ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ პროექტი თუ საბოლოოდ კანონად იქცა, არა მარტო კანდიდატობას არ მოგვცემენ, არამედ დროთა განმავლობაში შეიძლება შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაზეც უარყოფითად აისახოს, აცხადებს „რეზონანსთან" თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია.
„პირდაპირ იყო ნათქვამი, ევროკავშირის, ბრიუსელისა და ელჩის დონეზეც, რომ თუ ეს კანონი მიიღეს, ხელი შეგვეშლება არა მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის, არამედ ევროატლანტიკურ სივრცესთან დაკავშირებითაც. ამაზე აშშ-დანაც იყო გზავნილები, რომელიც რომ გადავთარგმნოთ, ნიშნავს იმას, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმს დაადგება.
„მანამდე თუ ავტორიტარულ ტენდენციაბზე და არაფორმალურ მმართველობაზე იყო საუბარი, ახლა თუ ამ კანონს მიიღებენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მარგინალიზაცია მოხდება. ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ უკვე კონსოლიდირებული ავტორიტარიზმისკენ მიდიხარ და ასეთი ქვეყნის ადგილი ევროკავშირში არაა. პირიქით, ამან შესაძლოა ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანოს, თუ იმ განცხადებებს გავითვალისწინებთ, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება", - განაცხადა კაკაჩიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატობის საკითხი სავარაუდოდ 2023 წელს შემოდგომისთვის გადაწყდება. კაკაჩია აცხადებს, რომ თუ ეს პროექტი საბოლოოდ კანონად იქცა, შესაძლოა კანდიდატის სტატუსზე ახლა უარი გვითხრან და საბოლოო პასუხი გადადონ იქამდე, სანამ სხვა ხელისუფლება არ მოვა.
„პირდაპირ გეუბნებიან, რომ ევროკავშირის კანდიდატებს შორის ავტორიტარული ქვეყნის ადგილი არაა. მერე უბრალოდ არჩევნებს დაელოდებიან და როცა ხელისუფლება შეიცვლება, რა თქმა უნდა ევროკავშირის გადაწყვეტილებაც შეიცვლება. უბრალოდ მანამდე ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. ასე თუ გააგრძელეს და ეს კანონი მიიღეს, დიდი შანსია, რომ მერე თანდათან საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცეთ და საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ გადაიხაროს.
„რაც შეეხება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას, ამის აკრძალვის საფუძველი დღეს არ არსებობს, თუმცა თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპას თანდათან დაუპირისპირდა, არაა გამორიცხული, რომ დღის წესრიგში ეს თემაც დადგეს.
„თუ ევროკავშირთან ურთიერთობები დროთა განმავლობაში გამწვავდა, ეს ყველაფერს შეეხება, მათ შორის იმ მილიონობით დახმარებას, რასაც ხელისუფლება იღებს და ყველაფერს. ჩვენ თუ ევროკავშირს დავუპირისპირდით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა უკვე ევროინტეგრაციის გზას უხვევს და იმ ჩარჩოებიდან, რაც გვქონდა, მაგალითად ევროპული კანომდებლობა და ა.შ. ავტომატურად ამოვარდებით", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე