თამთა ჩაჩანიძე
(06.03.2023)

დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ორშაბათს პარლამენტში „ხალხის ძალის" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტების განხილვის განახლებას - ოპოზიცია აცხადებს, რომ „პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავს" და აქციებს აანონსებს, ხოლო „ოცნების" განცხადებით, „კანონპროექტის მიზანი „ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება ან იარლიყების დაწებება არაა, მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობაა".

პროცედურულად რა ეტაპები უნდა გაიაროს კანონპროექტებმა, რომ საბოლოოდ კანონად იქცეს და რა ვადები დასჭირდება მას, ამაზე „რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტმა ვატანგ ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, თუ რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევენ, პროცესს დაახლოებით ათი დღე დასჭირდება. თუ მოიწვევენ, ათ დღეზე ნაკლები.

თუმცაღა, ვახტანგ ხმალაძე იქვე დასძენს, რომ თუ „ქართული ოცნების" ლიდერები პირველი მოსმენის მერე, კანონპროპექტებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან, შესაძლებელია ამ დასკვნის მიღებას 2-3 თვეც კი მოუნდეს. მისივე თქმით, ოპოზიციას ბერკეტი თითქმის არ აქვს, რადგან „ოცნებას" და „ხალხის ძალას" საკმარისი ხმები აქვს იმისათვის, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი მიიღონ.

ქუჩის პროტესტს რაც შეეხება, როგორც „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, მხოლოდ ოპოზიციის ძალისხმევით ამ კანონის მიღება ვერ შეჩერდება, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს. მისი თქმით, „უნდა მოხერხდეს, რომ სასესიო განხილვის დროს, პარლამენტის გარეთ რაც შეიძლება მეტი რაიოდენობის ხალხი იყოს, ეს არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ ერთად უნდა ურუნველჰყონ".

კანონპროექტების განხილვა ორშაბათს დილიდან დაიწყო, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დარბაზიდან რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს. სხდომის პარალელურად პარლამენტის გარეთ აქცია მიმდინარეობს.

რა დრო დასჭირდება კანონის მიღებას - ათ დღეზე ნაკლები თუ 2-3 თვე

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პროცედურა მისი არსით საკმაოდ მარტივია, თუმცა, თუ კანონპროექტები ვენეციის კომისას გადაეგზავნა, დასკვნის მომზადებას 2-3 თვე მაინც სჭირდება.

„პროცედურა საკმაოდ მარტივია, ორშაბათს ამ კანონების განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ცდილობს, ეს წამყვანი კომიტეტია, ამიტომ, როგორც კი განიხილავს და თავის დასკვნას ბიუროს წარუდგენს, ბიუროს უკვე შეუძლია კანონპროექტის განხილვა პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს პირველი მოსმენით. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად, სულ რამდნეიმე დღეში მოხდეს.

„თუ ეს კვირა პლენარული სხდომების კვირაა, შესაძლებელია განხილვა ამ კვირაშივე მოხდეს. შემდგომ კენჭს უყრიან, მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერენ. ამის მერე, მეორე და მესამე მოსმენა უნდა იყოს, თუ მოინდომებენ, ესეც შეუძლიათ რომ მომდევნო პლენარული სხდომების კვირაში ჩაატარონ, ან მიღება თუ კიდევ უფრო სწრაფად უნდათ, რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ.

„თუ რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევენ, სადღაც ათი დღის ფარგლებში, თუ რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ, რამდენიმე დღეში, ანუ ათ დღეზე ნაკლებში 3-4-5 დღეში. თუმცა, „ქართული ოცნების" ლიდერებმა ასე განაცხადეს, რომ პირველი მოსმენის მერე, კანონპროპექტებს ვენეციის კომისიას გადავუგზავნითო და მის დასკვნას დაველოდებითო. ასეთ შემთხვევაში, ერთ თვეზე მეტი დრო უნდა, შესაძლებელია ამ დასკვნის მიღებას 2-3 თვეც დასჭირდეს",-განაცხადა ხმალაძემ.

რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას

კითხვაზე შეუძლია თუ არა ამ პროცესზე ოპოზიციას ზეგავლენის მოხდენა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ფაქტიურად არა, რადგან „ხალხის ძალას" და „ოცნებას" კანონის მისაღებად საკმარისი ხმები აქვთ.

„ფაქტობრივად არა, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას, რომელშიც „ქართულ ოცნება" და „ხალხის ძალა" რომ დაირქვეს ის ჯგუფი შედის, საკმარისი ხმები აქვს იმისათვის, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად კანონი მიიღონ",-განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრებას, იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ ოპოიზიციის ძალისხმევით ამ კანონის მიღება ვერ შეჩერდება, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს.

„ოპოზიციამ შეიძლება მოსახლეობას და ჩვენს პარტნიორებს აუხსნას თუ რა და როგორ ხდება. ისინი უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ კანონპროექტს „ქართული ოცნების" გარდა ფაქტიურად მხარს არავინ არ უჭერს და ეს ხდება იზოლაციაში. ეს ფაქტი კი რა თქმა უნდა მომენტალურ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ საზოგადოებისთვის კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისი, თუ „ოცნება" რას აკეთებს.

„მხოლოდ ოპოიზიციის ძალისხმევით ამ კანონის მიღება ვერ შეჩერდება, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს. უნდა მოხერხდეს, რომ სასესიო განხილვის დროს, პარლამენტის გარეთ რაც შეიძლება მეტი რაიოდენობის ხალხი იყოს. ეს არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციამ ერთად უნდა ურუნველჰყოს, რომ ქუჩაში პროტესტი რაც შეიძლება მასიური იყოს.

„ქართული ოცნება" ხისტია. ავტორიტარულ რეჟიმენს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ უკან დაიხიონ. ოპოზიციის კი არ ეშინიათ, არამედ სტრუქტურული რღვევა შიგნით იწყება. როცა „ოცნების" ბიუროკრატია ხედავს, რომ პარტიამ უკან დაიხია, ის უკვე ფრთხილია, ამიტომ ამის რესურსი არ აქვთ", - განაცხადა მან.

ძაბირაძის პროგნოზით, შესაძლოა მოვლენები ამ სცენარით განვითარდეს, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, მერე თაროზე შემოდებენ და მომენტს დაელოდებიან.

„შესაბამისად, „ოცნება" ამ კანონს პირველი მოსმენით ალბათ მიიღებს, შემდეგ გააჩერებს და მეორე-მესამე მოსმენა აღარ იქნება. ანუ დაახლოებით ასეთი პროცესი იქნება - კანონი პირველი მოსმენით გავა და მერე თაროზე შემოდებენ, თუ მომენტი ჩაუვარდათ და ნახავენ, რომ მისი გატანა შეუძლიათ, გაიტანენ, თუ არა და გააჩერებენ, ყოველ შემთხვევაში, შემოდგომამდე მაინც.

„ეს მხოლოდ პროტესტეზე არაა, აქ საგარეო ურთიერთობა და სხვა კომპონენტებია. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული ზოგადად ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური ვითარება როგორი იქნება. შეიძლება იმასაც კი ნანობენ, რომ ეს პროცესი აქამდე მიიყვანეს, მაგრამ ახლა უკან ვერ დაიხევენ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე