ია აბულაშვილი
(03.03.2023)

„აგენტების შესახებ კანონპროექტებმა ჩაილურის წყალი დალია," - აღნიშნა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. მისი აზრით, სახალხო დამცველის პოსტზე „მოქალაქეების" მიერ წარდგენილი კანდიდატი ლევან იოსელიანი საჭირო ხმებს მოაგროვებს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და როგორ ტანვითარდება მოვლენები, "რეზონანსი" პოლიტოლოგ იგორ კვესელავას ესაუბრა.

„რეზონანსი": „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის მიღების ინიციატივამ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოწვია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნებამ" გადაწყვიტა, ევროინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი საკითხის განხილვა საჭიროა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ვენეციის კომისიის ოფიციალური დასკვნის შემდეგ მიიღებენ. მაინც რა გეგმები აქვს „ოცნებას"?

იგორ კვესელავა: მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ანუ „ოცნებამ" მომავალ არჩევნებში რომ გაიმარჯვოს, მას სჭირდება გარანტია. არსამთავრობოებს აქვთ დიდი ფინანსები, მხარდაჭერა ქვეყნის გარეთ და შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ არჩევნებზე. ხელისუფლებამ ჯერ ნიადაგი მოსინჯა, შემდეგ კი თქვა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდება. ჩემი აზრით, ამ კანონპროექტებს არანაირი მომავალი არ აქვს. წინააღმდეგობაა დასავლეთიდანაც, რომ არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ამიტომ ამ კანონპროექტმა ჩაილურის წყალი დალია, ხოლო ხელისუფლება სიჯიუტეს თუ გამოიჩენს, არ არის გამორიცხული, რომ პროცესი დაძაბოს. ვხედავთ, რაც ხდება ამ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში.

„რ": ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, იუსტიციის მინისტრს დემარში გადაეცა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთობლივი მოწოდების გაუთვალისწინებლობა, რომელიც ეხება სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გავლენას მოახდენს. თქვენ რას ელით, შეისმენს ხელისუფლება ევროპის ერთობლივ მოწოდებას სააკაშვილზე?

ი.კ: ჩხოროწყუს განცხადება ხომ არაა, ევროპის 27 ქვეყნის განცხადებაა, რომელთაც ვაქებთ და ვადიდებთ. ჩვენი ხელისუფლება ჩადის ევროპაში და ამ ქვეყნების მეთაურებს ხელს ართმევს. გეუბნებიან, გაუშვი ეს სააკაშვილი, შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენეო, მეტი რა თქვან... მაგრამ მიშას გაშვებაზე ხელისუფლება პრინციპზე დგას, თავის დამარცხებად მიაჩნია. როგორც აგენტების კანონი, ისე მიშას გაშვება მომავალ არჩევნებთან არის მიბმული. მიშას თუ გავუშვებთ საზოგადოება მომავალ არჩევნებში მხარს არ დაგვიჭერსო და ასე თუ გააგრძელა ხლისუფლებამ სიჯიუტე ყველა საკითხზე, შეიძლება მართლაც ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ. ისე, ხელისუფლებასაც უნდა მიშას თავის ტკივილის მოშორება, მაგრამ რა ქნას, პოლიტიკური სირცხვილის მომენტია.

„რ": პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი უნდა აირჩიოს, თანაც მისი გამჭვირვალედ არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. შეძლებს „მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო 90 ხმის მოგროვებას?

ი.კ: იოსელიანი ზომიერი კაცია, დიპლომატიც და გონიერიც. ქვის სროლა არ დაუწყია სხვებივით. ვფიქრობ, შეძლებს საჭირო ხმების მოგროვებას. უმრავლესობა სრულად დაუჭერს მხარს, ოპოზიციიდანაც ეყოლება მხარდამჭერები. ყველა ხელისუფლებას უნდა, რომ სახალხო დამცველი მის დაკრულზე ცეკვავდეს, მაგრამ უნდა მოიძებნოს შუალედური კანდიდატი.

„რ": „ნაცმოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგაც ვითარება ვერ დალაგდა. ვრცელდება ხმები, რომ ნიკა მელია დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას. თქვენ როგორ ხედავთ დამოუკიდებლად მელიას პოლიტიკურ აქტივობას?

ი.კ: მელია რის მელიაა, პოლიტიკური ეშმაკობა არ ჰქონდეს. მეც მსმენია ამ ინფორმაციის შესახებ. ვფიქრობ, რომ იგი შექმნის ახალ მოძრაობას თავის გუნდთან ერთად, შეუერთდებიან დეპუტატები პარლამენტიდან და შეიძლება ფრაქციაც ჰქონდეს პარლამენტში. აბა, ხაბეიშვილმა მხოლოდ იხმაურა... ოფიციალურად რა დაერქმევა მელიას ახალ მოძრაობას, არ ვიცი, „ახალი ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა სახელი, მაგრამ პარტიის სტრატეგია უცვლელი დარჩება, მიშას გათავისუფლება და ხელისუფლებაში მოსვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე