ბაჩანა ტყემალაძე
(27.02.2023)

საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა „ხალხის ძალის" კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ.

დოკუმენტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტებად" მოიზარება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავალი 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები, ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები. ასევე ტელევიზიები, რომელთა შემოსავლების 20 პროცეტნზე მეტი „უცხოური ძალაა", მაგრამ აქ არ იგულისხმება რეკლამა. და ბოლოს, ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა" და აქაც არ იგულისხმება რეკლამა.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირების ამბავმა სრულიად გადაფარა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. კანონის დარეგისტრირებას უმალ მოჰყვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და თუ აქამდე საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მიღების გზაზე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებდა, ახლა შესაძლოა ამ კანონპროექტმაც ნეგატიური გავლენა იქონიოს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ მხრივ არ გამოდგება „ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის დამცველად „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ", მაგრამ, ამავდროულად ის აღნიშნავს, რომ იგი „უფრო რბილია", ვიდრე მისი „ამერიკული ვარიანტი".

საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კანონპროექტი ამერიკულად მონათლა და ირაკლის კობახიძემ 27 თებერვალს განაცხადა, რომ ამას გავლენა არ ექნება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე.

„კანდიდატის სტატუსთან არავითარი კავშირი არ აქვს სინამდვილეში ამ კანონპროექტს, დადგენილია მხოლოდ გამჭირვალობის სტანდარტი. ბუნებრივია, ვერანაირი გავლენა კანონპროექტს ვერ ექნება.

არამგონია ვინმემ ამერიკული კანონის მიღების გამო არ მოგანიჭოს კანდიდატის სტატუსი. მითუმეტეს, „ევროპელი ხალხის პარტია" ევროპარლამენტში ზუსტად ამერიკულის ანალოგიურ კანონს აინიცირებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამ კანონპროექტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ ინიცირებულ კანონზე.

„შემაშფოთებელია „ხალხის ძალის" მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია", - ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში.

ევროკავშირის გარდა, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც აკრიტიკებს ამ კანონპროექტს და ამბობს, რომ ეს არა აშშ-ის, არამედ რუსეთის კანონის ანალოგია. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონპროექტი არ ემსახურება ქვეყანაში გამჭირვალობის გაუმჯობესებას, რადგან საქართველოში საერთაშორისო დონორები პერიოდულად წარადგენენ საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს.

„ეს კანონპროექტი არ ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობას. კანონი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ეხება ლობისტებს, იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ, რათა მათ წარმოადგინონ ამ უცხო ქვეყანათა პოლიტიკური ინტერესი. ეს არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი, რომლის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზირება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, შეხედულება და ამავდროულად, ხელი შეუშალოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ თავიანთ თანამოქალაქეებს", - განაცხადა დეგნანმა.

კანონპროექტის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, საიდანაც მათ მოუწოდეს პარლამენტს, რომ უარი თქვან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილავზე.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ეს კანონი პირდაპირ ზღუდავს სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და ახშობს მათ ხმას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიას და საბოლოოს ეს ყველაფერი აუცილებლად იქონიებს საქართველოს ევროპულ მომავალზე გავლენას.

„ეს კანონპროექტი მისი შინაარსით ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, რადგან იგი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებას არ მოსწონს ის კრიტიკა, რასაც ის ხალხისგან იღებს.

პარტია „ხალხის ძალაზე" არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მმართველი პარტიის პრორუსულ რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ, და ეს კანონიც სწორედ მათ მიზნებს ემსახურება.

თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, საქართველო დასცილდება დასავლეთს და საბოლოოდ შეიძლება ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობა აღარც კი მოისურვოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს, რომელიც „რეზონანსთან" ნეგატიურად აფასებს კანონპროექტის ინიცირებას, მაგრამ ამბობს, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება.

„არ ვთვლი, რომ ეს საუკეთესო დრო და სიტუაციაა კანონპროექტის ინიცირებისთვის, რადგან კანონი შეიძლება მაშინ იყოს მიღებული, როდესაც ხალხს მის მართებულობაში არწმუნებ. ხშირად მოჰყავთ ამერიკის მაგალითი და ანალოგიური კანონი ისრაელშიცაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე აღნიშნული კანონპროექტის არსებობის აუცილებლობას ჩვენს ქვეყანაში.

„საბოლოოდ კი, არა მგონია, რომ კანდიდატობის მიღება მიბმული იყოს ამ კანონპროექტზე და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ კანდიდატობა უფრო სერიოზული და პრაგმატული მოტივებით იქნება გადაწყვეტილი და არამარტო ერთი კანონის მიღება არ მიღებით, მაგრამ ეს აუცილებლად „სალაპარაკო" გახდება, რომც მიგვიღონ და რომ არ მიგვიღონ, მითუმეტეს.", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე