თამთა ჩაჩანიძე
(03.03.2023)

ამ დრომდე ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ერთწლიანი სისხლიანი ბრძოლები „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", ამაზე აპელირებს რუსული პროპაგანდისტული მანქანაც. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ოფიციალურ კიევს ომი ღიადაც გამოუცხადონ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, აფეთქებები, ინციდენტები რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში და ცოცხალი ძალის დეფიციტი მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს.

თუმცაღა ამასთან მაისაია დასძენს, რომ ომის ღიად გამოცხადებას შესაძლოა თავად ქვეყნის შიგნით პუტინისთვის უკუშედეგი ჰქონდეს.

„სახელმწიფო სათათბიროში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომ უკრაინის ომის გამოცხადების თემა განიხილონ, რომელიც, მათი თქმით, ბრიანსკის რაიონში მომხდარ თავდასხმაზე რეაგირება იქნება. პარასკევს კი პუტინი დახურულ რეჟიმში და სასწრაფო წესით უშიშროების საბჭოს იწვევს და ეტყობა სხდომაზე ამ საკითხის განხილვას აპირებს. სხდომა შესაძლოა ისეთ დონეზე იყოს დახურული, რომ პუტინის გამოსვლაც კი არ აჩვენონ და მხოლოდ ის შედეგები გავიგოთ, გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

„თუ გადაწყდა, რომ უკრაინას ომი ღიად გამოუცხადა, მაშინ რუსეთს სრული კარტ-ბლანში მიეცემა, ხელ-ფეხი გაეხსნება და ოფიციალურ სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს. სამხედრო შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე უკვე ტოტალურ თავდასხმებს დაიწყებს. ასევე, უკრაინის ძირითად ინსტიტუტებზე და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე პირდაპირი ნადირობა წავა და მათ წინააღმდეგ დაბომბვებსაც არ მოერიდებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება რუსეთმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე უკვე ტაქტიკური ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.

„ისეთი აზრი ჩნდება, რომ ბრიანსკის ამბები შეგნებულადაა მოწყობილი, რადგან პოლიციას და ძალოვან სრტუქტურებს რეაქცია 11 საათის დაგვიანებით ჰქონდათ. ეს ძალიან უცნაურია. სხვათაშორის, რუსმა ინსაიდერმა სტანისლავ ბელკოვსკიმ დაწერა, რომ ფრონტისპირა სოფლის პოლიციაში ასეთი ინფორმაცია შედის და რეაქცია ამდენი ხნის მერე იყო.

„გამოუცხადებს თუ არა რუსეთი უკრაინას ღიად ომს, ეს პუტინმა უნდა თქვას, მაგრამ ის გადაწყვეტილებას მარტო აღარ იღებს და უშიშროების საბჭოში მყოფი პოლიტიკური კლანების წამრომადგენლების საბოლოო კონსენსუსს გაახმოვანებს. იქ რამდენიმე სერიოოზული და გავლენიანი ჯგუფებია.

„ამ ეტაპზე რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 75% ომს მხარს უჭერს. ალბათ ომის გამოცხადება იმაზეა გათვლილი, რომ რუსეთი ცოცხალი ძალის დეფიციტს განიცდის, პრობლემებია, მაგრამ ამას შესაძლოა თავად ქვეყნის შიგნით პუტინისთვის უკუშედეგი მოჰყვეს. ხალხის პროტესტი იქნება და რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდება.

„თუმცაღა ჩემი აზრით, რუსეთიდან ის ხალხი უკვე გაიქცა, ვისაც პროტესტი ჰქონდა და იქ დარჩენილები როგორც ჩანს ყველა სცენარისთვის მზად არიან, მაგრამ ისიც ძნელი სათქმელია ისიც, როცა მათ ომი უშუალოდ შეეხებათ, მერე რას იზამენ.

„პუტინი ომს ოფიციალურად ისე არ გამოაცხადებს, თუ შიდა სიტუაცია შესწავლილი არ აქვს. შემთხვევითი არაა, რომ ასეთი მასშტაბის პროვოკაციები დაიგეგმა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე