ელზა პაპოშვილი
(30.04.2023)

ოპოზიცია დილემის წინაშეა: რომელი გზა უფრო პრესპექტიულია 2024 წლის არჩევნებზე წარმატების მისაღწევად და პარლამენტში მოსახვედრად - გაერთიანება, თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა? ამ საკითხზე როგორც ანალიტიკოსებში, თავად ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. დღეის მდგომარეობით კი, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა შეძლებს. როგორი იქნება წვრილი პარტიები სტრატეგია?

წვრილ პარტიებს რომ სერიოზული პრობლემა აქვთ, ეს გასულ კვირას გამოქვეყნებულმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევამაც აჩვენა. ამ კვლების შედეგების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის რეიტინგი 1-დან 3 პროცენტამდეა. მართალია, ამ პარტიების ჯამური რეიტინგი უკვე 38% შეადგენს, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არაფერს ნიშნავს და შესაძლო კოალიციის რეიტინგის გამოთვლა მასში შემავალი ცალკეული პარტიების რეიტინგების შეკრებით არასწორი იქნება.

კოლიციის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ნაწილი კი პირიქით, ფიქრობს, რომ ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო  სავალალოს გახდის. მაგალითად უკვე ცნობილია, რომ „ლელოს“, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლეიბორისტებს“ ვინმესთან გაერთიანება არ სურთ.  

„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ. ნაწილის აზრით, თუ წვრილმა პარტიებმა გაერთიანება ვერ შეძლეს, 5%-იანი ბარიერის პირობებში ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიან. შესაბამისად, მათ ან ბარიერის დაწევა უნდა მოითხოვონ და ამაზე იმუშაონ, რაც „ნაციონალების“ გარეშე არ გამოვა, ან მესამე ძალის სახით კოალიცია შექმნან და ენმ-ისგან დისტანცირდნენ. თუმცა, შესაძლოა არც ამან იმუშაოს, რადგანაც ამ პარტიებს ერთმანეთისგან განსხვავებული ამომრჩეველი ჰყავთ და გაერთიანების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მხარდამჭერთა ნაწილს დაკარგავენ.

განსხვავებული მოსაზრებები ოპოზიციაში

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ  „ლელო“ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე ემზადება და მასში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს.

„ლელო“ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ მას აქვს უკვე საარჩევნო გამოცდილება და საარჩევნო ბიოგრაფია. გადახედეთ ამ საარჩევნო ბიოგრაფიას და დარწმუნდებით, რომ „ლელო“ ყველა არჩევნებში მონაწილეობდა დამოუკიდებლად თავისი პროგრამით, თავისი ხედვებით.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე „ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობა და კოალიცია, შეთანხმება არის გამორიცხული. „ლელო“ არჩევნებზე მიდის და „ლელო“ არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად“, - განაცხადა უსუფაშვილმა.  

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გაერთიანება დღევანდელ სიტუაციაში ვერ მოხერხდება და ამის მიზეზად კი შემდეგი არგუმენტები მოჰყავს:  

„იმისთვის, რომ რაიმე გაერთიანება შედგეს, საჭიროა საუბარი დაიწყოს იდეებზე, შეხედულებებზე, პოზიციებზე, რომელიც დააჯგუფებს, სულ მცირე, და ამომრჩევლებისთვის გასაგებს გახდის, ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტიები რა მოტივაციებით ერთიანდებიან. დღეს ის 38%, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კვლევაში დაუფიქსირდათ, რაც ორჯერ მეტია „ქართული ოცნების” 19%-ზე, ეს 38% გაიბნევა, როგორც კი, მაგალითად, ჩემი ამომრჩეველი დაინახავს, რომ მე გავერთიანდი, ვთქვათ, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან, ან ვიღაც მსგავს ადამიანთან, რომელთანაც საერთო ნაკლები გვაქვს“, - ამბობს მეგრელიშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. 

„ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება“, - აღნიშნავს ვაშაძე.

ვინ ვისთან შეიძლება დაჯგუფდეს 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია დილემის წინაშე დგას, რადგან ამ პოლიტიკური მოცემულობით, რაც ახლა ქვეყანაშია, 2024 წელს 5%-იანი ბარიერის გადალახვასა და პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ ორი პარტია შეძლებს - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“. ძაბირაძე ამ მდგომარეობიდან პატარა პარტიებისთვის გამოსავალს მხოლოდ გაერთიანებაში ხედავს. ოღონდ, მისი აზრით, ეს არ უნდა იყოს მექანიკური გაერთიანება და პარტიებმა, მათი პოლიტიკური წარსულისა და პოზიციებიდან გამომდინარე, ორი ან სამი დიდი გაერთიანება უნდა შექმნან.

„კვლევები რომც არ ჩატარდეს, ყველამ კარგად ვიცით პატარა პარტიების რეიტინგი როგორია და რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან. „აირაის“ კვლევამ ეს უბრალოდ ერთხელ კიდევ ნათლად აჩვენა. სწორია, როდესაც პარტიების ნაწილი გაერთიანებაზე ალაპარაკდა, რადგან რეალობა ასეთია, რომ თუკი ბარიერი ისევ 5% დარჩება, 2024 წელს პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ და „ნაციონალები“ შევლენ და შესაძლოა  ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებაც კი შეძლოს. 

„ამიტომ მე მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ - პატარა პარტიებისგან „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებულად შეიქმნას ახალი, მესამე პოლიტიკური ძალა. ამით შეძლებენ პატარა  პარტიები, რომ ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი დააინტერესონ, რომელსაც არც  „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ არ უნდა.

„ან „ნაციონალებიდან“ წამოსულმა პარტიებმა - საუბარი მაქვს „სტრატეგია აღმაშენებელზე“, „დროაზე“, „გირჩი - მეტი თავისუფლებაზე“ და „ევროპულ საქართველოზე“ - ერთიანი კოალიცია შექმნან. იგივე ქნან  უფრო  დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ასეთად აღიქმება - მაგალითად „ლელო“, ანა დოლიძის პარტია, „გირჩი, „მოქალაქეები“ და გიორგი გახარიას პარტია. დაიყვნენ ორ ან სამ ნაწილად. სხვაგვარად ძალიან მიჭირს რაიმე დადებითი პროგნოზის გაკეთება. 

„თუკი ეს პატარა პარტიები კოალიციას ისევ ენმ-თან შეკრავენ, მაშინ ჩათვალონ, რომ ხელისუფლებაში უკვე მე-4 ვადით „ოცნება“  მოვა. ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ დახმარება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ როგორც კი არჩევნებზე „ნაცები“ და „ქოცები“ ერთად პირისპირ დადგებიან, ხმას ხალხი ისევ მმართველ გუნდს მისცემს. ეს რეალობა არსებობს, ხოდა თუ ქვეყნის ბედი ადარდებთ და არა მარტო საკუთარი, მაშინ გამოსავალი ეს არის“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.     

გაერთიანების უარყოფითი მხარე

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ პირიქით, თუკი პატარა პარტიები გაერთიანებას გადაწყვეტენ იმ ამომრჩეველსაც დაკარგავენ, რაც ჰყავთ. საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამის მიზეზად განსხვავებული შეხედულებების მქონე ამომჩეველს ასახელებს. მისი აზრით, „გირჩის“ და, ვთქვათ, გიორგი გახარიას ამომრჩეველი სულ სხვადასხვაა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოსი“. 

„მე ვფიქრობ, რომ გაერთიანება გამოსავალი  არ არის. პირიქით, ვეჭვობ, რომ ეს უკუშედეგს მოიტანს. საქმე ისაა, რომ ყველა ეს პატარა პარტია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან შეხედულებებითა და პოზიციებით. შესაძლოა, პირობითად, გიორგი  გახარიას ამომრჩეველი საერთოდ ვერ იტანს გიორგი ვაშაძეს, რომელზეც ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი პოლიტიკოსია და მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. თუკი გახარია მასთან კოალიციას შექმნის, შესაძლოა მისი ამომრჩეველი უკან „ოცნებისკენ“ გაიქცეს, რადგან ვიცით, რომ გახარიას მმართველი გუნდის ამომრჩეველი ჰყავს. 

„ასე მოხდა ყველა სხვა პარტიის შემთხვევაში. ვნახეთ ერთხელ უკვე მსგავსი გაერთიანება და ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი ოპოზიცია, რომელსაც იმაზე ნაკლები რეიტინგია აქვს ახლა,  ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა. ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, ეს 2012 წლის მსგავსი სიტუაციცა  კი არ არის. მაშინ ხალხის ქუჩაში მასობრივ გამოყვანას ოპოზიცია კიდევ ახერხებდა. თანაც მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და მთელი ოპოზიცია საააშვილის  წინააღმდეგ დარაზმა. მაშინ ხალხიც ასე იყო - ყველა სააკაშვილის  რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლა კი ასე არაა. ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ეზიზღება, ვიდრე ხელისუფლება. როგორც კი არჩევანი ამ ორს შორის დადგება, ხმას „ოცნებას“ მისცემენ. ამიტომ მე გამოსავალს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში ვიღაც ახალი ძალა შემოვიდეს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე