დონეცკის ოლქში ქალაქი ბახმუტი უკვე ათი თვეა ოკუპანტების სამიზნეა, სისხლიანი ბრძოლების მიუხედავად, უკრაინელი დამცველები ქალაქს კვლავ აკონტროლებენ. იყო ვარაუდი იმაზეც, რომ შესაძლოა უკრაინელ ჯარისკაცებს ქალაქის დატოვების ბრძანება მიეღოთ, თუმცა ამის საჭიროება ჯერ არ დამდგარა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ უკრაინას ბახმუტისთვის ბრძოლაში ახალი უპირატესობა გაუჩნდა. თავად „ვაგნერელები", რომლებიც ქალაქში იბრძვიან, ამბობენ, რომ წინსვლისთვის საჭირო საბრძოლო მასალა არ აქვთ.
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, ბახმუტსა და ზოგადად დონეცკში სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა წამიერად ცვალებადი, როდესაც თითოეული სახლისთვის და შენობითვის იბრძვიან.
„ბახმუტში გააფთრებული პოზიციური ბრძოლებია, სიტუაცია კრიტიკულად გაურკვეველია. უკრაინელები ქალაქს არ თმობენ, ყველანაირად იცავენ. ადგილობრივი შენაერთების მეთაურმაც განაცხადა, რომ არ დათმობენ და ბახმუტი უკრაინაა. ამასთან სერიოზული რეზერვების გადასროლა მიდის. იქ რუსების მხრიდან ძირითადად „ვაგნერი" მუშაობს, მათ საბრძოლო მასალა უკვე მიიღეს. როგორც ვიცი, კადიროვის დაჯგუფების წარმომადგენლებიც გადაისროლეს.
„მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სტალინგრადის ბრძოლები მიდის, როდესაც თითოეულ სახლისთვის იბრძვიან. სამი მთავარი გზიდან ორი გადაჭრილია და უკრაინელებს მესამე გზიდან ამარაგებენ. ოპერატიული ალყის საფრთხე ისევ არის.
„ბახმუტი უკრაინული თავდაცვის მთავარი ხაზია, უკრაინელები დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან რუსულ აგრესიას იცავენ, რომ ოკუპაცია სხვა ტერიტორიებზეც არ გავრცელდეს. ესაა ყველაზე კარეგად ეშელონიზირებული თავდაცვითი ხაზი, ანუ უკრაინული „მანერჰეიმი".
„სამწუხაროდ რუსებმა პირველი ეშელონი გაარღვიეს, მეორე თავდაცვითი ხაზის გარღვევის შემთხვევაში, ისინი პირდაპირ სლავიანსკი-კრამატორკსისკენ მესამე თავცდაცვით ხაზზე გადიან და თუ ესეც დაეცა, მაშინ დონეცკის ოლქის მთლიანი ოკუპაცია გამოდის და ზაპოროჟიეს მიმართულებით პირდაპირ გავლენ. ეს კი საკმაოდ საშიში ტენდენციაა, ამით ოპერატიულ სივრცეზე გავლენ.
„გააფრთებული ბრძოლები მხოლოდ ბახმუტში არაა, ბრძოლები მარინკაში, ავდეევკასა და უგლიადარშიცაა. მთავარია, რომ ეს ზღუდე არ დაეცეს",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშში წერს, რომ უკრაინას ბახმუტისთვის ბრძოლაში ახალი უპირატესობა გაუჩნდა. მოხსენებაში წერია, რომ ტემპერატურის მატებამ უკრაინის ფრონტზე ვითარება შეცვალა, ტალახი მტრის მძიმე ტექნიკის მოძრაობას აფერხებს.
„ტემპერატურების მატებამ და ყინულის ლღვობამ ტალახიანი პირობები შექმნა, რაც უხეშ რელიეფზე გადაადგილებას ზღუდავს. ეს როგორც წესი, ეს დამცველი ძალებისთვის სამხედრო უპირატესობას ქმნის," - ნათქვმია ანგარიშში.
დასძენენ, რომ უახლოეს კვირებში უკრაინაში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი, რითაც რელიეფი მეტად ატალახდება და გადაადგილებას კიდევ უფრო გაართულებს. ეს გარემო პირობები კი მარტის ბოლომდეა მოსალოდნელი.
„ეს დამატებით სირთულეებს შექმნის სახმელეთო ოპერაციების თვალსაზრისით და მძიმე ჯავშანტექნიკის გადაადგილებას გაართულებს ტრასის გარეთ, განსაკუთრებით ბახმუტის რაიონში უხეშ რელიეფზე", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსები დიდ ზარალს განიცდიან და მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან. მისი თქმით, რუსები ბახმუტზე შტურმისთვის დაჯგუფება ვაგნერის ყველაზე გამოცდილ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებენ, რომელთა ლიდერები იბრძოდნენ სირიაში, ლიბიასა და სხვა ცხელ წერტილებში.
„რუსი ოკუპანტები დიდ ზარალს განიცდიან, მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან. უკრაინელი სამხედროები ციხე-ქალაქს ჯერ არ დატოვებენ. სარდლობა ჯარებს გაიყვანს, თუ საფრთხეს დაინახავს, მაგრამ ამას ორგანიზებულად და პანიკის გარეშე გააკეთებს," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.
რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით კი, უკრაინელები ბახმუტისთვის „მძვინვარედ" იბრძვიან.
„ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მძვინვარედ იგერიებს თავდასხმებს. სისხლისღვრა ყოველდღიურად მატულობს", - აღნიშნა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, წინსვლისთვის საჭირო საბრძოლო მასალა არ აქვთ.
„იმედი მაქვს, სისტემა მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგულარულად მივიღებთ საბრძოლო მასალას", - აღნიშნა პრიგოჟინმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე