ნაზი ბერიძე
(01.03.2023)

ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის" (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო. მანამდე მისი შემღება 2023 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი იყო. როგორც ანალიტიკოსმა ვანო ჩხიკვაძემ „რეზონანსს" უთხრა, სისტემის დანერგვა საქართველოში პირველ ეტაპზე გარკვეულ პროცედურულ პრობლემებს გამოიწვევს. თუმცა, მეტნაკლებად მოგვარდება ქართველი მოგზაურებისთვის ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის კვეთის საკითხი.

უვიზო ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან მოგზაურებს, რომლებიც ევროპას 2024 წლიდან ეწვევიან, გამგზავრებამდე, მოგზაურობის ნებართვის მიღება დასჭირდებათ, განაცხადი მათ გამგზავრებამდე ონლაინ უნდა შეავსონ.

ყველა მოგზაურს, ასაკის მიუხედავად, ETIAS-ის მიღება მოეთხოვება. ავტორიზაცია ძალაში 3 წლის განმავლობაში ან პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე იქნება. ტურისტებს მოგზაურობის ავტორიზაციისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ 7 ევროს გადახდა მოუწევთ.

ანალიტიკოსი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" ETIAS-ის სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს, თუმცა, მიაჩნია რომ საერთო ჯამში ის იქნება წარმატებული სისტემა, რომელსაც დრო გვიჩვენებს: „გადადების მიზეზი ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სინქრონიზაცია მთლიანად სისტემასთან დაკავშირებით."

„ზოგადად სისტემის არსი არის ის, რომ წინასწარ მოხდეს მგზავრის რეგისტრაცია. ალბათ გარკვეული გამოწვევა იქნება მოსახლეობის ინფორმირებულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღრმისეულად უნდა მოხდეს ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, როდესაც დაიწყება სისტემის ამოქმედება.

„სავარაუდოდ, თავიდან საჭირო იქნება რაღაცა დახმარება და გარკვეული რგოლები, ვინც აუხსნის პოტენციურ მგზავრს, როგორ უნდა შეავსოს ყველაფერი და როგორ უნდა შეიტანოს, ერთგვარი ინსტრუქტაჟი.

„რაც შეეხება დადებით მხარეს, დადებითი მხარე არის ალბათ ის, რომ რეალურად უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც აბრუნებენ საზღვრიდან, არ აძლევენ უფლებას ევროკავშირის და შენგენის ვიზის საზღვარი გადაკვეთოს, იმის გამო, რომ ვთქვათ დოკუმენტაცია არა აქვს მოწესრიგებული. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ წესით, ამ სისტემამ ზუსტად ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

„რამდენად განაპირობებს ეს სისტემა უსაფრთხოებას, ეს გარკვეულწილად დრომ უნდა გამოსცადოს, - განაცხადა „რეზონანსთან"ვანო ჩხიკვაძემ

ETIAS-ის შემოღება ევროპაში მზარდი ტერორისტული საფრთხის საპასუხოდ ხდება, რომლის მიზანიც ყველა ვიზიტორის ჩასვლამდე, სასაზღვრო კონტროლისა და შემოწმების გაძლიერებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე