ბაჩანა ტყემალაძე
(21.03.2023)

ოპოზიციური პარტიების მნიშნელოვანი ნაწილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დაყენებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ეს იდეა გასულ კვირას ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წამოაყენა. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას ასეთ პოზიციას ლოგიკურად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ ოპოზიციამ არ უნდა თქვას უარი მარგველაშვილის მოსაზრების მეორე ნაწილზე, რომელიც ოპოზიციის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ეხება.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში გასულ კვირას განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების წინაპირობა გახდება.

„ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპოზიციას საშუალებას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოვიდნენ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარტიების გამსხვილება. ეს უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ მყოფ პარტიებში, ასევე უნდა იყოს ე.წ. მესამე ცენტრი, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა ხმა მისცეს არა შავ-თეთრის რეჟიმში, არამედ ალტერნატივასაც.

„მე იდეალურ შემთხვევაში ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან აფილირებულ მესამე ცენტრს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთთან კოორდინაცია უნდა გაწყვიტონ.

„გაზაფხული სავსე იქნება დაძაბულობით, მიტინგებით, პროტესტით. ასე გაგრძელება შეუძლებელია. დელეგიმიტიზირებული ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და რაც უფრო სწრაფად შეიცვლება, მით უკეთესი. ასეთი უნდობლობის ფონზე სახელმწიფოს მართვა ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ვადამდელო არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების , შეცვლის ალტერნატივა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ოპოზიციის მნიშნელოვანი ნაწილისათვის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის დაყენება ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის.

პარტია „ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ოპოზიციისთვის დაგებულ ხაფანგს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები სწორედ მმართველ პარტიას აწყობს.

„ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს.

სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში „ოცნება" განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს", - წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუკზე".

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები მაშინ ჩატარდება, როდესაც ამაზე საზოგადოებრივი კონსესუსი იქნება.

„დღეს რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები იყოს დანიშნული, რომელიც გარანტირებულად დასრულდება „ქართული ოცნების" დამარცხებით, მერწმუნეთ, წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით.

100%-იან გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ მოვიდოდნენ დემოკრატიული ძალები, რომლებიც ორ კვირაში გაატარებდნენ ყველა საჭირო რეფორმას და დეკემბერში გვექნებოდა კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც შევიტანდით განაცხადს ნატოს წევრობაზე", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია კი მიიჩნევს, რომ ვადამდელ არჩევნებზე ახლა საუბარი არის ამ მომენტში კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების გულის მოგება გააზრების გარეშე.

„არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - პოლიტიკურ პარტიებზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა. შეიძლება მოხდეს მოვლენები, როდესაც საზოგადოება ამ ხელისუფლებას ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანს, მაგრამ ჩვენ არჩევნებისთვის მზად უნდა ვიყოთ, როცა დადგება, მინიმუმ 2024 წლის არჩევნებისთვის მაინც. ამიტომ მე ხშირად მგონია, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არის ამ მომენტში კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გულის მოგება გააზრების გარეშე", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის უარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე ლოგიკურია, თუმცა ოპოზიცია დაინტერესებული უნდა იყოს გარკვეული ორგანოს - ერთიანი საბჭოს შექმნით.

„მარგველაშვილი რაც პრეზიდენტი აღარაა და ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მას შემდეგ დაიწყო მმართველი პარტიის კრიტიკა. ასე რომ, ის არ უნდა იყოს ახლა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, რადგან პირველ რიგში მან უნდა აღიაროს ის შეცდომები, რაც დაუშვა. თუნდაც ის, რომ როცა პრეზიდენტი იყო, თავისუფლად შეეძლო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მაგრამ მაშინ მისაღები იყო მისთვის „ქართულ ოცნებაში" ყოფნა და როდესაც ურთიერთობები აერია, ახლა გახდა დემოკრატი, ეს კი ასე არ უნდა ხდებოდეს.

„ოპოზიცია დაინტერესებულია გარკვეული ორგანოს, საბჭოს შექმნით, მაგრამ ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა მათი მხრიდან სრულიად მისაღები და ლოგიკურია, რადგან, პირველ რიგში, მათ უნდა ჩაახშონ მმართველი პარტიის მიერ აგორებული ჭორები, რომ თითქოს ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას და ოპოზიცია ურიგებდა სტუდენტებს ათას-ათას ლარს აქციაზე ყოფნისთვის. ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

„ასევე უნდა ისაუბრონ მომავალთან დაკავშირებით და მოსახლეობას უნდა შესთავაზონ, თუ რას აპირებენ და რა იქნება მათთვის პრიორიტეტი. არ უნდა იყოს მხოლოდ იმ მიმართულებით მუშაობა, რომ ივანიშვილი ცუდია და უნდა წავიდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე