„ჩემი აზრით, მაგალითად, „ლელო", გახარია და მარგველაშვილი შექმნიდნენ ბრწყინვალე მესამე ძალას, რომელსაც შეუძლია არჩევნებში აიღოს ხმების მინიმუმ 25%" - ზაქარეიშვილი
ნაზი ბერიძე
(20.03.2023)

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ ერთობას ყველაზე მეტად, „სტრატეგია აღმაშენებელთან", „დროასთან", „გირჩი - მეტი თავისუფლებასა" და „ლელოსთან" მოიაზრებს, თუმცა და კატეგორიულად გამორიცხავს გიორგი გახარიასთან და ვანო მერაბიშვილთან დიალოგს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი მარგველაშვილს არჩევანს უწუნებს. მისი შეფასებით, ერთერთი ნეიტრალური და მისაღები პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მარგველაშვილს კოალიციის შექმნა შეუძლია, სწორედ გიორგი გახარიაა.

ექსპრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას, თუ როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება და როგორ უნდა შეიცვალოს დელეგიტიმიზირებული ხელისუფლება.

დღეს კი მარგველაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას და მის პარტიას „საქართველოსთვის" წარუმატებელ პროექტს უწოდებს, ისევე როგორც ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს..

„რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია - ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად. მაგალითად, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისმა ამ პოზიციამ ოპოზიციის ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

„მარგველაშვილი თვითონ აჩვენებს, რომ თავადაც არ ესმის, რა არის გაერთიანება, რადგან უცბად პერსონალიების შეფასებებით დაიწყო და არა - იდეების", - განაცხადა „გირჩის" წარმომადგენელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილის პრობლემა ის არის, რომ გაერთიანებები ჰგონიათ ადამიანების გაერთიანება და ამ საკითხს უყურებენ ისე, რომელი ადამიანი მოსწონთ, რომელი - არა. რაქვიაშვილის თქმით, სინამდვილეში, გაერთიანება შეიძლება იყოს იდეების ირგვლივ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი მარგველაშვილის მიერ ორგანიზებულ კოალიციას სწორედ გიორგი გახარიასთან ერთად ხედავს. როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, ე.წ. მესამე ცენტრის პერსპექტივა სწორედ არატენდენციური გიორგი გახარიას საშუალებით განხორციელდება, რომელიც თავის ხმებს აიღებს არჩევნებში.

„ძალიან ცუდი განცხადებაა. გახარია ქმნის მეტ-ნაკლებად საზოგადოებაში განცდას, რომ ის თანაბრად დისტანცირებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ასევე „ქართული ოცნებისგან". მესამე ცენტრის კონტექსტს ქმნის. თუ არ მოსწონთ გახარია, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს არავის.

„ეს ამომრჩეველთა არ არის უმრავლესობა ნამდვილად, მაგრამ დაახლოებით 15%-მდე შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც თანაბრად მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება" ისე „ნაციონალური მოძრაობა". მათ შეიძლება სხვას მისცენ ხმა. იმის ნაცვლად, რომ ეს ხმები არ დაიკარგოს და მიეცეს გახარიას საშუალება, რომ მიიზიდოს ასეთი ხმები... არ მგონია სწორი იყოს მარგველაშვილის გადაწყვეტილება და რაღაცნაირად ამ ხმების სახლში დატოვება.

„მე ვურჩევდი მარგველაშვილს, რომ თუ აპირებს პოლიტიკაში წასვლას, ჯობია გახარიასთან მივიდეს, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. ამით გააძლიერებდა მესამე ცენტრის ძალას, ენერგიას და უფრო მეტი ადამიანი მისცემდა ხმას ასეთ გაერთიანებას. ჩემი აზრით, მაგალითად, „ლელო", გახარია და მარგველაშვილი შექმნიდნენ ბრწყინვალე მესამე ძალას, რომელსაც შეუძლია არჩევნებში აიღოს ხმების მინიმუმ 25%.

„არ ვიცი რატომ არ მოსწონს გახარია. თუ ოდესღაც გახარია იყო ივანიშვილთან, მარგველაშვილიც იყო ოდესღაც ივანიშვილთან. თუ იმას იტყვის, რომ გახარია ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, ვერც მარგველაშვილი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ვერც მე ვერ გავხდებოდი მინისტრი თავის დროზე. არ შეიძლება ასეთი მოდულებით და სქემებით აზროვნება", - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან".

იგი მარგველაშვილს და ზოგადად, ოპოზიციას ურჩევს, შექმნას ცალკეული მსხვილი პარტიები, რომლებიც 2024 წლის არჩევნებზე გადალახავენ 5%-იანი ბარიერს და შემდეგ პარლამენტში გაერთიანდებიან.

„ახლა მოდის არჩევნები პროპორციული სისტემით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გაითვალისწინებს მარგველაშვილიც. პროპორციული სისტემა ნიშნავს, რომ აუცილებელი არაა ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ ერთმანეთთან მაჟორიტარულ კანდიდატებზე. ამიტომ არ არის აუცილებელი ერთობა. ჯობია გამსხვილდნენ პარტიები, ვისაც აქვს 5%-ის გადალახვის პოტენციალი და მეტი ძალა შეიყვანონ პარლამენტში. კი, კანონი კრძალავს კოალიციებს. ამიტომ შექმნან პარტიები, გადალახონ საარჩევნო ბარიერი, შევიდნენ პარლამენტში და იქ შექმნან ფრაქციები. გადალახონ რაღაც კომპლექსები, თუ მართლა უნდათ „ქართული ოცნების" გასტუმრება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე