ქალაქ ბახმუტის გარშემო სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და გადამწყვეტი ბრძოლები ქალაქის დასაკავებლად მიმდინარეობს. მიუხედავად რუსების მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, ოკუპანტებმა იქ „ვაგნერის“ ყველაზე კარგად მომზადებული თავდასხმის ქვედანაყოფები გადაისროლეს, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ჯარების თავდაცვა და ალყა შემოარტყან ქალაქს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ტრადიციულ ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, რომ დონბასში, ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება და მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად იყენებენ.
ამის პარალლეურად კი უკრაინის რამდენიმე ოლქში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა ჩერნიგოვის, სუმის, კიევის, პოლტავას, ხარკოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.
კრემენჩუგის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მოგვიანებით, პოლტავას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლუნინმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ ოლქის თავზე 5 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
გუშინ, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთმა, უახლოეს ორ დღეში, შესაძლოა, უკრაინაში ახალი მასიური სარაკეტო დარტყმა გამახორციელოს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები სვატოვოსა და კრემინას მახლობლად და სავარაუდოდ, შეზღუდულ წინსვლას მიაღწიეს კრემინას ჩრდილოეთით.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ ჩართულობას "ცრუ დროშის" ოპერაციებში, რადგან ლუგანსკის ოლქში მიმდინარე რუსული შეტევა კულმინაციას უახლოვდება და უკრაინის კონტრშეტევის შესაძლებლობები იზრდება.
ISW შეფასებით: "რუსული ძალების შეტევას ლუგანსკის ოლქში არ გააჩნია საკმარისი რეზერვები შეტევის მასშტაბის ან ინტენსივობის გასაზრდელად".
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერც კრემენაიას რაიონში მიაღწიეს, სადაც ისინი წინსვლას ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ცდილობდნენ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლუგანსკის რეგიონში ტაქტიკური ჩიხია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში, უკრაინელმა სამხედროებმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ქვედანაყოფების უმეტესი ნაწილი გაანადგურეს.
"რუსები იძულებულნი არიან შეცვალონ ვაგნერელები რუსული არმიის სამხედროებით, რადგან ვაგნერის ქვედანაყოფების უმეტესობა გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა", - თქვა მალიარმა.
მისივე თქმით, რეგულარული რუსული ჯარები დემოტივირებულია, განსხვავებით "ვაგნერელებისგან", რომლებიც ფულს იღებენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
გარდა ამისა, მალიარის თქმით, ბახმუტში ვითარება კვლავ მძიმე და დაძაბულია. მტერი უკრაინელ დამცველებს აჭარბებს, მაგრამ ოკუპანტების დანაკარგები გაცილებით მეტია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ურთულესი მდგომარეობაა ბახმუტში, სადაც ქალაქის დასაცავად მნიშვნელოვანი ბრძოლები მიმდინარეობს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი შტაბის სხდომა ჰქონდა გაფართოებულ ფორმატში და დეტალური ინფორმაცია აქვს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. დღესდღეობით შტაბის შეხვედრები იმართება საკმაოდ ხშირად - კვირაში ორჯერ მაინც. ბოლო შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. დღეს კი გენერალმა სირსკიმ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ მხოლოდ მისი მიმართულებით 800-მდე მტერი მოკლეს.
რუსეთი საერთოდ არ ითვლის ხალხს, აგზავნის მათ მუდმივ თავდასხმაზე ჩვენს პოზიციებზე. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ იზრდება", - თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს, რომლებიც, მიუხედავად "გიჟური ზეწოლისა" იცავენ უკრაინის პოზიციებს და ანადგურებენ რუსულ არმიას.
"ჩვენ ვამზადებთთ ჩვენი მეომრების დასაბრუნებლად ჩვენი მიწის გათავისუფლების მიზნით აქტიური მოქმედებებისთვის. ჩვენ გვახსოვს ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი მიზანი და ყოველდღე ვუახლოვდებით მის განხორციელებას: უკრაინა თავისუფალი იქნება, მთელი უკრაინა", - თქვა ზელენსკიმ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფორსი და გენერალ- მაიორი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გაზაფხულზე ომში რაღაცა გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება. მას შემდეგ, როცა ორივე მხარე გარკვეულ წარმატებას მიაღწევს. ეს კი დიდი იმედი აქვს უკრაინა იქნება. ამის შემდეგ კი უკვე გამოჩნდება ის გზა, რა გზითაც შესაძლოა დაპირისპირება განვითარდეს.
„ფაქტი ერთია, რომ ეს ხანმოკლე ომი არ არის. შესაძლოა რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაიყინოს კიდევაც, მაგრამ ეს ომი მალე არ დამთავრდება. ამ ეტაპისთვის ზუსტად არავინ იცის დასავლეთიდან უკრაინა რამდენ იარაღს მიიღებს. თუმცა იმისთვის, რომ ის კონტრშეტევაზე გადავიდეს, გაარკვეული საარმიო კორპუსის დანაყოფის შექმნა სჭირდება.
„ეს უნდა იყოს დარტყმითი დანაყოფი, რომელიც მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ შეტევაზე. უკრაინას ამისთვის ჯავშანტექნიკა სჭირდება. როგორიცაა - ტანკები, მხარდამჭერი ქვეითთა საბრძოლო მანქანები. შესაბამისად, ამ ტექნიკას აუცილებლად დასჭირდება ჰაერიდან მხარდაჭერა.
„ყველაფერი ეს როდესაც უკრაინისთვის კომპლექსში იქნება მიღებული, დარტყმითი მუშტის ჩამოყალიბებას შექმნის, ამ შემთხვევაში კონკრეტულ მიმართულებაზე კონტრშეტევას შეძლებს. დარწმუნებული ვარ ეს სამხრეთის მიმართულება იქნება. გარკვეული წარმატების მიღწევის შანსი ამ შემთხვევაში ექნება“,-ამბობს კაპანაძე.
მისივე თქმით, რუსეთს აქვს რესურსი თუკი ომი პოზიციური ბრძოლებით გაგრძელდება. მას ასეთი დაპირისპირება აწყობს და ზუსტად ამის რესურსი ჯერ კიდევ აქვს. თუმცა, თუკი უკრაინა მობილურ, თანამედროვე იარაღს მიიღებს, შექმნის იმ დაჯგუფებას რაზეც უკვე ისაუბრა, მაშინ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდება.
გენერალი ამბობს, რომ რუსეთს არ შეუძლია, ამ ეტაპზე, ახალი ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყება. თუმცა მას აქვს რესურსი რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა გააგრძელოს. ამიტომ ფიქრობს, რომ ომი გაჭიანურებულ ხასიათში გადავა. ფაქტიურად ეს უკვე ასეც ხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე