მიმართულებით რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ, ქალაქს უტევენ როგორც რეგული არმია ისე სეპარატისტები და დაქირავებული მებრძოლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინული ელიტური დანაყოფები თავს ეფექტურად ართმევენ რის ფონზეც რუსული დანაკარგები სწრაფად მზარდია.

„ბოლო დღეებია უკრაინული შვეულმფრენები ძალიან გააქტიურებულები არიან აღმოსავლეთის მიმართულებით, დონეცკის ოლქში. ეს არამხოლოდ კონცენტრირებული რუსული მოიერიშე ნაწილების წინააღმდეგაა ეფექტური საშუალება, არამედ მიანიშნებს იმაზეც, რომ უკრაინელები ცდილობენ კონტრშეტევის წინ მოწინააღმდეგის პოზიციების დასუსტებას.

„თუმცა, ნებისმიერი სამხედრო აქტივობის (შვეულმფრენი იქნება ეს თუ არტილერია) კონცენტრაცია კონკრეტული მიმართულებით ასევე მიანიშნებს რუსების იძულებას მაქსიმალური აქცენტი სწორედ აქეთ მიმართონ. ეს კი უკრაინელებს სხვაგან გააქტიურების საშუალებას აძლევს.

„მოსალოდნელი იყო, რომ რუსები შეეცდებოდნენ არ დაეკარგათ ინიციატივა - სწორედ ამიტომ დაიწყეს ინტენსიური დაწოლა უკრაინულ პოზიციებზე ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ძალიან მნიშვნელოვან პლაცდარმზე ბილოჰორივკას მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ წარმოებული შეტევა ორივე შემთხვევაში ძალიან ეფექტურად იქნა მოგერიებული.

„უკრაინულმა დრონმა სევასტოპოლში ნავთობტერმინალი დაბომბა, რამაც დიდი ხანძარი და დაკვამლიანება გამოიწვია. ამან რუსულ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და ქალაქისა და შემდგომ მთლიანი ნახევარკუნძულის სწრაფი ევაკუაცია დაიწყეს. ამ ფონზე, მაღალი მოთხოვნისა და საჰაერო იერიშის გამო ბენზინიც კი დეფიციტური გახდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„სევასტოპოლზე განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არამხოლოდ სამხედრო სამიზნის განადგურებაა, არამედ პოლიტიკურად და ემოციურად აზიანებს კრემლის მდგომარეობას. მათთვის სევასტოპოლის დაცვა მოსკოვის დაცვის წონამდე იყო აყვანილი.

„დონეცკის ოლქში რუსული იერიშის ძირითად მიმართულებად ბახმუტთან ერთად ავდიივკაა. ქალაქის მიმართულებით რუსები ყველა სახის იარაღს იყენებენ. ავდიივკას მისადგომებთან შეტაკებები მიმდინარებს. ქალაქს უტევენ როგორც რეგულარები, ისე სეპარატისტები და დაქირავებულები. მიუხედავად ამისა, უკრაინული ელიტური დანაყოფები ეფექტურად ართმევენ თავს, რის ფონზეც რუსული დანაკარგები სწრაფად მზარდია.

„იმდენად დიდი რაოდენობით სამხედრო ძალები ჰყავთ რუსებს ავდიივკასაკენ გადასროლილი, რომ აშკარაა შემტევი ნაწილები ფსონს სწორედ მის აღებაზე დებენ. თუმცა ამ ფონზე უკრაინელებისათვის უფრო მეტი სამიზნეა კონცენტრირებული ერთ, პატარა სივრცეში. ავდიივკა, როგორც უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი ღერძი, რუსებისათვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული.

„ვაგნერის" ხელმძღვანელ პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირება გრძელდება. პრიგოჟინი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტრო საკმარისი შეიარაღებით არ ამარაგებს მის სამხედრო ძალებს რის გამოც დანაკარგები ძალიან დიდი აქვთ. პრაქტიკულად 100 მეტრზე წასაწევად 100 სამხედრო ეღუპებათ და ორი ამდენი ეჭრებათ. ეს კი კატასტროფული მაჩვენებელია ნებისმიერი სამხედრო ძალისათვის.

„იმდენად გამწვავებულია დაპირისპირება თავდაცვასა და პრიგოჟინს შორის და იმდენად ცდილობს პრიგოჟინი ნებისმიერი მცირე წარმატების მხოლოდ "ვაგნერის" დამსახურებად წარმოჩენას, რომ უკრაინული კონტრშეტევის ბახმუტის ან მისი შემოგარენის მიმართულებით დაწყების შემთხვევაში არც ისაა გამორიცხული მართლაც შეატოვონ პრიგოჟინი თავის სამხედროებთან ერთად უკრაინელებს.

„რეალურად კი ბახმუტს ათასობით რეგულარული რუსული ნაწილები უტევენ თავის მძიმე ტექნიკასა და სპეციალურ დანაყოფებთან ერთად. უბრალოდ 9 თვეზე მეტი დრო ე.წ. "მსოფლიოს მეორე არმია" მცირე ზომის ქალაქსაც რომ ვერ იღებს, ეს უკვე დიაგნოზია", - წერს გიორგი კობერიძე „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე