ბაჩანა ტყემალაძე
(08.03.2023)

7 მარტს საქართველოს პარლამენტმა პარტია „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების შესაღებ" პირველი მოსმენით მიიღო, რამაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარე აქციაზე სიტუაცია საგრძნობლად დაძაბა, რასაც სპეცრაზმის მხრიდან ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.

აღნიშნულ მოვლენებს აქტიურად აშუქებენ მსოფლიო მედიასაშუალებები.

„თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს.

ივნისში ევროკავშირმა პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხების მოტივით, უარი თქვა მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიენიჭებინა" - აღნიშნავს გამოცემა "როიტერსი".

„როიტერსთან" ერთად, გასული ღამის მოვლენებზე „ბიბისიც" ალაპარაკდა.

„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ბრიუსელი ამჟამად განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად" - წერს „ბიბისი".

გამოცემა „გარდიანი" აცხადებს, რომ კრიტიკოსთა თქმით, „უცხოური აგენტების" კანონმა შეძლება სრულად გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანოში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს." ბევრი ქართველი რუსეთს მტრად განიხილავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რის შედეგადაც ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული რჩება", - ვკითხულობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დასავლურ პრესასთან ერთად, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე რუსული მედიაც ალაპარაკდა.

საინტერესოა, რომ რუსები აღშფოთებას იმის გამო გამოხატავენ, რომ ამ კანონპროექტმა შესაძლოა საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსაც აგენტის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ რუსმა ექსპერტმა, სერგეი გლანდინმა ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონის ნაწილი ნამდვილად ამერიკულია, მაგრამ მისი გარკვეული პუნქტები რუსული ვარიანტიდანაა გადატანილი.

„მაშინაც კი, თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში რუსეთიდან იღებს შემოსავლის 20 პროცენტს, ან მეტს, კანონი მიღების შემთხვევაში ის უცხოელ აგენტად იქნება აღიარებული! მიუხედავად იმისა, რომ კანონის ნაწილი ამერიკულია, ნაწილი კი რუსული, მაინც შერჩევით აღსრულებასთან გვექნება საქმე", - განაცხადა რუსმა ექსპერტმა „ვედომოსტთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე