თამთა ჩაჩანიძე
(28.04.2023)

„ლელოსა" და „ნაცმოძრაობას" შორის დაპირისპირება მწვავდება - ეს ჩანს როგორც პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებში, ისე სატელევიზიო გადაცემებში დებატებისას. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს არა მხოლოდ „ლელოსგან", სხვა ჯგუფებისგანაც იგრძნობა და არაა გამორიცხული, რომ მათ არჩევნებისთვის ახალი ტაქტიკით მოქმედება სურდეთ.

ახალი ტაქტიკა კი, რამაზ საყვარელიძის თქმით, იმაში შეიძლება მდგომარეობდეს, რომ მათ საპარლამენტო მუშაობისადმი უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ექნებათ, „რევოლუციურ მოღვაწეობაზე" კი უარს იტყვიან, რადგან ამ ამპლუაში 1-2%-იან რეიტინგს ვერ სცდებიან.

„გარდა „ლელო"- ენმ-ს მწვავე დუელისა, ბოლო დღეებში ხათუნა სამნიძის რეპლიკაც საინტერესო იყო. იმ განცხადებებს მხარს არ უჭერს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს და ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს, რაც ოპოზიციის დიდ ნაწილს თავის ლოზუნგად აქვთ აღებული. ასე რომ, ამ დაპირისპირებაში მხოლოდ „ლელო" არ ფიგურირებს და შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი იყოს (ეს პარტია იქნება თუ ცალკეული ლიდერი) და აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ოპოზიციისთვის ამ ეტაპზე ახალია.

„ოპოზიციაში თავის დროზე ანალოგიური ვარიანტი იყო, „მოქალაქეების" და „გირჩის" დროს, როცა პარლამენტში შევიდნენ, დასხდნენ და მუშაობდნენ, ახლა შესაძლოა ახალი ტიპის უფრო კონცეპტუალური ხასიათის განხეთქილება და გასვლა მივიღოთ.

„ახლა ამ დაპირისპირებას შეიძლება ის მოჰყვეს, რაც „გირჩისა" და „მოქალაქეების" შემთხვევაში მოხდა. დასხდებიან პარლამენტში და იმუშავებენ. სავარაუდოა, რომ მათ საპარლამენტო მუშაობისადმი უფრო პოზიტიური დამოკიდებულება ექნებათ, ვიდრე რევოლუციური მოღვაწეობისადმი.

„არჩევნებამდე საკმოდ დიდი დროა და მგონია, რომ „ლელოს" ეს ნაბიჯიც იმისკენაა, ხმების მოპოვება ახალ ამპლუაში შეძლოს, რადგან ნახა, რომ რევოლუციონერობის ამპლუაში ბევრი პარტიები მოქმედებენ, ოღონდ 1-2%-ის გარდა რეიტინგს ვერ დებენ და არაა გამორიცხული, რომ იმედიც და მიზანიც აქვს, რომ უკვე საპარლამენტო არენიდან ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს.

„ძველ ტაქტიკაზე რომ დარჩეს, 1-2%-ს ისედაც აიღებს და სიახლის მცდელობა გამართლებულიცაა და მისასალმებელიც", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

გადაცემა „რეაქციაში" ენმ-ს და „ლელოს" წევრებს ანი წითლიძესა და საბა ბუაძეს შორის დებატები კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბა ბუაძის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართება, „ლელო" მას არ შეუერთდება, რადგან „სააკაშვილი ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი". ამას ანა წითლიძის კომენტარი მოჰყვა, რომ „მანამდე იქნებიან ერთ პროცენტზე, სანამ ქართული პოლიტიკა მიშას კომპლექსს არ მოიხსნის".

„მგონია, რომ აქცია სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით პრაგმატული თვალსაზრისითაც არაფრის მომტანი იქნება იმიტომ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია სააკაშვილის საკითხის ირგვლივ არის ძალიან რთული. სააკაშვილი წინააღმდეგობრივი პერსონაა და ის ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში მაკონსოლიდირებელი ფაქტორი, რაოდენ მძიმე მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს", - განაცხადა ბუაძემ.

„ძალიან ზედმეტში ნუ გადადიხართ. სხვათა შორის, მიშას პარტია გიჭერდა მხარს როცა იყრიდი კენჭს მაჟორიტარად და რაც აიღე, მიშას პარტიით აიღე. შენი სამეზობლო გაძლევდა მარტო ხმას", - უპასუხა ანი წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე