თამთა ჩაჩანიძე
(06.03.2023)

პარლამენტის ბიუროს სხდომა სამშაბათს 10:00 საათამდე გადაიდო, სადაც უნდა გადაწყდეს როდის ეყრება კენჭი პირველი მოსმენით „ხალხის ძალის" "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს. ასევე, ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, პარალელურად კი ოპოზიციამ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო საუბარი და აქცია 7 მარტის დილიდანვე დაანონსა. მათი თქმით, ბიუროს სხდომის გადადებაც პროტესტისა და ზოგადად ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეთა ბრძოლის შედეგია.

ბიუროს სხდომა 6 მარტს 15:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, რომლის გადადების ოფიციალურ მიზეზად პარლამენტის პრესსამსახურმა განსახილველი საკითხების მოუმზადებლობა დაასახელა, რადგან იურიდიული კომიტეტის სხდომა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

ორშაბათს „ხალხის ძალის" კანონპროექტის განხილვის პროცესი დილიდანვე ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე განახლდა. პარლამენტის გარეთ მიმდინარე აქციის ფონზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საკმაოდ მწვავე დებატები და სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან რამდენიმე დეპუტატი გააძევა. განხილვას ესწრებოდნენ, როგორც დეპუტატები, ისე ანალიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამის პარალელურად საუბარია„ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვიტასთან დაკავშირებით.

ეუთო/ოდირის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტის შესახებ დასკვნას ამზადებენ. მათი თქმით, საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან. აღნიშნავენ, რომ ეუთოს ქვეყნებს აქვთ ვალდებულება მიიღონ კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაცების პროცესის მეშვეობით. და რომ ასოციაციებსა და მათ წევრებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე.

მანამდე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, თუმცა საბოლოო მხარდაჭერისთვის, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

როგორც „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, დასაბუთებული არგუმენტები, თუ აღნიშნული კანონპროექტი რატომ არ უნდა იქნას მიღებული, მმართველ გუნდს განხილვებზე არ მოუსმენია. მათი განცხადებით, „ხალხის ძალის" ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველადი ვერსია „აბსოლუტურად ქართულია და არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, მეორე ამერიკულისგან განსხვავებით".

„ხალხის ძალის" წარმომადგენლების მტკიცებით, ორი კანონპროქტიდან ერთი, აშშ-ში მოქმედი კანონის ანალოგია, თუმცა, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არ მიიღონ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რადგან გამჭვირვალობის პრობლემა ისედაც არ დგას და კანონი საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ჯგუფებზე დამანგრეველი გავლენას ექნება.

მისი თქმით, შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში.

„ასე რომ, მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ეს კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გადასინჯოს ეს კანონპროექტი, ის არ არის აუცილებელი და ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს", - აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება ევროპის პოზიციას, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან.

„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი",- წერს ფიშერი „ტვიტერზე".

ამერიკელი სენატორი დიკ დურბინი იმედოვნებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. როგორც მან განაცხადა, ქვეყანას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, მათ შორის დურბინი ასახელებს "წინდაუხედავ კანონპროექტს" არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის გზას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. მას ამ გზაზე რამდენიმე სერიოზული საკითხი აქვს გადასაჭრელი და რამდენიმე პოტენციურად თვითდამაზიანებელი ნაბიჯი ასარიდებელი, როგორიცაა ეს წინდაუხედავი კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ ერის მიერ, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი და უფრო დაცული მომავალი ქართველი ხალხისთვის", - აცხადებს სენატორი

„მიშა, მე, მაგალითად, წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ! უწიგნური, გაუნათლებელი ხარ. არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი", - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.

დეკანოიძეს კი ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მას და „ნაციონალურ მოძრაობას" საქართველო უკვე გაყიდული აქვთ და „სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება".

„წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას" და უკვე გაყიდე სამშობლო. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და არ არის მარტო ეგ. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით! ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

„მე, შეცვლას არ გთავაზობთ, მე გთავაზობთ, გაიტანოთ ეს, ისე, როგორც [ფილმში] ყვირის „გაიტანეთ გრენლანდია! გაიტანეთ გრენლანდია", ეს თავში დაეცემა საზოგადოებას!", - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე „ქართული ოცნების" და „ხალხის ძალის" დეპუტატებს.

„აბსოლუტურად მიუღებელია 20%-ის და რაღაცის განსაზღვრა, იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კანონებში მთავარი არის, ვასრულებ თუ არა მე პატრონის დაკვეთას. ამერიკულ კანონში წერია: ან მთლიანად ფინანსდება ან უმეტესადო. ხომ იცით, ამერიკული კანონი კარგად? იცით, რომ იქ ასე წერია, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი ეს კი არ არის, მთავარი კრიტერიუმია - შენ ასრულებ პოლიტიკურ დავალებას შენი პატრონის, რომელიც უცხოეთშია", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

„კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული", - ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის" წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. იმნაძის თქმით, კანონპროექტი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდგება.

„მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს კანონპროექტი არის დამაზიანებელი, რომ არ ეწინააღმდეგება ერთი სამოქალაქო ორგანიზაციის ან მედიასაშუალების ინტერესებს, ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს. კიდევ ვინ შეიძლება გვითხრას ეს, რათა თქვენ დარწმუნდეთ, რომ კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული. რუსეთში სწორედ ეს მოხდა. ჯერ დაიწყო სამოქალაქო სექტორის ხავერდოვანი შეზღუდვა, ჯერ დაიწყო ასეთი კანონით შეზღუდვა და შემდეგ, როდესაც დელეგიტიმირებული იყო სამოქალაქო საზოგადოება, დაიწყო უხეში, სისხლის სამართლებრივი ზომების გამოყენება", - განაცხადა გურამ იმნაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ შეჩერდება და კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან. მისივე თქმით, დღესაც დადასტურდა, რომ „არანაირ რუსულ კანონზე საუბარი არ არის".

„შეერთებული შტატები ამბობს, რომ ამერიკული კანონპროექტი არ არის და თავის კანონზე იძახის, რუსული კანონპროექტიაო? არასწორია, ეს არის დეზინფორმაცია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩაიხედეთ შინაარსში, ნახეთ, შეადარეთ ის ტექსტი, რაც არის წარმოდგენილი. იცით, რომ პირველადი ვერსია აბსოლუტურად ქართულია.

„პირველი კანონპროექტი არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს, განსხვავებით ამერიკულისგან, ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს, განსხვავებით ამერიკულისგან, რომელიც ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, იყო ამ ყველაფრის სუფთა ქართული ვერსია. როდესაც დაიწყო აბსოლუტურად უსაფუძვლო კამპანია იმის შესახებ, თითქოს ეს რუსულის პროტოტიპი იყო, „ხალხის ძალამ" გადაწყვიტა, წარმოედგინა ერთი-ერთში ნათარგმნი ის კანონპროექტი, რომელზეც დღეს ექსპერტებმა, რომლებიც ესწრებოდნენ, თქვეს, რომ კი ბატონო, ეს არის ამერიკული კანონპროექტი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, გივი მიქანაძის განმარტებით, ოპონენტების მხრიდან დღეს ჩაბღაუჭება ხდება აგენტის დეფინიციაზე, რადგან კონტექსტუალურად, შინაარსობრივად ვერ წარმოადგინეს კანონპროექტის საწინააღმდეგო ვერც ერთი არგუმენტი.

„ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, 7 მარტს ბიუროს სხდომაზე კვლავ ეცდებიან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები განიხილონ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ პარლამენტთან ხალხის ხმა გაიგონ.

„დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ხვალ გაიმართება, რუსული კანონის განხილვა ვერ შეიტანა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ არის ჩაშლილი. ხვალ, 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბოს ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა.

„პირველი, რაც მინდა მოგიწოდოთ, არის შემდგომი: ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით აქ, 10:00 საათზე, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის.

ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს 18:00 საათზე, გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით. ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ შემდგომ სამოქმედო გეგმას", - განაცხადა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე