თამთა ჩაჩანიძე
(07.03.2023)

ბახმუტი ოკუპანტების მიერ ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთის მხრიდან ალყაშემორტყმულია და სრულ „ტომარაში" მოქცევამდე სულ რაღაც 5 კმ-ია დარჩენილი. თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის დაცვას კვლავ აგრძელებენ, რადგან „დონბასისთვის ბრძოლაში ბახმუტი ყველაზე დიდ შედეგს იძლევა" - ამ შინაარსის განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობები ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის სარდლობაში უთანხმოების შესახებ.

ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის სარდლობაში ბახმუტზე აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყოს, რადგან მდგომარეობა კრიტიკულია და გამოსავლის ძიებაში ყველა საკუთარ აზრს აფიქსირებს, თუმცა, საერთო ჯამში, ეს ფრონტზე არ აისახება და ყველა ერთ აზრზე რჩება - რომ ქალაქის დაცვას აგრძელებენ.

ამასთან, არსებობს კიდევ ერთი მოსაზრებაც, თუ რატომ არ დატოვა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც უკრაინულმა არმიამ ბახმუტი. რუსი სამხედრო მიმომხილველების ნაწილს მიაჩნია, რომ უკრაინელები ამ მიართულებით ცდილობენ ყურადღების გადატანას, რათა შემდეგ მოულოდნელად ფრონტის სხვა მონაკვეთზე დაიწყონ შეტევა.

ქართველ ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ბახმუტისთვის უკრაინელების ბოლომდე ბრძოლის გადაწყვეტილება რუსებისთვის სატყუარა ოპერაციაა, რადგან, მათი აზრით, ის საკვანძო წერტილია და მისი დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთის გამოფიტვას.

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები 6 მარტის სხდომაზე

ვრცელდება ინფორმაციები, რომ ბახმუტთან დაკავშირებით უკრაინის სარდლობაში უთანხმოებაა - სამშაბათს რუსულმა „ტელეგრამ" არხებმა დაწერეს, რომ 6 მარტს კიევში უმაღლესი სარდლობის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც სახმელეთო ჯარების მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი და შეიარარებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ბახმუტიდან ჯარების გაყვანას ითხოვდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წინააღმდეგი იყო.

ასევე 6 მარტს გერმანულმა „ბილდმა" დაწერა, რომ ზელენსკისა და ზალუჟნის შორის ბახმუტთან დაკავშირებით უთანხმოება მართლაც იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ ზალუჟნიმ რამდენიმე კვირის წინ რეკომენდაციის სახით თქვა, რომ ტაქტიკური მიზნებით შესაძლებელი იყო ბახმუტი დაეტოვებინათ, რადგან დიდი იყო უკრაინის დანაკარგიც.

თუმცა, მოგვიანებით თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა ერთ აზრზეა, რომ ქალაქი არ უნდა დატოვონ, რადგან დონბასისთვის ბრძოლაში ბახმუტი ყველაზე დიდ შედეგს იძლევა.

„ბახმუტმა მოგვცა და გვაძლევს ერთ-ერთ უდიდეს შედეგს ამ ომის განმავლობაში, დონბასისთვის ბრძოლის განმავლობაში. მე მადლობას ვუხდი ყოველ ჯარისკაცს, რომელიც ამ რთული მიმართულებით იბრძვის, ვინც ჩვენი სახელმწიფოს ყოველი ნაწილისთვის იბრძვის, ყოველი მიმართულებით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენკიმ აღნიშნა, სხდომაზე ბახმუტთან დაკავშირებით ზალუჟნისა და სირსკის პირდაპირ ჰკითხა, უნდა გასულიყვნენ თუ არა ქალაქიდან და ორივეს პასუხი იყო, რომ ქალაქი არ უნდა დატოვონ და უნდა გამაგრდნენ.

ამასთან, ზელენსკიმ მთავარსარდალს მისცა განკარგულება, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად შესაბამისი ძალები გამონახოს.

„თავდაცვის ძალები ბახმუტში პოზიციებს ინარჩუნებენ. არის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების და დაჭრილების გამოყვანის საშუალება", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ხიდები ააფეთქეს, ჩერევატიმ უპასუხა:

„დიახ, საომარი მოქმედებების დროს მტერი ურტყამს ჩვენს ინფრასტრუქტურას, ხიდებს და სხვა მიმართულებებს. თუმცა, ჩვენი ქვედანაყოფები გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა გზით მივაწოდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა".

რა ხდება ბახმუტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ უკრაინის სარდლობაში ბახმუტზე აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყოს, რადგან მდგომარეობა კრიტიკულია და გამოსავლის ძიებაში თავის აზრს აფიქსირებენ. თუმცა აქვე დასძენს, რომ ქალაქში უკრაინელებს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ.

„როგორც ვატყობ, ბახმუტზე უკრაინის სარდლობაში გარკვეული წინააღმდეგობებია. ეს საკითხი სერიოზული განხილვისა და დებატების თემაა. ბუნებრივია, ომია და სხვადასხვა მიდგომებია, მათ შორის სარდლობის წარმომადგენლობაშიც.

„თავად ბახმუტში საკმაოდ მძიმე ბრძოლებია. არ ვიცი, სიმართლეა თუ დამონტაჟებული კადრები, მაგრამ „ტიკ-ტოკზე" გავრცელდა ვიდეო, სადაც „ვაგნერელები" ქალაქის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მონუმენტს უკრაინულ დროშას ხსნიან და „ვაგნერის" კერძო დროშას აყენებენ და არა რუსეთისას, ესეც ძალიან საინტერესოა.

„აქვე აღსანიშნავია, რომ „ვაგნერსა" და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირებაა. პრიგოჟნი უკვე ყვირის, რომ შეიძლება უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, ფლანგებიდან შეუტიონ და მათი ე.წ. წარმატებული შეტევა ფიასკოთი დასრულდეს. „ვაგნერი" ისე მიიწევს წინ, რომ ფლანგებს ყურადღებას არ აქცევს და ფლანგური შეტევების შედეგად შესაძლებელია თავად აღმოჩნდნენ ალყაში.

„ბახმუტისთვის ბრძოლა მართლაც მნიშვნელოვანია. აქ განლაგებული უკრაინული თავდაცითი ხაზი მართლაც სერიოზული შემაფერხებლი ძალაა რუსული შეტევისა და ოკუპაციის გაგრძელებისა. მეტი რუსული ძალების შებოჭვა და გამოფიტვა ხდება და უკრაინელთა თავდადებულმა ბრძოლამ საოკუპაციო ჯარშიც განხეთქილება გამოიწვია.

„სიტუაცია კრიტიკული და წუთიერად ცვალებადი. რთულია იმის პროგნოზირება, თუ კონკრეტულ მომენტში რა ხდება. თუმცა, როგორც ვიცი, უკრაინელებს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები მოდის და ეს სერიოზული საინფორმაციო ფსიქოლოგიური ოპერაციებია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან," -განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის ცნობით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკი-ზალუჟნის დაპირისპირება რუსეთის სპეცსამსახურების მოგონილია. თავად ბახმუტში კი, მისი თქმით, ვითარება უკიდურესად რთულია.

„როგორც პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, ორშაბათს უშიშროების საბჭოზე ზალუჟნიც და სირსკიც დაეთანხმნენ, რომ ბახმუტის დაცვა გააგრძელონ. უკრაინული ოფიციალური წყაროები ავრცელებენ, რომ ზელენსკის და მთავარსარდალ ზალუჟნის შორის დაპირისპირება რუსეთის სპეცსამსახურების მიერაა მოგონილი და სინამდვილეში არ არსებობს.

„ბახმუტში ოპერატიული რუკა საკმაოდ რთულია. ქალაქი რუსი ოკუპანტების მიერ ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხრიდან ალყაშემორტყმულია. ერთადერთი დასავლეთი მხარე დარჩა და „ტომარას" რომ ყელი შეუკრან, ხუთიოდე კილომეტრია დარჩენილი. თუმცა ქალაქის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ. თუ ოკუპანტებმა ოპერატიულ ალყაში მოაქციეს, მაშინ ბახმუტის დამცველებს გაუჭირდებათ, მომარაგების გზები გადაეკეტებათ. ერთადერთი გზა იყო დარჩენილი და ისიც შეიძლება ჩაიკეტოს.

„ბახმუტში უკრაინის პოლიტიკური და სახედრო ინტერესებია. პოლიტიკური თვასაზრისით მას კიდევ ერთი ქალაქის დაკარგვა არ სურს, როცა საუბარია, რომ ზაფხულიდან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება უნდა დაიწყოს. სამხედრო თვალსაზრისით იმის დიდი საფრთხე ჩნდება, რომ პირადი შემადგენლობა ალყაში აღმოჩნდეს და მათში მსხვერპლი დიდი იყოს. მაშინ პირველ რიგში მათი გადარჩენა სჯობს და არა იმ კონკრეტული ტერიოტორიისთვის ბოლომდე თავის გაწირვა. ყველაზე კარგად უკრაინის გენშტაბში იციან, აქვთ თუ არა რესურსები იმისთვის, რომ ბახმუტის დაცვა გააგრძელონ", - განაცხადა ალადაშვილმა.

ბახმუტი, როგორც სატყუარა

როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე სხვადასხვა სცენარზე წერს - თუ რატომ არ დატოვა ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც უკრაინამ ბახმუტი და ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. რუს სამხედრო მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ უკრაინელების მიზანია რუსების ყურადღება ბახმუტზე გადაიტანონ და მოულოდნელი შეტევა სხვაგან დაიწყონ, თუნდაც სამხრეთიდან. ქალაქისთვის ბრძოლის გაგრძელებაც, მათი აზრით, ზუსტად ამას ემსახურება.

ამ მოსაზრებას სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ ეთანხმება,.

„იმის წინაპირობა არ არსებობს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა უკრაინის მხრიდან სატყუარა ოპერაციაა. ბახმუტი მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკვანძო წერტილია, რომელიც უკრაინული ე.წ. მანერჰეიმის თავდაცვითი ხაზის ქსელს მოიცავს. კი, ბატონო, ბახმუტი რუსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას მოითხოვს, მაგრამ უკრაინელებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ ყოველგვარის სატყუარის გარეშეც განახორციელონ ოპერაციები.

„ეს ორივე მხარისთვის აბსოლუტურად რეალური ბრძოლაა. ფრონტის ამ მონაკვეთზე სამხედრო სტრატეგიული ფსონი იდება, რომელიც სოლედარიდან უგლედარამდე ტერიტორიას მოიცავს. ბრძოლა მხოლოდ ბახმუტში არაა. მარიინკა-ავდიივკასა და უგლედარში გაცილებით უფრო დიდი შეტაკებები მიდის, მაგალითად შოიგუმ უბრძანა, რომ უგლედარი უპირობოდ აიღონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი მიიჩნევს, რომ ბახმუტში ორივე მხარე ერთმანეთის გამოფიტვას ცდილობს.

„ბახმუტში ორივე მხარე ცდილობს, რომ მოწინაარმდეგეს რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა გაუნადგუროს, უკრაინის არმიას დამატებით რეზერვების გაგზავნა დასჭირდა, რამაც გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების მომზადება გარკვეულწილად შეაყოვნა.

„სხვა მხრივ ბახმუტს რეამე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ შემდგომში ფრონტის ხაზი ცოტა აღმოსავლეთით ჩაიჩოჩებს და უკვე კრამატორსკს და სლავიანსკს მიადგებიან.

„რუსებბა პატარა ქალაქის აღება 7 თვეა ვერ შეძლეს, კრამატორკსი და სხვა ქალაქები ბევრად დიდია და ბევრად უფრო გაუჭირდებათ. რუსებს აინტერესებთ, რომ უკრაინის ძალები ბახმუტთან და უგლედართან კრემენნოესთან, ასევე ბელარუსისა და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის საზღვართან რაც შეიძლება მეტი მოიზიდონ, რომ ნაკლები ძალები დარჩეს საზაფხულო კონტრირიშების მოსამზადებლად.

„დასავლელი პარტნიორები რამდენიმე ათას უკრაინელ მებრძოლს ამზადებენ. მათი აღჭურვა დასავლური ჯავშანტექნიკით მოხდება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის არმიას ზაფხულის დასაწყისისთვის ერთ ან ორ მიმართულებაზე სერიოზულ კონტრიერიშს წამოიწყებს. ყველაზე მომგებიანია, რომ ზაპოროჟიეს მხრიდან მელიტოპილი-ბერდიანსკისკენ შეუტიონ და აზოვის ზღვის სანაპიროზე ის სახმლეთო გზა გადაჭრან, რომლითაც რუსი ოკუპანტები ყირიმის ნახევარკუნძულს უკავშირდებიან. ეს ყევალზე დიდი გამარჯება იქნება", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე