ნაზი ბერიძე
(04.03.2023)

„ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ პირდაპირ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, თუმცა, თავად ამ კანონის მიღების ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ამის შესახებ „რეზონანსს" კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, რომელიც „ხალხის ძალის" ინიციატივას დისკრიმინაციულად და, შესაბამისად, არაკონტიტუციურად აფასებს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გადაწყვეტილი აქვთ ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. კანონპროექტს მკვეთრად უარყოფითად აფასებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ამასთან დაკავშირებით ხუთშაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაც კი მოითხოვა, რომელთა მოქმედებაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.

„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება.

ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია.

ანტიკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას",- ნათქვამია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებაში.

რაც შეეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, მასში სიტყვა-სიტყვით წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

ხმალაძის თქმით, სადავო კანონის შინაარსი ამ მუხლს არ ეწინააღმდეგება, თუმცა, თუკი პარლამენტი ამ კანონს მიიღებს, ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის დარღვევად. საქართველოს დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება მინიმუმ 2 რეკომენდაციას იმ 12-დან, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. შესაბამისად, ამ კანონის მიღება იქნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში „საქართველოს სრული ინტეგრაციის" საწინააღმდეგოდ გადადმული ნაბიჯი. თუმცა, როგორც ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, არსებობს უშუალოდ ამ კანონის არაკონსტიტუციორად ცნობის სხვა მიზეზებიც.

„ის უნგრეთში 2020 წელს მიღებულ კანონს ჰგავს, რომელიც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ევროკავშირის კანონებისა და მრავლობითი აქტების საწინააღმდეგოდ სცნო და საბოლოოდ, უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა.

„კანონპროექტი დისკრიმინაციულია, დისკრიმინაციული ნიშნით განასხვავებს და შეზღუდვებს უწესებს კერძო სექტორში მოქმედ, იდენტური მანდატისა და საქმიანობის ორგანიზაციებს. გაუგებარია, რა პრინციპით არიან შერჩეული ამგვარი „გამჭვირვალეობისთვის" კერძო სამართლის არსამეწარმეო ორგანიზაციები და არა, მაგალითად, შპს-ები, სახელმწიფო სააგენტოები, საჯარო სამართლის ან რომელიმე სხვა სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები.

„არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოზიდული ფინანსური რესურსი, თავისი არსით, ისეთივე ინვესტიციაა, როგორც შპს-ების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოძიებული. ერთიც სწორედ ამ მოზიდული ფულით ქმნის სამუშაო ადგილებს ან პროდუქტს და მეორეც.

„რას ამბობს ახალი კანონპროექტი - მიუხედავად მოცემული ერთგვაროვნებისა, როგორც საქმიანობის, ასევე დაფინანსების მიღების ნაწილში, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა დაიკრას „უცხო ქვეყნის აგენტის" სტატუსი და ყველა ვალდებულება მხოლოდ მათზე ვრცელდება.

„კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ასეთი ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც თითქოს წარმოადგენს ახალი კანონმდებლობის აუცილებლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო პირებთან გათანაბრების საფუძველს. არც ეს არგუმენტია ორიგინალური, ვინაიდან სწორედ იგივეს ამბობდნენ უნგრელი კანონმდებლებიც. სინამდვილეში კანონი მხოლოდ არასამთავრობოებს ეხებოდა ყოველთვის და სწორედ ამიტომაც არის დისკრიმინაციული.

„კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს.

„თუკი ერთი წუთით წარმოვიდგენთ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციის გარეშე სრული მასშტაბით ამოქმედდება და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ ყველა საქმიანობასა და ორგანიზაციას „უცხოური გავლენის აგენტად" გამოაცხადებს, მსგავს წარწერებს ვიხილავთ ქართველი სამხედროების ფორმებზე საქართველოს დროშის გვერდით, ქართველი პოლიციელების აღჭურვილობაზე, პრაქტიკულად ყველა საშუალო სკოლის შენობა-ნაგებობებზე და ა.შ.

„ამიტომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა უშუალოდ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ამბობს: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

„78-ე მუხლი არ ადგენს არანაირ ისეთ ნორმას, რომელსაც ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის ნორმები. ეს მუხლი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრირებისთვის. მაგრამ, როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების მოქმედება ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს. ხელისუფლების მიერ ამ კანონის მიღება იქნება არა „ზომების მიღება ევროკავშირში ინტეგრირებისთვის", არამედ ზომების მიღება ინტეგრირების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მოქმედება იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას მას „სახიფათოდ" აფასებს.

„სალომე ზურაბიშვილის თავად ეს განცხადება არის სახიფათო, რადგან კონსტიტუცია ამბობს რისი უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს და რისი უფლება არ აქვთ. კონსტიტუცია ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიას შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალოს საქმიანობა. მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს არ არის დანაშაული, არ შეიძლება იყოს დანაშაული, ვინაიდან ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მაგალითად, თვით კონსტიტუციაში რაღაც ცვლილების შეტანა", - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე