ბაჩანა ტყემალაძე
(01.03.2023)

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა გასული წლის თებერვლიდან აქტიურად დაიწყო რუსეთის ფედერაციის დასანქცირება, რაც ოკუპირებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც შეეხო.

სიტუაცია აფხაზეთში

აფხაზეთი რუსული რუბლის ზონაში იმყოფება, აქედან გამომდინარე ყველა ის სანქცია და შეზღუდვა, რომელიც რუსეთს შეეხო, აფხაზეთის მოსახლეობამაც კარგად იგრძნო. მაგალითად, რუსეთთან საკმაოდ ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის გამო, აფხაზეთი შეუზღუდავად იღებდა რუსეთისთვის ხელმისაწვდომ ყველა პროდუქციას, მაგრამ შეზღუდვების შემდეგ შეიქმნა მრავალი საჭირო პროდუქტების დეფიციტი.

მათთვის საბედნიეროდ, რუსეთი არ ყოფილა აფხაზეთის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი და იმპორტიორი ქვეყანა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სავაჭრო ურთიერთობები აქვს თურქეთთან და საქართველოსთანაც, მაგრამ ქართულ-აფხაზური სავაჭრო მიმოქცევა არ არის ოფიციალური. მარტივად რომ ვთქვათ, მასზე ყველამ იცის სოხუმში, მაგრამ არავინ საუბრობს.

ეკონომიკური პრობლემები აისახა აფხაზეთის ენერგომომარაგებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დენის დიდი ნაწილი ენგურჰესიდან მოდის, 2022 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში სერიოზული ელეექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა, რაც რამდენიმე მთავარმა ფაქტორმა გამოიწვია - ენგურჰესის არაეფექტურმა მუშაობამ მდინარის დაბალი კალაპოტის გამო, ძველმა ელექტროგაყვანილობამ და იმან, რომ რუსეთმა ჩამოთვლილი ფაქტორების გამო შექმნილი დეფიციტი ვერ აანაზღაურა საკმარისი ელექტროენერგიით.

ერთადერთი სფერო, რომელზეც სანქციებს ნეგატიურად არ უმოქმედია, ეს ტურიზმია.

რაც შეეხება ახალ კანონპროექტებს. აფხაზეთი უკვე დანამდვილებით აპირებს უცხოელებს ნება დართოს ააშენონ და შეიძინონ უძრავი ქონება მათ ტერიტორიაზე, რაც აქამდე დაუშვებელი იყო, რადგან მოსახლეობას დღემდე ეშინია, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა რუსების, ან თუნდაც რუსეთის მოქალაქე ქართველების სასარგებლოდ შეიცვლება. აღნიშნულ კანონპროექტს „აპარტ-სასტუმროების და ბინების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" კანონითაც მოიხსენიებენ.

დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ისინი ამ გზით რუსეთის შუამავლობით მოიზიდავენ მრავალ ინვესტორს. ის მიწა, რომელზეც კორპუსები აშენდება, აფხაზეთის საკუთრებაში დარჩება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ, რომ უკვე აშენებული ბინები შეიძინონ.

ანტირუსული განწყობის აფხაზეთში გაძლიერებას ადასტურებს ისიც, რომ თებერვლის დასაწყისში, დე ფაქტო ხელისუფლებამ „ანტირუსულ განწყობებთან" საბრძოლველად გეგმები დააანონსა.

ინალ არძინბამ და ეგრედ წოდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განიხილეს „გარე მტრული ძალების" მიერ აფხაზეთში ანტირუსული განწყობების პროვიცირების მიზანმიმართული მცდელობები. კიუტმა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება „მკაცრ ზომებს" მიიღებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რა მოიაზრება კონკრეტულად ამ ზომებში.

ანტირუსული განწყობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბიჭვინთის სახელმწიფო დაჩის რუსეთისთვის გადაცემამაც, რომელსაც ჰარაჰ-პიცუნდას ახალგაზრდული ჯგუფი 2022 წლის სექტემბრიდან დღემდე აპროტესტებს.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ აფხაზეთში უკვე მკვეთრად იგრძნობა ანტირუსული განწყობა და ამას ახალგაზრდების მხრიდან თან სდევს პროდასავლური ორიენტაციაც.

„ანტირუსული განწყობა აფხაზეთში განაპირობა არა სანქციებმა, არამედ რუსულმა პოლიტიკამ, რომელიც დროის გასვლასთან ერთად აფხაზეთის მოსახლეობას უფრო და უფრო არ მოსწონს. ვგულისხმობ უძრავი ქონების გაყიდვის ახალ კანონპროექტს, რომლის მიმართაც თითქმის მთელი სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ნეგატიურადაა განწყობილი.

„ასევე, ანტირუსული განწყობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა იმ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას ეხება. აგრეთვე ვრცელდებოდა ხმები, რომ ზემოთ ხსენებული ორი რეგიონი იძულებით უნდა შეეყვანათ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში.

„რაც შეეხება პროდასავლურ განწყობებს, ისინი ევროპას უყურებენ როგორც ეკონომიკური მოძლიერების ერთ-ერთ გამოსავალს. ისინი ევროპაში წასვლას ომის დაწყების შემდეგ თურქეთის გავლით ახერხებენ. ძალიან იშვიათად, თუ აფხაზეთის პასპორტის მქონე ადამიანი საქართველოს გავლით წავა ევროპის რომელიმე ქვეყანაში",- განაცხადა ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ.

სიტუაცია სამხრეთ ოსეთში

რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა სანქციების ფონზე დაამტკიცეს 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა, რომლის საერთო მოცულობა 3.5 მილიარდ რუბლს აღემატება.

აღნიშნული პროგრამიდანაც ჩანს, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დასუსტებულია, რადგან წინა საინვესტიციო პროგრამა ერთი მილიარდი რუბლით მეტი იყო.

რუსეთი გააგრძელებს ცხინვალისთვის ფულის მიცემას, მაგრამ ის ნამდვილად ბუნდოვანია, შეძლებს თუ არა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა არსებობას.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, საპარლამენტო პარტია „ერთიანი ოსეთის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა ალან თადთაევმაც დაიწყო, რომელიც ფერმერების დახმარების ინიციატივით გამოვიდა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

სამხრეთ ოსეთის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკაზე ისაუბრა დე ფაქტო პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, იგორ კოჩიევმაც.

„სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ეკონომიკა იმდენად სუსტია, რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა იგორ კოჩიევმა.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის განწყობებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე ბევრჯერ ჩატარდა რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით და როგორც „ერთიანი ოსეთის" ლიდერი, პარლამენტარი და ყოფილი სპიკერი ალან თადთაევი ამბობს, ხალხის უმრავლესობა რუსეთთან გაერთიანებას მხარს უჭერდა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად „მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი საუბრობს სუვერენიტეტზე". ასევე მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მცირე მოსახლეობით სუვერენიტეტი ძნელი მისაღწევია და იგი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი გაგებით მოეკიდება გაერთიანების მომხრეების პოზიციას.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" სამხრეთ ოსეთზე საუბარში ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში მრავალი მიზეზის გამო ანტირუსული განწყობა ვერ მკვიდრდება, მაგრამ სანქციებმა იქაური ეკონომიკა კიდევ უფრო დაასუსტა.

„იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს მობილიზაცია არ შეხებიათ, ომის დაწყების პირველ დღეებში, როდესაც უკრაინელების მიერ დატყვევებული რუსი ჯარისკაცების სია გავრცელდა, იქ მრავალი სამხრეთ ოსური გვარი იყო. მეტიც, 80-90 პროცენტს სწორედ ოსები შეადგენდნენ.

ეს იმით აიხსნება, რომ ცხინვალის სამხედრო ბაზა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მამაკაცების ერთ-ერთი მთავარი სამუშაო სივრცეა. ყველა პროფესია აქვთ ათვისებული, მძღოლიდან და ჯარისკაციდან დაწყებული სამედიცინო პერსონალით და სამზარეულოს მუშით დასრულებული.

მიუხედავად სანქციებისა, მათ სურთ, რომ რუსებს შეუერთდნენ რადგან ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანდნენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე