თამთა ჩაჩანიძე
(03.03.2023)

პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ხმაურიან განხილვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება და სიცრუეს უწოდებს ინიციატორების განცხადებას, თითქოს პროექტი ამერიკულ ანალოგს ეფუძნება. როგორც სახდეპის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, „ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციურად რისკის ქვეშ დაყენებაზე იქნება პასუხისმგებელი".

იგულისხმება თუ არა „პასუხისმგებლობაში" დასავლეთის სანქციები, ამაზე პროგნოზის გაკეთება ჯერჯერობით ძნელია, აცხადებს „რეზონანსთან" პრაისისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებების კომენტირებისას ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე.

„ვერ ვიტყვი დაუწესებენ თუ არა სანქციებს, მაგრამ დღეს ის ისტორიული შესაძლებლობაა, რომ საქართველო რუსეთს საბოლოოდ მოსცილდეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და უსაფრთხოების კონტექსტში ნატოში წინ წაიწიოს. ამ ტიპის ქმედებები და მათ შორის ეს კანონპროექტი საქრთველოს ამ ისტორიულ შანსს აკარგვინებს. ანუ იმ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, რომელიც კანპონპროექტის შესაძლო მხარდამჭერებს ეკისრებათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სამშობლოს წინაშე", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, თუ ეს პროექტი საბოლოოდ კანონად იქცა, რამდენად დაუწესებს აშშ სანქციებს, მის ინიციატორებს, ან მხარდამჭერებს, ფხალაძემ გვითხრა:

„ამით საქართველო დაზიანდება, ეს პირები რამდენად დაზიანდებიან ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ უმრავლესობას საკუთარი კომფორტის ზონა ძალიან კარგად აქვთ მოწყობილი. ეს ის ადამიანებია, რომლებსაც საკმაო ფულიც აქვს ნაშოვნი, შოფინგზე ევროპაში დადიან, მაგრამ ევროპული ცხოვრება არ უნდათ. ეს ყველაზე დიდი უბედურებაა, როდესაც ფულის შოვნა და ქვეყნის მართვა რუსულად გინდა და კარგი ცხოვრება ევროპული სტანდარტით.

„ვინც შეგნებულად ამაზე მიდის, მას სავარაუდოდ თავის არიდებისა და კომფორტის შენარჩუნების გზებიც მოფიქრებული ექნება, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამის გულისთვის ქვეყანა ისე სერიოზულად დაზარალდება, რომ შესაძლოა თაობებმა ის ისტორიული შანსი დაკარგონ, რომელზედაც ვისაუბრე.

„ხელისუფლება ხალხს იძულებულს ხდის, რომ გამოვიდეს, რადგან სხვა ტიპის საუბარი ხელისუფლებას არ ესმის და ეს ძალიან საშიშია. გუშინდელი სხდომა სამარცხვინო იყო და მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს დაუპირისპირდეს", - განაცხადა ფხალაძემ.

სახდეპის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა ‘ღრმად შეშფოთებულია „ხალხის ძალის" პროექტის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციალური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ჩვენი აზრი ძალიან მარტივია და ეს აზრი საჯაროდაც და პირად დონეზეც გავაჟღერეთ - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციურად რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს...

„ასეთ შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს. რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„სიცრუეა, თითქოს ის ამერიკულ კანონს ეფუძნება, ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს", - დასძინა პრაისმა.

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხუთშაბათს პარლამენტში მოწყობილი აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი კომიტეტის სხდომის ჩაშლა იყო და ვერანაირი დასაბუთება ვერ მოხდა იმის, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ევროკავშირზე უარის თქმა გამოიწვიოს.

„მათი [აქციის მონაწილეების] მიზანი იყო, რომ ჩაეშალათ კომიტეტის სხდომა. პირდაპირ ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირი დასაბუთება ვერ მოხდა იმის, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები [ევროკავშირზე უარის თქმა] გამოიწვიოს. ვერ ახსნეს და უბრალოდ დაკავშირება გამოვიდა იმასთან, რომ სპეციალური, მიზანმიმართული ქმედება იყო, რომ ეს კანონი გამოეყენებინათ რომ [კანონი] რუსულია, რუსეთში შეჰყავს „ქართულ ოცნებას", თუ ხელისუფლებას საქართველო და ეს კანონია, რომელმაც გადაბრუნება უნდა მოახდინოს, ევროკავშირზე უარის თქმა და ა.შ", - აცხადებს ყაველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე