თამთა ჩაჩანიძე
(05.03.2023)

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გააქტიურებას აპირებს, ამის პარალელურად მისი ფრთა ღიად აცხადებს, რომ პარტიის მენეჯმენტთან კომუნიკაცია დალაგებული არ აქვთ. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსს" ეუბნება, მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი საფრთხის წინაშე დგანან, რადგან წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულეს და თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ხაბეიშვილი პარტიაში „მალე პოლიტიკური ბანკროტი აღმოჩნდეს", ამიტომაც, მისი თქმით, მუშაობა მიდის იმაზე, რომ მელია და მის ფრთას ისეთი პირობები შეუქმნან, რომ იძულებულები გახდნენ პარტია დატოვონ, მელიას განცხადებაც ამის შედეგია.

ამასთან ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ენმ-ში პარლამენტის ბოიკოტის საკითხიც იმასთანაა მიჯაჭვული, რომ პარტიაში მელიას გუნდის შევიწროვება დაიწყეს. ხაბეიშვილს და მის გუნდს აწყობს, რომ ენმ-მ პარლამენტი დატოვოს, მაგრამ რეგიონების საკრებულოები - არა, მელიას გუნდის გეგმებში კი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი არ შედის.

„ხაბეიშვილმა გამარჯვების მერე, ახლა კონკურტეტის ჩაძირვა დაიწყო და ბოლო უნდა მოუღოს. ქართული „ტრადიციაა", რომ კონკურენტი მოვსპოთ. ერთის მხრივ მელია და მისი გუნდი ენმ-ს არ ტოვებს, მეორეს მხრივ კი, მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა მთელი რეგიონები შემოირბინეს, წარმატებას ვერ აღწევს, ვერც ისე და ვერც სააკაშვილის გათავისუფლების მასშტაბური აქციის მხრივ და უკვე საფრთხის წინაშე დგანან.

„ხაბეიშვილმა გამარჯვება იმ დაპირებით მოიპოვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას შეძლებდა. აქციებსაც აანონსებდა, რომ ძალიან მძიმე, პერმანენტული და მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. ის, რომ სააკაშვილთან მიმართებაში დასავლეთიდან კატეგორიული მოთოვნებია, ამას ხაბეიშვილი თავის თავზე ვერ მიიწერს, რადგან ძირითადად ეს მელიას და მისი ფრთის დამსახურებაა, რომლებიც პარტნიორებზე მუშაობდნენ.

„ხაბეიშვილი და მისი გუნდი გარკვეული საფრთხის წინაშე დგანან. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა მალე თავისივე პარტიაში პოლიტიკური ბანკროტი აღმოჩნდეს. ამიტომაც მუშაობა მიდის იმაზე, რომ მელია და მის გუნდს ისეთი პირობები შეუქმნან, რომ იძულებულები გახდნენ და პარტია დატოვონ.

„ბაჩო დოლიძის განცხადება, რომ პარტიის მენეჯმენტთან კომუნიკაცია ვერ აეწყო, ეს მოსალოდნელი იყო და ვერც აეწყობა, რადგან მეორე მხარე ამით დაინტერესებული არაა. ამიტომაც მელიას და მის გუნდს გააქტიურება მიუწევთ, ოღონდ ეს შიდა აქტიურობა უნდა იყოს და პარტია არ დატოვონ. ცალკე აქციას ჯერჯერობით ვერ დაანონსებენ, მაგრამ საპროტესტო გამოსვლებში ალბათ მონაწილეობას მიიღებენ, რაც მათთვის საკმარისია. თუ მიტინგი იქნება, არ მგონია, რომ სიტყვით გამოსვლა ვინმემ დაუშალოს. იქ მელია საკმაოდ წარმოსაჩენი ფიგურა გახდება, მათდამი ინტერესი შენარჩუნდება. ასევე რეგიონებში წასვლა და შეხვედრების გამართვა მოუწევთ.

„ამ აგენტების შესახებ კანონის განხილვამაც დაადასტურა, რომ პარლამენტში ყოფნას და ბრძოლას აზრი აქვს. ახლა კიდევ უფრო მეტი აზრი ექნება, რადგან ხელისუფლებაში და ქვეყანაში კრიზისი დაიწყო. ეს კიდევ უფრო გამწვავდება და გაძლიერდება და თუ ენმ-ში ვინმე ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა იყვნენ, მაშინ არგუმენტი უნდა თქვან, ეს ქუჩის აქციებს ხელს არ უშლის.

„აქაც, მე როგორც ვხვდები, მელიას გუნდი პარლამენტში დარჩენას ცდილობს. ამიტომ ეს თემაც იმასთანაა მიჯაჭვულია, რომ მათი შევიწროვება დაიწყეს. თუ პარტია პარლამენტიდან გამოდის, მაშინ უნდა გამოვიდნენ როგორც პარლამენტიდან, ისე რეგიონების საკრებულოებიდან. რეგიონების დატოვება ლევან ხაბეიშვილს და მის გუნდს არ აწყობს და ხელს არ აძლევს, რადგან ამაში რეგიონების წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებული და ხაბეიშვილი მათ კარგავს.

„ხაბეიშვილს და მის გუნდს აწყობს, რომ ენმ-მ პარლამენტი დატოვოს, მაგრამ რეგიონების დატოვება არ უნდა. ხაბეიშვილის მიზანია არასასურველი კადრები ჩამოიშოროს, ან პოლიტიკიდან გააძევოს.

„საბოლოო ჯამში ეს საკითხი როგორ გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია. მელიას გუნდი უნდა შეეცადოს, რომ პარტიაში ყოფნა შემოდგომამდე შეინარჩუნოს, არსად არ ეჩაქრებათ. მერე უკვე სხვა პოლიტიკური ვითარება იქნება და უნდა ჩამოყალიბდნენ რჩებიან თუ არა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

„სამწუხაროდ, პარტიის ახალ მენეჯმენტთან კომუნიკაცია ჯერ არ არის დალაგებული. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხების წერტილები გვქონდეს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსთან" განაცხადა.

დოლიძის თქმით, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ძალები გაერთიანდეს, რადგან ხელისუფლება უკან დამოუკიდებლად არ დაიხევს. ნიკა მელიას მხარდამჭერები კი პარტიიდან გასვლას არ აპირებენ, რადგან ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

რაც შეხება თავად ნიკა მელიას პოზიციას, როგორც იგი „ფეისბუქზე" წერს, მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, განახლებული ენერგიით აპირებს მოქმედებას, თუმცა არ აკონკრეტებს, ეს პარტიის ფარგლებს გარეთ იქნება, თუ ენმ-ის სახელით.

„დღეს საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის - საქართველოს თავისუფლების გარშემო.

„ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ - ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.

„სწორედ ამიტომ, განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის", - წერს მელია „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე