ნაზი ბერიძე
(04.03.2023)

ეს იყოს შეჯახება რეალობასთან. რუსეთის ხელისუფლება უკვე მის მიერვე გამოგონილ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს და ლავროვს დაავიწყდა ვის წინაშე გამოდიოდა - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში კორნელი კაკაჩია „დიდი ოცეულის" სამიტზე ნიუ-დელიში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრ სერგეი ლავროვს დასცინეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „დიდ ოცეულს" უკრაინის გარდა არაფერი აინტერესებს.

„დიდი ოცეული" ჩამოყალიბდა 1999 წელს ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების დირექტორების დონეზე. შემდეგ კი 2008 წელს ის გახდა „დიდი ოცეულის სამიტი". დღეს „დიდი ოცეულისთვის" არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი", - განაცხადა ლავროვმა ნიუ-დელიში გამართულ ყოველწლიურ გეოპოლიტიკურ კონფერენციაზე.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში ომმა რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე, ლავროვმა უპასუხა, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებით წამოიწყეს.

„ომი, რომლის შეჩერებას ვცდილობთ და რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყეს უკრაინელი ხალხის გამოყენებით...", - ლავროვის ამ სიტყვებს აუდიტორიაში სიცილი მოჰყვა.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ლავროვის განცხადებას, საკუთარ რეალობაში მცხოვრები რუსეთის პოზიციად აფასებს და მიიჩნევს, რომ რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს თვალებში ნაცარს აყრის.

„ზოგადად, ამ პროპაგანდის წყალობით, რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე ვირტუალურ სამყაროშია, სადაც მათი შეხედულებები სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რაც არსებობს მსოფლიოში და საერთაშორისო პოლიტიკაში. ამის ერთერთი მაგალითი იყო ეს შემთხვევა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობდა თვალებში ნაცარი შეეყარა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომელმაც მშვენივრად იცის ეს ომი ვინ დაიწყო და ვინ უქმნის საფრთხეს საერთაშორისო მართლწესრიგზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.

„თვითონ ამ პროპაგანდისტებს და მათ შორის ლავროვს ავიწყდებათ, რომ მათ მიერ შექმნილი ვირტუალური სამყარო არ არის ნამდვილი სამყარო. იმდენად დააჯერეს საკუთარი თავი და საკუთარი მოსახლეობა პროპაგანდით, რომ ჰგონიათ, რომ ეს ასევე წარმატებული იქნება დასავლეთში.

„ეს იყო შეჯახება რეალობასთან. ლავროვს დაავიწყდა, რომ ეს არ არის რუსული პუბლიკა, სადაც შეიძლება ყველაფერი აკონტროლო და ყველაფერი ისე მოიაზრება, როგორც შენ გინდა", - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე შეფასებით, დღეს რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული.

„რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა თავისი პოლიტიკით, რომლითაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ მართლწესრიგს, რაც ეწინააღმდეგება ყველა სახელმწიფოს ინტერესებს. საერთაშორისო სამართალი ერთხელ თუ დაირღვა, თუ მოხდა ქვეყნების დაპყრობა, ეს დააბრუნებს მსოფლიოს მე-18 საუკუნეში. რუსეთი სწორედ ამას ცდილობს, რომ იმპერიალისტური პოლიტიკა გამოაცოცხლოს. ამიტომ რუსეთის მიმართ არ არის სიმპათიები.

„ეს თუ რუსეთს გაუვიდა, ეს იქნება უკვე ჯინის გამოშვება ბოთლიდან. მას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. მაგალითად, ჩინეთი ტაივანთან მიმართებაში, ასევე სხვა სახელმწიფოები და ამან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ქაოსს, რომელიც არ შედის არცერთი ნორმალური ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე