ელზა პაპოშვილი
(27.02.2023)

უკრაინაში ყველაზე ცხელი საბრძოლო მოქმედებები ახლა ბახმუტთან ვითარდება - იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმია ძალიან ცდილობს თავისი კოლოსალური მსხვერპლი წარმატებად გაასაღოს, აქ ფრონტის წინა ხაზზე პუტინს "ვაგნერის" დაქირავებული მკვლელები ჰყავს გაშვებული, რომელთა რიგებიც პატიმრებითაა შევსებული.

საინტერესოა ის, რომ ამ დაქირავებული არმიის ლიდერი და პუტინის პირადი მეგობარი ახლა პირდაპირ რუსეთის გენშტაბს აკრიტიკებს. პრიგოჟინი ამბობს, რომ იარაღს და მასალას არ აწვდიან, ეს კი ორ რამეზე მეტყველებს - ბზარებზე არმიის სარდლობას შორის და შეიარაღებაში სერიოზულდ დანაკლისზე, რომელსაც რუსეთი ომის 1 წლის შემდეგ განიცდის.  

ამის პარალელურად, დრონებით შეტევის გამო თითქმის მთელს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. სირენების ხმა, რომელიც მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ისმოდა კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში.

დონეცკის, სუმისა და ხერსონის ოლქებში იერიშის შედეგად დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი ღამით რუსეთის მიერ გამოყენებული 14 "შაჰიდის" დრონიდან 11 ჩამოაგდეს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გააკეთა.

უწყების ცნობით, თავდასხმა 23:00 საათიდან დაიწყო. ცნობილია, რომ 9 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის მიმდებარე საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს. კიევში საჰაერო იერიში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წინასწარი ცნობებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით ახალ სანქციებს მოაწერა ხელი - ის ეხება 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთს ემხრობიან. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გაერთიანებული ძალების მეთაური. ედუარდ მოსკალევი ამ პოსტზე ომის დაწყებიდან მალევე დაინიშნა. გათავისუფლების მიზეზზე მედიაში არ საუბრობენ.

კიევში იმყოფებოდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაფორმდა 400-მილიონიანი დოლარის დახმარების ხელშეკრულება. ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გაფორმდა უკრაინის დედაქალაქში ესტონეთთანაც, რომელიც სპეციალური ოპერაციების იარაღსა და აღჭურვილობას მოიცავს.   

„რაც უფრო მეტი იცის ხალხმა უკრაინის შესახებ, მით უფრო ესმით უკრაინის“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით უკრაინის პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება მნიშვნელოვანია ტერიტორიების დეოკუპაციისათვის.

„პირველად 32 წლის განმავლობაში უკრაინას საუდის არაბეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი უკრაინისადმი ჩვენი დაუმარცხებლობისა და ძლიერებისთვის. პატივისცემა სამყაროს მხრიდან.

ახლა კი ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაქსიმალურად ძლიერები ვიქნებით ინფორმაციისა და დიპლომატიის კუთხით. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ უკრაინის პოზიცია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს მნშვნელოვანია ტერიტორიის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად.

ხალხმა რაც უფრო მეტი იცის უკრაინის შესახებ, უფრო მეტად ესმით უკრაინის, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას, მით უფრო მივუახლოვდებით გამარჯვებას.

მე ხელი მოვაწერე ბრძანებას იმ რუსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების გატაცებაში. რუსეთის სპორტული სექტორის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სპორტი აგრესიის სამსახურში მოაქციონ. და მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის დაქირავებული სტრუქტურების შენარჩუნებას," - განაცხადა ზელენსკიმ.    

საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 800 კმ გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე რუსები ცდილობენ  მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ. თვითოეული გოჯი მიწისთვის ბრძოლა მიდის. მთავარი ბრძოლები გენერლის თქმით, ახლა სამი მიმართულებით მიმდინარეობს: ეს არის სვიატოვას, ბახმუტის და უგლედარის მიმართულებაზე.   

„ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბახმუტის მიმართულებაზეა. რუსები ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ. დიდი დანაკარგის მიუხედავად, მაინც ნელ-ნელა წინ მიიწევენ. არ არის გამორიცხული, მალე დადგეს მომენტი, როცა უკრაინელებმა უნდა გადაწყვვიტონ, გამოიყვანონ თუ არა უკრაინული გარნიზონი ბახმუტიდან. დანარჩენ შემთხვევაში რუსებს სხვა მიმართულებაზე დიდი  წინააღმდეგობა და უპირატესობა არ გააჩნიათ. 

„სამწუხაროდ გამართლდა ის პროგნოზი რასაც მე ერთი წლის წინ ომის დაწყებიდან ვაკეთებდი. ომი გაჭიანურების სახეს იღებს. ამ ეტაპისთვის რუსეთს არ გააჩნია იმის პოტენციალი, რომ დიდი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს. შესაბამისად, ის ცდილობს, ლოკალური წარმატებების ფონზე, თავისივე ოკუპირებული ტერიტორიები დაიკავოს და გაამაგროს. 

„უკრაინისთვის ამ მომენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ჯავშან ტექნიკას, ასევე საფრენ აპარატებს. ზუსტი დამიზნების აღჭურვილობას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი თავის დროზე უნდა იქნას მიწოდებული.  

„გაზაფხულზე ომში რაღაცა გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება. მას შემდეგ, როცა ორივე მხარე გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და დიდი იმედი მაქვს, ეს უკრაინა იქნება. ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება ის გზა, რა გზითაც შესაძლოა დაპირისპირება განვითარდეს. ფაქტი ერთია, რომ ეს ხანმოკლე ომი არ არის. შესაძლოა, რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაიყინოს კიდევაც, მაგრამ ეს ომი მალე არ დამთავრდება“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, შეიარაღებით უკრაინას როცა უკვე დარტყმითი მუშტი ექნება ჩამოყალიბებული და ეს დამოკიდებული კვლავ იმაზეა, რამდენად სწრაფად მიაწვდის დასავლეთი შეიარაღებას, მაშინ უკრაინა კონკრეტულ მიმართულებაზე შეტევას სრულიად თავისუფლად შეძლებს. ალბათ ეს უფრო სამხრეთ - აღმოსავლეთის მიმართულებაზე შეტევა იქნება.                     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე