ელზა პაპოშვილი
(28.02.2023)

მმართველი პარტია „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის სამართლებრივი ექსპერტიზისათვის და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ კომისიის ოფიციალური დასკვნის შემდეგ მიიღებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ საუბრისას ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ, თუმცა, მათი უმრავლესობა ერთ რამეში თანხმდება - კომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, უარყოფითი იქნება და თუ პარლამენტმა კანონი მაინც მიიღო, ეს მოსახლეობის პროტესტს გამოიწვევს. თუმცა მეორე საკითხია, როგორ გამოიყენებს ამას ოპოზიცია.

მოძღაობა „ხალხის ძალამ“ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებაში ორი კანონპროექტი მოამზადა. მმართველ პარტიას დაგეგმილი აქვს ორივე კანონპროექტი მიიღოს პირველი მოსმენით. სამშაბათს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ მათი განხილვა უკვე უნდა დაიწყოს კომიტეტებში, რის შემდეგაც უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ამის შემდეგ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება და „ოცნება“ მათ დასკვნას დაელოდება.

ანალიტიკოსები ასეთ გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ - მმართვლი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობა, დროის მოგება და უკან დახევა.

თავად „ოცნებაში“ ვარაუდობენ, რომ კომისიას კანონის ერთ ვერსიაზე მაინც ექნება დადებითი შეფასება და შესაბამისად, მას მიიღებენ. თუმცა, ანალიტიკოსები ორივე კანონპროექტზე უარყოფით დასკვნას ელიან და მათი შეფასებით, თუ ამის მიუხედავად პარლამენტი კანონს მაინც მიიღებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს კანონი პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ზოგადად, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივასთან. შესაბამისად, თუკი საქართველოს მოსახლეობა ჩათვლის, რომ საქართველო ევროინტერგაციის ისტორიულ შანსს მმართველი პარტიის მოქმედების გამო კარგავს, ეს სერიოზული პროტესტის საფუძველი გახდება. 

ხელისუფლების პოზიცია 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ აუცილებლად „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთს, ოღონდ მხოლოდ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკნის შემდეგ.

კანონპროექტის საბოლოოდ დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტმა მას სამი მოსმენით უყაროს კენჭი. კობახიძემ თქვა, რომ პირველი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობა ამ ორივე კანონპროექტს დაუჭერს მხარს და შემდეგ ისინი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას.

იგი გამორიცხავს, რომ ვენეციის კომისიამ ორივე კანონპროექტი ნეგატიურად შეაფასოს და ამბობს, რომ საბოლოოდ იმ ვერსიას მიიღებენ, რომელზე დადებითი შეფასება იქნება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპისგან და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი“, -ამბობს პრეზიდენტი. 

აღსანიშნაავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას („ქართულ ოცნებას“ და „ხალხის ძალას“) პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია. 

საფრთხე ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის

საქართველოს დასავლელი პარტნიორები პრაქტიკულად პირდაპირ აცხადებენ, რომ „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.

„ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი.    

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კანონად არ იქცევა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეს არის არასწორი გზავნილია და ის ევროკავშირის თორმეტ პრიორიტეტთაგან სულ მცირე ორთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას ეხება.

„ეს არის არასწორი გზავნილი, არასწორი დროის არჩევის მხირვ. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან – სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფლების შესახებ პრიორიტეტებთან. მე ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე, რომ ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, - აღნიშნა ელჩმა.  

შესაძლო პოლიტიკური ვაჭრობა

ანალიტიკოსი რამაზ სყავარელიძე ფიქრობს, რომ „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა „ოცნებას“ თავის ტკივილად ექცეს. მმართველი პარტია კი ამას კარგად მიხვდა და ამიტომაც, თავის დაზღვვეის მიზნით, კანონპროექტის ორივე ვერსიას ვენეციის კომისაში აგზავნის. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეს სააკმაოდ კარგად გააზრებული ტაქტიკური ნაბიჯია და არ გამორიცხავს ხელისუფლებას ეს კანონი რაღაცაში სავაჭროდ სჭირდებოდეს.

„ევროკავშირი იმდენ შეცდომას უშვებს საქართველოსთან მიმართებაში, არ გამიკვირდება ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც იგივე გააკეთოს. შესაძლოა მათ ეს ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისთვისაც კი გამოიყენონ. 

„რაც შეეხება თავად კანონს, ვფიქრობ სრულიად ზედმეტი კანონია, რომლისგანაც რა ხეირი უნდა მიიღოს ვინმემ, ვერ ვხვდები. 

„30 წლის განმავლობაში სამი ომი გამოვიარეთ. ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი აგენტურა მუშაობდა. გვახსოვს, რომ ყველა მიმართულებით უამრავი პრობლემები არსებობდა. მაგრამ საჭირო არ გამხდარა ასეთი კანონის მიღება და დღემდე მოვედით. 

„არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი ახლა საჭირო იყო. ექსპერტების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოს ხელისუფლებას ეს სავაჭროდ სჭირდებაო. მამუკა არეშიძემ გამოთქვა ასეთი მოსაზრება და ვეთანხმები, პოლიტიკაში ასეთი ტაქტიკა დაშვებულია“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

როგორ გამოიყენებს ხალხის უკმაყოფილებას ოპოზიცია

საყვარელიძის აზრით, წინასწარ უკვე შეიძლება თქმა, რომ ვენეციის კომისიისგან დადებითი პასუხი არ იქნება და თუკი პარლამენტმა ამის მიუხედავად კანონი მაინც მიიღო, ეს მოსახლეობაში პროტესტს გამოიწვევს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ისევ ძველ პრობლემამდე მივალთ - შეძლებს თუ არა ოპოზიცია ამ სამოქალაქო პროტესტის პოლიტიკურ პროტესტად გარდაქმნას. 

„არ ვიცი, არ მგონია ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ეს შესაძლოა გარკვეულწილად დროის მოსაგებად სჭირდებოდეს. თუმცა, თუ კანონი მიიღეს და ევროკავშირმა ეს მიზეზად გამოიყენა იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულებულად არ ჩაგვითვალა, მაშინ ფაქტია, რომ ქუჩაში გამოსვლები იქნება. 

„თუმცა აქ ისევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გამოდის წინ - როგორ გამოიყენებენ ხალხის ამ გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები და ოპოზიცია. შეძლებენ ხალხის იმაში დარწმუნებას, რომ ამ აქციას პერნამენტული პოლიტიკური სახე მიეცეს?

„ფაქტია, რომ ამას უკვე დიდი  ხანია ვერ ახერხებენ. შარშანაც ვნახეთ ხალხის გამოსვლა, წელსაც 24 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ევროკავშირი უნდა, მაგრამ, როგორც კი ამ პროტესტის სათავეში პოლიტიკოსები აღმოჩნდებიან, მაშინვე ხალხი სახლში მიდის. ამიტომ ახლა ბევრი რამ კვლავ ხელისუფლების და ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული. ხელისუფლება რომ ამ კანონით, რომელიც არაფრის მომცემია, შარში ეხვევა - ფაქტია, თუმცა რად უღირს ეს შარი, გამოჩნდება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.  

„ხელისუფლებამ უკან დახევა გადაწყვიტა...“

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას უკან დახევად აფასებს. მისი თქმით, „ოცნებამ“ წინასწარ იცის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უარყოფითი იქნება და ურჩევნია ამ საბაბით თქვას უარი „ხალხის ძალის“ კანონის მიღებაზე.

„ხელისუფლებამ როდესაც ამ კანონის ირგვლივ დასავლეთის მწვავე რეაქცია დაინახა, უკან დახევა გადაწყვიტა. ამისთვის კი ცდილობს თავი დამარცხებულად არ წარმოაჩინოს და კანონპროექტები ვენეციის კომისაში გაგზავნა. არ უნდა ეს უკან დახევა ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა მიიწეროს. იცის ვენეციის კომისიიდან რა დასკვნაც მოუვა. იტყვის, რომ უარი კანონპროექტზე სწორედ ამ მოტივით თქვა. უნდა, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდეს. 

„სამოქალაქო საზოგადოების  მხრიდან ხელისუფლებაზე ბევრი კრიტიკული დასკვნები ქვეყნდება. ამიტომ ხელისუფლება სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს. ასევე დასავლეთის დისკრედიტაცია უნდა ქართული საზოგადოების თვალში.

„რაც შეეხება ხალხის ქუჩაში გამოსვლას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ რისკს გრძნობს. ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ მოტივით ჩავარდა, მოსახლეობა ქუჩაში გამოვა. ეს მწარე მუშტი შარშან დაინახეს. 

„კი, ბატონო, იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს და საპროტესტო მუხტი დაეცემა, მაგრამ ბევრი რამ უკრაინის ომზეც იქნება დამოკიდებული. თუკი ხალხმა დაინახა, რომ ომს უკრაინა იგებს და ფრონტზე რაღაც გარდატეხა მოხდა, ხალხის გამოსვლები ნამდვილად იქნება. ამას მშვენივრად აცნობიერებენ და ვენეციის კომისიაში ამიტომაც გადაგზავნეს“, - აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე