ენმ-ს ახალ თავმჯდომარეზე წნეხი იზრდება, რომ ბოლოსდაბოლოს შეასრულოს დაპირებები, რითაც შიდა პარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. ლევან ხაბეიშვილი და მისი მომხრეები ნიკა მელიას სწორედ პოლიტიკურ პასიურობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა რაც ხაბეიშვილი მოვიდა მმართველობაში და მინი-წმენდა მოაწყო, რაიმე წინსვლას პოლიტიკური აქტიურობის კუთხით პარტიის ბევრი წევრი ვერ გრძნობს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ დიდია პარტიის ორად გაყოფის ალბათობა, რადგან მხარეებს უკვე მშვიდობაინად თანაცხოვრება არ შეუძლიათ. ის „რეზონანსთან" პროგნოზირებს, რომ ენმ შეიძლება უკვე ოფიციალურად გაიხლიჩოს და წავიდეს ბრძოლა პარტიის მემკვიდრეობისთვის.
„ყველაფერი მაინც მიდის იქამდე, რომ პარტიაში ან ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ან ის უნდა გაიყოს. მელია ისედაც დაპირისპირებულია ხაბეიშვილთან, საქმე იმაშია როდის გაფორმდება ეს და როგორ გაფორმდება „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფა. ვინ იქნება, ასე ვთქვათ, „ნაციონალების" მემკვიდრე. იმიტომ, რომ თუ ამის გარეშე არჩევნები დაინიშნა, და დავუშვათ მელიამ მოიგო, დიდი ალბათობით, ხაბეიშვილი და მისი გუნდი დატოვებს პარტიას, თუ პირიქით მოხდა, მაშინ მელია დატოვებს. ასე რომ, ბოლომდე აქ ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული. ამიტომ პროცესი უკვე დაიწყო, აქამდე მელია და მისი გუნდი, თავს იკავებდა მკვეთრი განცხადებებისაგან, მაგრამ, გავიდა დრო და უკვე ფაქტია, რომ ხაბეშვილი ვერ ასრულებს დანაპირებს, ამიტომ დაიწყო სერიოზული საუბარი იმაზე, რომ ჩანაცვლდეს ხაბეიშვილი, ეს არის სულ," - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე