თამთა ჩაჩანიძე
(05.03.2023)

ბახმუტში ვითარება უკიდურესად გართულებულია, რუსებმა ქალაქში რამდენიმე ობიექტი აიღეს და თუკი უკრაინელებს ჩრდილოეთის მხრიდან მომარაგების ერთადერთი გზაც გადაუჭერეს, ალყაში ექცევიან და ამიტომაც უახლოეს პერიოდში შესაძლოა ქალაქის დატოვება მოუწიოთ. თუმცა, როგორც სამხედრო სპეციალისტები „რეზონანსთან" აცხადებენ, უკრაინელები ქალაქისთვის ბრძოლას კრიტიკულ მომენტშიც აგრძელებენ და ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილებიც კი გადაისროლეს, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება „ქართულ ლეგიონს".

ამის პარალელურად, 4 მარტს ღამით სოციალურ ქსელებში ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელძღვანელის, ევგენი პრიგოჟნის ახალი ვიდეომიმართვა გაგრძელდა, სადაც ის ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლასა და რუსებისთვის დრამატულ სცენარზე საუბრობს. პრიგოჟინი იმუქრება, თუ „საბრძოლო მასალების შიმშილის" პრობლემა არ მოგვარდა და „ვაგნერს" ბახმუტიდან უკან დახევა მოუწია, რუსების ფრონტის ხაზი ჩამოიშლება, უკრაინელები კი ქალაქ ლუგანსკსაც აიღებენ და რუსეთის ტერიტორიას მიადგებიან.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „ვაგნერს" ფრონტზე მართლაც მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხოლო ბრძოლის ველიდან მისი გასვლის შემთხვევაში კი ორ შესაძლო სცენარზე საუბრობენ. პირველი - არაა გამორიცხული, რომ მოვლენები პრიგოჟინის პროგნოზის მიხედვით განვითარდეს და მეორე - „ვაგნერს" რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაკლებად ეფექტური დაჯგუფება ჩაანაცვლებს, რითაც მათი შეტევითი პოტენციალი მნიშნელოვნად შემცირდება, თუმცა ფრონტის შენარჩუნებას შეძლებენ.

ქართველები ბახმუტში

ქალაქისთვის ბრძოლა უკვე მერვე თვეა გრძელდება, თუმცა ბოლო დღეებში ბახმუტიდან ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის. რუსულ „ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები ქალაქში აფეთქებენ ხიდებს და სტრატეგიულ ობიექტებს და ნაწილ-ნაწილ, მცირე ჯგუფებად ტოვებენ ბახმუტს. ამის საპირისპიროდ უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ მათი ნაწილები ქალაქში რჩებიან და პოზიციებს ამაგრებენ.

რამდენიმე რუსულმა „ტელეგრამ" არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან უშუალოდ უკრაინული შენაერთები პრაქტიკულად სრულად გავიდნენ და ბახმუტში მხოლოდ უცხოური ლეგიონის მებრძოლები, ძირითადად ქართველები რჩებიან. ამის დასადასტურებლად ვრცელდება ბახმუტში ქართველი ლეგიონერების მირ ჩაწერილი ვიდეო, რომელიც 3 მარტითაა დათარიღებული.

ჩანაწერში ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მებრძოლი ჩანს. ისინი საქართველოს მოსახლეობას დედის დღეს ულოცავენ, რის შემდეგაც მშვიდად ჩადიან ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის სარდაფში.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ჯერჯერობით უკრაინის მხრიდან არავითარ უკანდახევაზე საუბარი არაა. პირიქით, ბახმუტში ბრძოლისუნარიანი შენაერთები გადაისროლეს და ბრძოლა გრძელდება, სადაც „ქართულ ლეგიონს" მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ბახმუტში „ქართული ლეგიონის" ქვედანაყოფი იმყოფება და ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებს იცავენ. რამდენი არიან, ზუსტად არ ვიცი, თუმცა ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

„ქართული ლეგიონი" ბრძოლისუნარიანი შენაერთია, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტების წარმოების და რუსეთის შეიარაღებული ძალებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს და მათი ტაქტიკური და ოპერატიული ელემენტების გამოცნობა შეუძლიათ. უკრაინის გენშტაბი საბრძოლო როტაციას ახორციელებს და ცდილობს, რომ ბრძოლისუნარიანი შენაერთების გადასროლით ქალაქისთვის ბრძოლა გააგრძელოს.

„არავითარ უკანდახევაზე საუბარი არა, როგორც ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო სარდალი სმირსკი, რომელიც ამ დაცვის ელემენტს ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ამ თავდაცვითი ხაზის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ძლიერი ზეწოლის შედეგად შესაძლოა ტაქტიკური უკანდახევა მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება, როცა საოკუპაციო ძალები ისე ძლიერად გამოიფიტებიან, რომ სხვა შეტევაზე ვერც იფიქრონ.

„ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ უბნებში „ვაგნერელები" და „კადიროველები" არიან. უკრაინელები კი ბახმუტის ცენტრში, დასავლეთ ნაწილში და სამრეწველო ზონაში გამაგრდნენ. როგორც ჩანს, რუსებს და პრიგოჟინს იმდენი ძალებიც არ ჰყავთ, რომ ქალაქი ალყაში სრულიად მოაქციონ და მომარაგება დაბლოკონ. ამიტომ მათ მოქმედება შეცვალეს და გამოძევების ტაქტიკაზე გადავიდნენ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა მდინარე ბახმუტკაზე მდებარე ხიდი ნამდვილად ააფეთქეს, თუმცა ქალაქისთვის კვლავ იბრძვიან.

„ერთი ვიცი, რომ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართველები ზუსტად სად იბრძვიან და რა როლი აქვთ ბახმუტის დაცვაში, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. უკრაინელებმა ხიდი ნამდვილად ააფეთქეს, მაგრამ ეს ხიდი ქალაქში არსებულ მდინარე ბახმუტკაზეა, რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. აღმოსავლეთ ნაპირზე კერძო სახლების ზონაა, სადაც რუსები არიან. დასავლეთ ნაპირზე კი, სადაც სამრეწველო ზონა და მაღალსართულიანი სახლებია, უკრაინელები არიან.

„უკრაინელებს ქალაქი არ დაუტოვებიათ, ბრძოლებია, რაღაც წინ წაწევებია. როგორც ვიცი, რუსებმა ხორცის კომბინატი აიღეს. ეს ბახმუტში ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. კვარტალებისთვის და ქუჩებისთვის ბრძოლა მიდის, მაგრამ ჯერ უკრაინელები ქალაქს იცავენ. ამასთან, რუსები ცდილობენ, რომ ჩრდილოეთის მხრიდან ალყა შემოარტყან. იაგოდნი აიღეს და ხრომოვოსკენ მიდიან. ამასაც თუ აიღებენ, უკრაინელებს მომარაგების ერთადერთ გზას მოუჭრიან.

„თუ ეს გზა მოუჭრეს და რუსებმა ალყაში მოაქციეს, შეიძლება უკრაინელები იქიდან საერთოდაც ვერ გავიდნენ. გააჩნია უკრაინა როდის ჩათვლის საჭიროდ, რომ ეს გარნიზონი გაიყვანოს. ამას უკრაინელები წყვეტენ, მაგრამ, მე რომ მიკითხოთ, უკვე დიდი ხანი გაყვანილი უნდა ჰყავდეთ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პრიგოჟნის პესიმისტური სცენარი და „ვაგნერის" როლი ომში

ვიდეო, სადაც „ვაგნერის" ხელძღვანელი ევგენი პრიგოჟნი ოკუპანტებისთვის პესიმისტურ სცენარზე საუბრობს, ამ დაჯგუფებასთან დაკავშირებულმა „ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს. პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი მებრძოლები უკრაინელების მთელ ზეწოლას საკუთარ თავზე იღებენ და რუსეთის არმია კი მათ მიჰყვეა. ამბობს, რომ თუ მისი მებრძოლები ბახმუტიდან უკან დაიხევენ, რუსეთისთვის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება და ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, რომ ქალაქი ლუგანსკი დაიბრუნოს და რუსეთის ტერიტორიაზეც გავიდეს.

ის ირწმუნება, რომ თუკი „ვაგნერი" ფრონტიდან ამოვარდება, ამოქმედდება „ზამბარის ეფექტი".

„თუ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" ახლა ბახმუტიდან უკან დაიხევს, მაშინ ისტორია შემდეგნაირად განვითარდება - მთელი ფრონტი ჩამოიშლება რუსეთის საზღვრამდე, შეიძლება უფრო შორსაც. სიტუაცია რთული იქნება ყველა რუსული სამხედრო შენაერთისთვის.

„თუ „ვაგნერი" ამოვარდა და წნეხის ქვეშ მყოფი, „დაჭიმული"უკრაინის არმია მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდანაც შეიჭრება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წალეკავს ქალაქ ლუგანსკს, წალეკავს კრასნოდონს (ქალაქი სოროკინო ლუგანსკის ოლქში), გადავა რუსეთის ტერიტორიაზე. არმია იძულებული გახდება ფრონტის დასტაბილურება სცადოს და ჩამოიშლება ფლანგები. შემდეგ დაეცემა ყირიმი. არ ვიცი, კიდევ სხვა ბევრი კატაკლიზმა მოხდება", - აცხადებს პრიგოჟნი.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ვაგნერს" ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან დიდი როლი აქვს და თუ ეს შენაერთი ბრძოლის ველს ჩამოაცილეს, პრიგოჟინის სცენარი რეალური გახდება.

„ვაგნერს" დიდი როლი აქვს. ის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტიურად სიტუაციას აკონტროლებს „სპარტასთან", „კადიროველებთან" და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად. მაგრამ „ვაგნერი" კარგად შეიარაღებული და ძლიერი სტრუქტურაა, სხვა ე.წ. კერძო არმიებთან შედარებით პროფესიონალები და გამოცდილები არიან და თუ გავიდნენ, მემგონი პრიგოჟნის სიტყვები ერთი-ერთზე ასრულდება.

„თუმცაღა არ მგონია, რომ „ვაგნერი" სადმე წავიდეს. ეს უფრო პუტინის მიმართ ერთგვარი ირიბი მუქარა-მინიშნებაა. ბახმუტის აღება პრიგოჟინის პოზიციებს კრემლში კიდევ უფრო გაამყარებს და ამან შეიძლება გააკეთებინოს ის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენოს", - განაცხადა მაისაიამ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი აცხადებს, რომ პრიგოჟინი რამდენიმე თამაშს თამაშობს, მაგრამ თუ მისი დაჯგუფება მართლაც გავიდა ბრძოლის ველიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას სხვა დანაყოფით ჩაანაცვლებს, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტური არ იყოს, მაგრამ ფრონტის შენარჩუნებას შეძლებს.

„პრიგოჟინი რამდენიმე მიმართულებით თამაშობს. „ვაგნერი" ბახმუტისთვის ბრძოლაში აქტიურადაა ჩაბმული, მაგრამ მარტო ისინი არ არიან. სულ დაახლოებით 20 ათასამდე იყვნენ და ახლა რამდენია დარჩენილი, არ ვიცი.

„თუ „ვაგნერი" გავიდა და რუსებმა ქალაქი ვერ აიღეს, ეს უკრაინელები ძალიან კარგი და წარმატების მომტანი იქნება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინელები მოსკოვს აიღებენ.

„ბახმუტისთვის ბრძოლაში „ვაგნერი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ თუ პრიგოჟნი და მისი დაჯგუფება გავიდა, რუსები მას სხვა დანაყოფებით ჩაანაცვლებენ. შესაძლოა ამით რუსების შეტევების ეფექტურობამ დაიკლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიებს დატოვებენ და გაიქცევიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე