ელზა პაპოშვილი
(03.03.2023)

„მარტო პარლამენტში ისტერიკები საკმარისი არ იქნება. ყვირილით და წივილით სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია უფრო ხდება“ - აცხადებს ანალიტიკოსი და ყოფილი სახმინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტებზე და მიაჩნია, სწორედ ახლაა დრო, რათა დავამტკიცოთ, რომ „ჩვენ მართლა ჩამოვყალიბდით ქართულ ნაციადდა სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს“.

პროექტების განხილვა ორშაბათიდან განახლდება. ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტზე ისევ ხმაურს აანონსებს - ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კანონი რუსულია. 

სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიუღებლად მიიჩნევს. კეთდება შეფასებები, რომ ეს პროექტი რუსულ კანონმდებლობას იმეორებს და მისი დამტკიცება შეაფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. თავად ავტორები კი ამბობენ, რომ პროექტი ამერიკული კანონმდებლობის ანალოგია და მხოლოდ ფინანსების გამჭირვალობას ისახავს მიზნად.  

2 მარტს საკომიტეტო დარბაზში კანონის განსახილველად განკუთვნილი დრო, დაძაბული ფონის გამო, ძირითადად ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებებში და სიტყვიერ კამათში გავიდა.

ვექტორები პარლამენტში ორად იყო გაყოფილი, ერთ მხარეს კანონპროექტის ავტორები და მმართველი გუნდის წევრები აღმოჩნდნენ, მეორე მხარეს კი ოპოზიციონერი დეპუტატები.

„ხალხის ძალის“ წევრები მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების საჭიროებას, ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხსნიდნენ. ამბობენ, რომ კანონპროექტები, პირველი მოსმენის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. 

ამერიკის სახდეპის პრესსპიკერმა კი ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვინც „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტს მისცემს ხმას, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი. მისი თქმით, ვაშინგტონში ღრმად არიან შეწუხებულები იმ შედეგების გამო, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის მიღებას საქართველოში. მან ასევე კატეგორიულად უარყო სადავო პროექტის ავტორების მტკიცება, რომ ინიცირებული კანონი შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოელი აგენტის რეგისტრაციის აქტის ანალოგია. 

პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, შტატებში მოქმედი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ დაფინანსების წყაროებზე. მან ასევე ისაუბრა იმ ბოლოდროინდელ დამაზიანებელ რიტორიკაზე, რომელიც საქართველოში ისმოდა და სავარაუდოდ მოდიოდა მათგან, ვინც ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეწინააღმდეგება. ამავე დროს, პრაისმა აღნიშნა, რომ ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელება სურს და იმედი გამოთქვა, რომ შტატები გააგრძელებს პარტნიორების მოძიებას საქართველოს მთავრობაში.  

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გურამ მაჭარაშვილმა ნედ პრაისის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ არასწორი და კოლონიალური დამოკიდებულებაა, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს ქვეყნის სუვერენიტეტი, არამედ მხოლოდ ის, თუ რა თქვა ნედ პრაისმა.

„ნედ პრაისმა რომ თქვას, რომ მზე ამოდის დასავლეთიდან, კითხვას დამისვამთ ეთანხმები თუ არა ამას იმიტომ, რომ ნედ პრაისმა თქვაო?! - ეს არის არასწორი. იმიტომ, რომ როცა თქვენ წაკითხული გაქვთ კანონპროექტი და თქვენ ვერ დაინახეთ ვერაფერი იქ რუსული და ანტიდემოკრატიული, მაგრამ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, სიმართლე კი არა ნედ პრაისი რას იტყვის, ეს არის არასწორი, ეს არის სწორედ კოლონიალური დამოკიდებულება იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ ქართული სუვერენიტეტი არაფრად მიაჩნია, არამედ მთავარია რას იტყვის ნედ პრაისი, რას იტყვის ევროკავშირი და თუნდაც ჩვენ სუვერენიტეტი საერთოდ არ გვქონდეს, მაინც თანახმა იქნებიან ისინი ამაზე,“ - ამბობს მაჭარაშვილი.   

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიცატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას.  

„ახლა გაბუტვებისა და გვერდზე დგომის დრო არ არის. ჩვენს ქვეყანას საკმაოდ სერიოზული და დიდი საფრთხე ემუქრება,“- აღნიშნავს ხაზარაძე.

 „გირჩის“ წევრი რაქვიაშვილი კი აცხადებს, რომ „აბსურდს აქვს ადგილი“. 

„აბსურდს აქვს ადგილი. კანონი, რომელიც ლობიზმზეა დაწერილი ამერიკაში, გადმოწერილია, ოღონდ იგულისხმება, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება. უბრალოდ გადმოწერეს კანონი, რომელიც სხვა საკითხს ეხება და მიუსადაგეს სულ სხვა საკითხს,“ - აცხადებს რაქვიაშვილი.  

ყოფილი სახელმწიოფ მინისტრი და კონფიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 2 მარტს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, „ოცნება“ ამ კანონს მიიღებს და უკან დახევას არ აპირებს. ფიქრობს, რომ ამ კანონს გამჭვირვალეობასთან არაფერი საერთო არა აქვს. ესაა პირველი საკანონმდებლო შეტევა დემოკრატიაზე და აშკარა პირველი ნაბიჯი ქვეყანაში ავტორიტარიზმის დასამკვიდრებლად. 

„კვაზი-დემოკრატიის სახელმწიფოები დიდხანს ცდილობენ დრო გაწელონ და როცა ყველა რესურსი ამოეწურებათ, მერე უკვე ავტორიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ნაბიჯებს დგამენ. ეს არის ზუსტად ის ნაბიჯები, რასაც ახლა „ოცნება“ დგამს. ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში პროდასავლური ძალები მოსპოს. სამოქალაქო სექტორს გამჭვირვალობისა არაფერი სჭირს. მასზე გამჭვირვალე არაფერია. მათი ყოველი თეთრი ზედმიწევნით ითვლება და კონტროლდება. ყველა დონეზე ითვლება, იქნება ეს თავად დონორების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურებისგან. 

„თუ ვინმეს გამჭვირვალობა სჭირდება, პარლამენტს და მთავრობას სჭირდება. რამდენი შავი ფული ტრიალებს და მკვდარი სულებია სხვადასხვა სამინისტროებსა და სსიპებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც  რეალურად არაფერს აკეთებენ და მათი მთელი არმია არსებობს. საჭიროა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს, როგორც მაგალითად განდიმ ინდოეთში გააკეთა. თუ ჩვენ მართლა ჩამოვყალიბდით ქართულ ნაციად და სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს, ახლა არის მშვენიერი დრო, რომ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გამოვავლინოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი. 

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მარტო ის არაა, რაც ჩანს. მათი რაოდენობა დიდია. ესაა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სოფლის მეურნეობაში, ცხოველთა დაცვაში და სხვა სფეროებში ჩართული ადამიანები. ამიტომ ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ყველა მათგანმა ერთთვიანი დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადოს, რათა ყველა მიხვდეს, მათ რა ძალა აქვთ. მარტო პარლამენტში ისტერიკები საკმარისი არ იქნება. ყვირილით და წივილით სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია უფრო ხდება.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე