ბაჩანა ტყემალაძე
(03.03.2023)

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ასლან ბჟანიამ საქართველოს მთავრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი პარტია „სიტუაციას კარგად აკონტროლებს", მაგრამ აფხაზეთში ოპოზიცია „ცუდი მოვლენების სერიას" გეგმავს. ამის შესახებ ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სოხუმის დე ფაქტო პარლამენტში „სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე კომენტარს აკეთებდა.

„ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ქრისტეს კალთაში ვზივართ და საერთოდ არაფერი გვემუქრება. ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის (რუსეთის) ტერიტორიაზე უკვე ჭურვები ცვივა. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ოპოზიცია აქ ცუდი მოვლენების სერიას გეგმავს", - აცხადებს ბჟანია.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია 2023 წლის დასაწყისიდან აკეთებს ბჟანიას საწინააღმდეგო განცხადებებს. პროტესტს ხელს უწყობს ელექტროენერგიის დეფიციტი და ახალი კანონპროექტი, რომელიც უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვას მოიაზრებს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ოპოზიციის ლიდერები მარტში ფართომასშტაბიან აქციებსაც აანონსებდნენ.

ამაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სოხუმის რეჟიმის ლიდერის განცხადება „ძალიან ჩვეულებრივია", რადგან ასლან ბჟანია რუსეთის ანარეკლია და სწორედ მათ განცხადებებს იმეორებს.

„ეს ძალიან ჩვეულებრივი განცხადებაა. მოსკოვი და კრემლი საქართველოს პოლიტიკასა და პოზიციონერებას ზუსტად ანალოგიურად აფასებს. რუსეთის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველო ნეიტრალური ხდება და უარს ამბობს დასავლეთის დიქტატზეო. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებულია რუსეთსა და მის წარმატება-წარუმატებლობაზე, ამგვარი განცხადება ეხმაურება კრემლის პოზიციას, ამჯერად საქართველოს ხელისუფლების შესახებ. ისიც საგულისხმოა, რომ ეს განცხადება ქართული ოპოზიციის წინააღმდეგაა მიმართული და წყალს საქართველოს მმართველი პარტიის წისქვილზე ასხამს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე