ელზა პაპოშვილი
(06.03.2023)

ომის 376-ე დღე უკრაინაში - ღამით 10 ოლქში, მათ შორის კიევშიც, განგაშის ხმა ისმოდა. რუსულმა არმიამ ნიკოპოლი მძიმე არტილერიით დაბომბა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებაც, დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. ხარკოვის ოლქის დაბომბვისას ახლად დაქორწინებული წყვილი დაიღუპა.

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლშიც. ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა რუსების სამხედრო ბაზებს დაარტყეს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები შეტევას ხუთი მიმართულებით აწარმოებენ.   

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 95 -ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებით შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე.

„გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა მეომრებმა ამ მიმართულებებით მტრის 95-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს,“- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 27 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პასუხად, კი, უკრაინულმა ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების თავშეყრის ადგილებზე 12 შეტევა განახორციელა. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი რუსების 3 სამეთაურო პუნქტსა და კონცენტრაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს.  

უკრაინის თავდაცვის ძალებს ბახმუტისთვის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების, ასევე ქალაქიდან დაჭრილების გაყვანის შესაძლებლობა აქვთ, -ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„თავდაცვის ძალები ბახმუტში თავდაცვას ინარჩუნებენ, არის საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების და დაჭრილების გამოყვანის საშუალება“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ბახმუტში უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი ხიდები ააფეთქეს, ჩერევატიმ უპასუხა: „დიახ, საომარი მოქმედებების დროს მტერი ურტყამს ჩვენს ინფრასტრუქტურას, ხიდებს და სხვა მიმართულებებს. თუმცა, ჩვენი ქვედანაყოფები გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა გზით მივაწოდოთ ყველაფერი, რაც საჭიროა“,-განაცხადა მან. 

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ვოლოდიმირ ნაზარენკომ კი უარყო სპეკულაცია ბახმუტიდან უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლო გაყვანის შესახებ. „არ არის გაყვანა. პირიქით, რამდენიმე ახალი რეზერვი შემოდის დაცვის გასაძლიერებლად. მთელი საბრძოლო ზონა ქაოტური დაბომბვის ქვეშაა, მაგრამ არის კავშირი ქალაქთან, არის მარშრუტები, რომლებიც არ არის მოწყვეტილი“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, რუსებს არ შეუძლიათ ბახმუტის აღება. 

დონბასში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული ბრძოლა მიმდინარეობს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სახელმწიფოს ფრონტის ხაზზე იცავს.

"ეს კვირა არის კიდევ ერთი კვირა, როდესაც ჩვენმა ჯარისკაცებმა და თითოეულმა მათგანმა, ვინც სახელმწიფოს დაცვაში გვეხმარება, უკრაინა გამარჯვებასთან კიდევ უფრო დააახლოვა. მათ მოიგერიეს თავდასხმები, გაანადგურეს ოკუპანტები, ძირი გამოუთხარეს მტრის პოზიციებს და დაიცვეს ჩვენი საზღვრები. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა ბრძოლაშია!

მსოფლიო საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთი ომისთვის დასაჯოს. ჩვენ მსოფლიოს ამისთვის საკმარის გამბედაობასა და ინსტრუმენტებს მივცემთ. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გვეხმარება სამართლებრივი კოოპერაციის ქსელის ჩამოყალიბებაში, რათა შესაბამისი სასჯელები გამოტანილი და განხორციელებული იყოს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

საქართველოს შეიარაღებული გენშტაბის ყოფილი უფორის და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 800 კმ გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე რუსები ცდილობენ  მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ. თვითოეული გოჯი მიწისთვის ბრძოლა მიდის. მთავარი ბრძოლები კი გენერლის თქმით,  სამი მიმართულებით მიმდინარეობს.  ეს არის სვიატოვას, ბახმუტის და უგლედარის მიმართულებები. 

„ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა. რუსები ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ. დიდი დანაკარგის მიუხედავად, მაინც ნელ-ნელა წინ მიიწევენ. არ არის გამორიცხული, მალე დადგეს მომენტი, როცა უკრაინელებმა უნდა გადაწყვვიტონ, გამოიყვანონ თუ არა გარნიზონი ბახმუტიდან. დანარჩენ შემთხვევაში რუსებს სხვა მიმართულებაზე დიდი  წინააღმდეგობა და უპირატესობა არ გააჩნიათ.  

„მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, არ ემსმის უკრაინელებს რაში სჭირდებათ ბახმუტი, რომ მასზე ამხელა რესურსს ხარჯავენ. ჩემთვის სტრატეგიულად და სამხედრო თვალსაზრისით, მას არანაიირ განსკაუთრებული დანიშნულება არა აქვს. ამიტომ ვფიქრობ ალყაში მოქცევის შემთხვევააში მარიუპოლის სცენარი გარდაუვალი იქნება. 

„სამწუხაროდ გამართლდა ის პროგნოზი, რასაც მე ერთი წლის წინ ომის დაწყებიდან ვაკეთებდი. ომი გაჭიანურების სახეს იღებს. ამ ეტაპისთვის რუსეთს არ გააჩნია იმის პოტენციალი რომ დიდი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს. შესაბამისად,  ის ცდილობს, ლოკალური წარმატებების ფონზე, თავისივე ოკუპირებული ტერიტორიები დაიკავოს და გაამაგროს. უკრაინისთვის ამ მომენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება ,როგორც ჯავშანტექნიკას, ასევე საფრენ აპარატებს. ზუსტი დამიზნების აღჭურვილობას“, - ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, რაც მთავარია,  ეს ყველაფერი თავის დროზე უნდა იქნას მიწოდებული. გაზაფხულზე ომში რაღაცა გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება. მას შემდეგ, როცა ორივე მხარე გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და დიდი იმედი აქვს ეს უკრაინა იქნება. გენერალი ამბობს, რომ ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება ის გზა, რა გზითაც შესაძლოა დაპირისპირება განვითარდეს. ფაქტი ერთია, რომ ეს ხანმოკლე ომი არ არის. შესაძლოა რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაიყინოს კიდევაც, მაგრამ ეს ომი მალე არ დამთავრდება.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე