ელზა პაპოშვილი
(08.03.2023)

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია. უკრაინის შეირაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები ბახმუტის მიდამოებში წარუმატებელ შეტევას განაგრძობენ. ვრცელდება ინფორმაცია 115 დაღუპული რუსი სამხედროს შესახებ. 

ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს სუმის ოლქის 2 დასახლებაზე. მძიმე არტილერიით შეტევა მოხდა დნეპროპეტროვკის რეგიონზე. იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა ხერსონის ოლქში. გაეროს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა. ის ზელენსკის შეხვდება.  

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში 5-ჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ. უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის განცხადებით, ბახმუტის ირგვლივ დაძაბულობამ მაქსიმუმს მიაღწია.  

"ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები. სამხედროები თავადაც ხედავენ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ იქ ძლიერები იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა დაანგრია მთელი ქალაქი და ყველაფერი, რაც იქ იყო. სამხედროები ეხმარებოდნენ ბავშვებს, სამოქალაქო პირებს ქალაქიდან წასვლაში – დღევანდელ დღემდე ხალხი ტოვებდა ბახმუტს. ჩვენ ვეხმარებოდით ყველას," - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი.    

ბახმუტი, შესაძლოა, მომდევნო დღეებში დაეცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გარდამტეხი წერტილი იქნება - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგი ამბობს, მათ რუსეთი სათანადოდ უნდა შეაფასონ.

გენმდივანმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. იენს სტოლტენბერგმა ასევე შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ის დარწმუნებულია რომ ორივე ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება. 

"თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ბრძოლა ბახმუტში და მის ირგვლივ. რუსეთს უფრო მეტი სამხედროები გადაყავს. რაც რუსეთს ხარისხობრივად აკლია, იმის ანაზღაურებას რაოდენობრივად ცდილობს. მათ დიდი დანაკარგი განიცადეს, მაგრამ, ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ, რომ ბახმუტი საბოლოოდ დაეცეს მომდევნო დღეებში. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა, რომ ეს სულაც არ არის ომის გარდამტეხი წერილი. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ რუსეთი შესაბამისად უნდა შევაფასოთ. 

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ნატოს მოკავშირეებმა გასული წლის განმავლობაში უკრაინას სამხედრო, ფინანსური და ეკონომიკური მხარდაჭერა გაუწიეს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მილიარდი ევროა, აქედან 65 მილიარდი ევრო სამხედრო მხარდაჭერას შეადგენს. ნატოს მოკავშირეებმა გააფორმეს კონტრაქტები თავდაცვის ინდუსტრიასთან, რათა გაზარდონ წარმოება," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.   

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ბახმუტის აღების შემთხვევაში, რუსეთი ომის მსვლელობას ვერ შეცვლის. როგორც მან აღნიშნა, ქალაქ ბახმუტს უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოპერატიული.

„ვფიქრობ, რომ ეს უფრო სიმბოლური ღირებულებაა, ვიდრე სტრატეგიული და ოპერაციული, ასე რომ, ბახმუტის დაცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსებმა შეცვალეს ამ ბრძოლის მსვლელობა. მე ვფიქრობ, რომ ის გაგრძელდება", - თქვა ლოიდ ოსტინმა.  

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

„ძალიან რთულია ვიმსჯელოთ, რა მოხდება შემდეგ უკრაინაში, მაგრამ ერთი რამ აბსოლუტურად ნათელია: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე იარაღით", - ამბობს შოლცი.

შოლცი ასევე აბობს, რომ "უკრაინელების გარეშე გამოსავალი არ იქნება". მანვე აღნიშნა, რომ პუტინმა აშკარად არასწორად შეაფასა უკრაინის სიძლიერე, ისევე როგორც უკრაინის ყველა მეგობრის ერთიანობა რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგობის გაწევაში.  

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ -მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ  რუსეთს აქვს რესურსი თუკი ომი პოზიციური ბრძოლებით გაგრძელდება. მას ასეთი დაპირისპირება აწყობს და ზუსტად ამის რესურსი  ჯერ კიდევ აქვს. თუმცა, თუკი უკრაინა მობილურ, თანამედროვე იარაღს მიიღებს, შექმნის შემტევ  დაჯგუფებას, მაშინ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდება. 

„რუსეთს არ შეუძლია, ამ ეტაპზე, ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყება.  თუმცა მას აქვს რესურსი  რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა გააგრძელოს. ამიტომ ვამბობ, რომ ომი გაჭიანურებულ ხასიათში გადავა. ფაქტიურად ეს უკვე ასეც ხდება. ომის ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა დროში და რა სახის შეიარაღებას მიიღებს უკრაინა. ასევე უკრაინელების უნარზე, დარტყმითი დაჯუფება ჩამოაყალიბონ. ხოლო რამდენად წარმატებული იქნება შემდეგ უკრაინელების მხრიდან ეს კონტრდარტყმები. 

„თუკი უკრაინელები რაიმე ხელშესახებ გამარჯვებას დაინახავენ, მოლაპარაკებაზე საუბარი მით უფრო ადრე იქნება შესაძლებელი. დიპლომატიას უკან ზურგს გარკვეული წარმატება უნდა უმაგრებდეს. ორივე მხარე ზუსტად ამ წარმატებების მოპოვებას ცდილობს. უკრაინაც და რუსეთიც არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ მას ფრონტის ხააზზე რაიმე ხელშესახები წარმატება არ ექნება. ამ ეტაპზე დიპლომატიისთვის ეს სივრცე არ ჩანს. თუკი გამოჩნდება ეს გარდამტეხი ნიშნები რომელიმე მხრიდან,  პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგმება“, - ამბობს გენერალი. 

მისივე თქმით, ომის დასრულების რამოდენიმე სცენარი არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული უკრაინელების ქმედითუნარიანობაზე იქნება. 

„შეიძლება ომი დასრულდეს იმ სცენარით, როცა უკრაინაც და რუსეთიც 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობას  დაუბრუნდებიან. ხერსონის და ზაპროჟიეს დაბრუნება უკრაინელების კონტროლ ქვეშ მოხდება. რუსების კონტროლს ქვეშ  კი ყირიმი და ლუგანსკი დარჩება. ან თუნდაც დონეცკი-ლუგანსკის გათავისუფლება მოხდეს, რომელიც ნკლებად წარმოსადგენია. ამას მაშინ პუტინი გადაყვება. 

„იგივე ომის დასასრული შესაძლოა რუსეთში ცვლილებების შემდეგ მოხდეს, რაც ასევე რთული წარმოსადგენია. უკრაინის სრულად გათავისუფლება რუსების ოკუპაციისგან ძალიან რთული და წარმოუდგენელია. თუმცა რაღაცა გარკვეულ წარმატებას უკრაინამ თუ მიაღწია, ამ შემთხვევაში არაა გამორიცხული ორივე მხარე  მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“,-ამბობს გენერალი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე