ბაჩანა ტყემალაძე
(07.03.2023)

ორშაბათს სოციალური ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც უიარაღო ტყვე ჯარისკაცის დახვრეტაა ასახული, რასაც სერიოზული ვნებათაღელვა და სპეკულაციები მოჰყვა. უკრაინული მედიის წინასწარი მონაცემებით, მოკლული ჯარისკაცი ტიმოფი შადურაა. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ უკრაინელ ჯარისკაცს მას შემდეგ ესროლეს, როცა მან ხმამაღლა უკრაინულად წარმოთქვა „დიდება უკრაინას!".

„წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი არის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცი, ტიმოფეი ნიკოლაევიჩ შადურა. იგი ქალაქ ბახმუტთან, 2023 წლის 3 თებერვალს გამართული ბრძოლების შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა", - იუწყება უკრაინის 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაური კონსტანტინე ოსტროჟსკი.

უკანასკნელი ცნობებით, უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ამ დროისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. მისი ვინაობის საბოლოო დადასტურება ცხედრის გადმოსვენების და შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ მოხდება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კომენტარი გააკეთა ვიდეოზე და აღნიშნა, რომ „რუსეთში ომის დანაშაულებები კულტივირებული და გათეთრებულია მათი პროპაგანდითა და მითებით ნაცისტების შესახებ".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს მოუწოდა, რომ გამოიძიოს რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, მათ შორის უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტა.

უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა საერთაშორისო პარტნიორებსა და მის თანამემამულე ომბუდსმენებს უკვე გადაუგზავნა სიკვდილით დასჯის შემზარავი ვიდეო.

რუსულ მედიაში კი სრულიად საპირისპირო ვიდეო ვრცელდება. პროპაგანდისტული რუსული არხები წერენ, რომ ვიდეოში მოკლული ჯარისკაცი რეალურად რუსი ტყვეა, მაგრამ უკრაინელებმა მას თავიანთი ფორმა ჩააცვეს და „სლავა უკრაინის" ყვირილი აიძულეს, ხოლო ვიდეო ამ ფორმატით მხოლოდ თავიანთი პროპაგანდისთვის გაავრცელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე