ელზა პაპოშვილი
(02.03.2023)

ჩხუბი, გინება და ფიზიკური დაპირისპირება - პარლამენტის ჟიული შარტავას დარბაზში „ოცნება“ 2 საათის განმავლობაში  კომიტეტის სხდომის დაწყებას უშედეგოდ ცდილობდა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებული ე.წ. აგენტების კანონპროექტი უნდა  განეხილა. 

მათ ამის საშუალებას დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობოები არ აძლევდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისს ნაწილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, შარტავას დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაცია ჩართეს. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით დაიწყო. 

დარბაზში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათგან გამოყოფილი   „ხალხის ძალა“, ასევე ის ექსპერტები, რომლებიც ამ კანონზე მუშაობდნენ, იქ ოპოზიციის ნაწილიც იყო. დარბაზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა პიკეტირებული, თუმცა სუს-ისა და მანდატურის სამსახურმა ისინი გააძევა. 

საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილევს. „ოცნების“ და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს შიგადაშიგ ლანძღავდნენ და სხვადასხვა სახის ნივთებსაც ესროდნენ. 

ამის შემდეგ კი პარლამენტის დარბაზიდან გამოგდებულმა გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა აქცია დაანონსეს. პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე წუთში  აქცია  დააიწყო. ადგილზე მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები  მივიდნენ, რომელბიც  კანონპროექტს აპროტესტებდნენ. „არა რუსულ კანონს“ სკანდირებდნენ  აქციაზე.   

ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და ახლა მოქმედების დროა. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს და ხალხი ამას უნდა შეეწინააღმდეგოს:   

„ახლა მნიშვნელოვანია მოქმედება. დღესაც, ხვალაც, ორშაბათსაც, სამშაბათსაც. გენერალური აქცია იქნება თუ არა? - იქნება. გენერალური ბრძოლა იქნება თუ არა?- იქნება. ოღონდ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური, პარტიული დამოკიდებულებები შეხედულებები, ვის ვინ მოსწონს და არ მოსწონს, სამშობლო არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა გავარუსოთ ეს ქვეყანა, რაც არ უნდა ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 80%-ს. ქართველი ხალხის ნება უნდა აღსრულდეს,“ - ამბობს  ხაბეიშვილი.   

ამის პარალლეურად კი კომიტეტის სხდომაზე განცხადებები კეთდებოდა. 

„ჯიპებიდან“ შეიძლება არ ჩანს, მაგრამ გავიდეთ ქუჩაში, ნავთლუღის ბაზარში გავიაროთ, ხალხი ტალახში და წვიმაში რომ არის, იმას ფიქრობს, ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ, ესღა დარჩაო? სხვა დარდი, სხვა პრობლემა ქვეყანაში არ არის?“ – თქვა პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე.  

მისივე თქმით, ქვეყანაში არაერთი პრობლემაა და პარლამენტმა იმაზე უნდა იზრუნოს.  

„სულაც არ მინდა, ამაზე ვლაპარაკობდე, ვეტერანებზე მინდა ვილაპარაკო. რა დროს ეს არის, რატომ აკეთებთ ამას, რას აკეთებთ და პერსპექტივას უკლავთ ამ ქვეყანას, მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, ეგეთი ხოში გვაქვს, რომ რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა? არ გახდება რუსეთი, ეს არის საქართველო, აღარ გახდება რუსეთი და რაც გინდათ, მიიღეთ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

„ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე ავარდა და ტექნიკური მთავრობის შეცვლას ითხოვდა. ეს იყო მიუღებელი და როდესაც საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვდნენ ამაში, სწორედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ითხოვს მის მხარდაჭერას,“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე. 

„ჩვენი კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას. თხოვნა მაქვს, თუკი სადმე ნახავთ აკრძალვას, შეზღუდვას, მითხარით და აქვე ჩავასწორებ, რადგან არც მე მინდა არასამთავრობო სექტორი აიკრძალოს ან შეიზღუდოს,“ - თქვა მან. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღება თავის ტკივილად ნამდვილად უღირს და ამის რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში, ის ამ კანონით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას მოახდენს. შემდეგ კი 2024 წელს თუკი აგენტებად გამოცხადებული ორგანიზაციები და მედიები არჩევნებს დააკვირდებიან, მათი დასკვნა ხელისუფლებისთვის მისაღები აღარ იქნება, რადგანაც ეს ხალხი უცხო  ქვეყნის აგენტებად იქნებიან გამოცხადებულები.    

„ხელისუფლება წინასწარ ნიადაგის შემზადებას ცდილობს. ერთია რომ ამ კანონით, მისთვის მიუღებელ ხალხს უცხო ქვეყნის  აგენტებად გამოაცხადებს და მეორეა, როცა არჩევნებს ისე ჩაატარებს, არცერთი ამ ორგანიზაციის დასკვნას ლეგიტიმურად არ სცნობს. მათ აგენტებად შერაცხავს და რა თქმა უნდა, უცხო  ქვეყნის აგენტის სიტყვას ძალა არც ექნება. მეორეც, ამ კანონის მიღების შემდეგ ამ ხალხის საქართველოში გაჩერება როგორ იქნება, ისინიც ქვეყნიდან გადინებას დაიწყებენ. იგივე სიტუაცია იქნება, როგორიც რუსეთში მოხდა. 

„ოცნებას“ რამე ახალი კი არ მოუფიქრებია, რუსებიც ასე დაჟინებით იმეორებდნენ, რომ ე.წ.  ამერიკული კანონი იყო. თუმცა ეს ამერიკულის  ანალოგი როგორ არის, როცა  ამერიკელებმა ერთი საკუნის წინ მიიღეს. კანონში ხომ შესწორებების შეტანა ხდება. იგივეს აკეთებენ ამერიკელებიც. იმ ერთი საუკუნის წინანდელ კანონში რამდენი შესწორება შეიატანეს. ეს ხომ რელიგიური დოგმა არ არის და კანონის ჩასწორება შესაძლებელია. რუსები დასავლეთს და ამერიკას თავის მოწინააღმდეგედ მიიჩევს და ეს კანონი რუსი ხალხისთვის გასაგები იყო. თუმცა როგორ იქნება ეს ქართველი ხალხისთვის გასაგები? როცა 80%-ი ევროკავშირში შესვლას მხარს უჭერს და ეს ქვეყანა ამერიკის და დასავლეთის გადარჩენილია. ჩვენ ამ კანონს რატომ ვღებულობთ?   დასავლეთს ერთი ხელით სტრატეგიულ პარტნიორებად მივიჩნევთ და მეორე ხელით კი აგენტებად ვაცხადებთ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.    

რაც შეეხება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ კანონპროექტის პირველი  მოსმენის მერე  ვენეციის კომისიას განსახილველად გადაუგზავნოს, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლება დროს მოიგებს და გარკვეულ ტაიმაუტს აიღებს. ექნება საშუალება ქვეყნის შიგნით  და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდნენ. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

„არ მგონია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ახლა უნდათ, რომ პირველი მოსმენით ეს კანონპროექტი დაძლიონ, თუ რამე შესწორება იქნება შესატანი, შეიტანენ, თუ არადა, „ოცნება“ ეცდება, რომ დროში გააჭინაუროს. ამით დააკვირდება უკრაინაში პროცესები როგორ განვითარდება. ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს. ამიტომ ფრთხილობენ, რომ ერთგულება რუსეთს დაუმტკიცონ. ხოლო თუ დაინახაეს, რომ რუსეთი მარცხდება, მაშინ შესაბამის ზომებს მიიღებენ. საკმაოდ ჭკვიანი ხალხი ჰყავთ, ვინც ამას გეგმავს. მათი სტრატეგია ამართლებს და იმას აკეთებენ, რაც სურთ. ოპოზიცია ამაში ვერ ეწინააღმდეგება“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

რაც შეეხება ოპოზიიცის განცხადებას და მოწოდებებს აქციისკენ, ძაბირაძე ამბობს, რომ ისინი ამ შანსსაც ხელიდან უშვებენ. ხალხის მობილიზება აქმდე უნდა დაეწყოთ და ზუსტად აეხსნათ, რატომ უნდა გამოსულიყვნენ ქუჩაში.   

„ერთი საათით ადრე მიტინგს რომ აცხადებს ოპოზიცია, ასე უნდათ წინააღმდეგობის გაწევა? ეს ყველაფერი კი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. რატომ ვერ ხვდებიან ამას, ახსნა არ მაქვს. ან ხელისუფლების თამაშს თამაშობენ. უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა. როცა ოპოზიცია არ ემზდება, ხალხს ზუსტ ინფორმაციას არ აწვდის, რა ხდება, რა თქმა  უნდა, ეს საპროტესტო მუხტი უკვე ჩაფლავებულია,“ - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.   

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე