ნაზი ბერიძე
(07.03.2023)

ახალი სახალხო დამცველი „მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი დახდა. სამშაბათს მის კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ იოსელიანის ომბუდსმენად წასვლა დანაკლისი იქნება პარლამენტისათვის.

თავად იოსელიანმა სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ ჟურვალისტებს განუცხადა, რომ იქნება მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ.

„მე, მას შემდეგ, რაც გამოვედი ამ დარბაზიდან, აღარ ვარ პოლიტიკოსი... ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებებზე. ადამიანების უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იყო დასმული - ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი, სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალო 6 წელი იქნება იმის დამტკიცება, რომ ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ამაზე მეტს ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები ჩემს საქმიანობას", - განაცხადა იოსელიანმა.

სამშაბათს გამართული კენჭისყრისას მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების" სრულმა შემადგენლობამ. გარდა ამისა, იოსელიანმა მიიღო „ევროპელი სოციალისტებისა" და „გირჩის" ოთხ-ოთხი ხმა, თავად „მოქალაქეების" ორი ხმა, ასევე ხმები უფრაქციო დეპუტატებისგან, რომელთა შორის არიან თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. მხარდამჭერებს შორის არ არიან „ნაციონალური მოძრაობის", „ლელოსა" და „სტრატეგია აღმშენებლის" წარმომადგენლები.

რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ლევან იოსელიანის არჩევის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

„ძირითადი უარყოფითი მხარე ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, არის ის, რომ იოსელიანი გამოაკლდება საპარლამენტო ცხოვრებას. ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც პარლამენტის წევრი - ზომიერი, რთულ სიტუაციებში მშვიდად გამოსავლის მძებნელი და რაც მთავარია მპოვნელი და ა.შ. რაც შეეხება ომბუდსმენობას, მე ვერ ვხედავ იქ დიდ ისეთ პრობლემებს, რომლისთვისაც არ მენანებოდეს იოსელიანი", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

მისივე აზრით, იოსელიანის ომბუდსმენობასთან დაკავშირებით ერთადერთ უხერხულობას ის ქმნის, რომ ის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. თუმცა, საყვარელიძის აზრით, ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა.

„ფორმალური ეს წევრობა-არაწევრობა. არაფერს ამბობს იმაზე, რეალურად შინაგანად რომელ პარტიას უჭერს ადამიანი მხარს - ესაა გადამწყვეტი. ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, ეგ მომენტი კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობის იქნება, იმიტომ, რომ თვითონ ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, არ არის შემჩნეული იმის ინტერესებში, რომ მან ომბუდსმენის სახით დამცველი მიიღოს. პარტია არ მოსთხოვს თვითონ მისი ინტერესების დაცვას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არც იოსელიანი ჩანს ისეთ ადამიანად, უკანონოდ დაიცვას ვინმეს, მათ შორის თავისი პარტიის ინტერესები", - განაცხადა საყვარელიძემ.

იგი იმაზეც საუბრობს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი იოსელიანის კანდიდატურას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა".

„იმიტომ არ უჭერდნენ მხარს ლევან იოსელიანს, რატომაც დაუჭირეს მხარი თავის დროზე ლომჯარიას. მათ თუ სჭირდებათ და როგორც დასჭირდებათ სახალხო დამცველი იმისთვის, რომ მათი პოლიტიკა გაატაროს, გააკრიტიკოს მარტო ხელისუფლება და იზრუნოს მარტო იმაზე, რომ ბრალი დასდოს ხელისუფლებას და ასეთ ფიგურად თუ არ მიაჩნიათ იოსელიანი, ცალმხრივად ვინმეს გამამტყუნებელ ფიგურად, ალბათ ეს ფიგურა არ უნდა აწყობდეთ, შეიძლება ესაა მოტივი", - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე