ნაზი ბერიძე
(27.02.2023)

თურქეთი შვედეთთან და ფინეთთან ნატოში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას 9 მარტს განაახლებს - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რასაც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ანკარის დადებითი დამოკიდებულების წინაპირობად აღიქვამენ და თვლიან, რომ ამ ორი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დაიწყება. მათი მოსაზრებით, თურქეთს აქვს ვალდებულება და სურვილიც, მხარი დაუჭიროს და არ დაბლოკოს ახალი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თურქეთთან შვედეთისა და ფინეთის კონფლიქტური საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს და მხარეები კონსენსუსამდე მივიდნენ. თურქეთს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, წავიდეს კომპრომისზე.

„თურქები უნდა შეხვდნენ შვედეთს და ფინეთს, მაგათ შორის ყველანაირი უთანხმოება და კონფლიქტი უნდა მოგვარდეს. იმიტომ, რომ ახლა თურქეთის მთავრობა ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის ნატოს წევრი ქვეყნებისგან, რომ სწრაფად მოახდინოს ამათი ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების რატიფიცირება.

„მე მგონია რომ მოხდება გარიგება, ისინი შეთანხმებული იყვნენ ყველაფერზე, მაგრამ, გადადება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ მძიმე აქტი ჩაიდინეს სტოკჰოლმში - ყურანის დაწვა, მოხდა გარკვეული დემარში, ამის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ არ განვიხილავ ფინეთის და შვედეთის საკითხსო. იმის მერე დრო გავიდა, მოვიდა დრო იმისა, რომ თურქეთმა თქვას კი, შევთანხმდით და მოკლედ, ეს ქვეყნები უნდა გაწევრიანდეს ნატოში" - განაცხადა ანალიტიკოსმა.

გოგოლაშვილის თქმით, აშშ არ დაუშვებს რომ თურქეთმა უარი თქვას ფინეთისა და შვედეთის ნატოში ინტეგრაციაზე, ვინაიდან მას აქვს ვალდებულება, მონაწილეობა მიიღოს და განამტკიცოს ნატოს გაფართოება.

„ამას არ დაუშვებს შეერთებული შტატები, რომ თურქეთმა საბოლოოდ დაბლოკოს ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ალიანსის დასუსტებას, ასე გამოდის, რომ თურქეთი ალიანსის შიგნით ბლოკავს მის გაფართოებას. ნატოს დამფუძნებელთა შეთანხმებაში კი პირდაპირ ნათქვამია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები არ დაბლოკავენ ალიანსში ახალი წევრების მიღებას და შესაბამისად, არ დაბლოკავენ მის გაფართოებას. ამიტომ ეს ვალდებულება თურქეთს აქვს, რომ თუ არ არსებობს რაღაცა ისეთი მიზეზი, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი, არ დაბლოკოს ამ შემთხვევაში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება.

„ამასთანავე, იყო მოლაპარაკებები იმაზე, რომ შვედეთი და ფინეთი არ მისცემენ თავშესაფარს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თურქეთის მთავრობა ძებნაში გამოაცხადებს. და ორივე ქვეყანას აქვს ნატოში გაწევრიანების თანაბარი შანსები".-აცხადებს კახა გოგოლაშვილი

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი განახლდა.

„9 -ში ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ მაგრამ, ის, რომ სამუშაო პროცესი განახლდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში იმითი უნდა დასრულდეს, რომ თანხმობის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, და თურქეთი დათანხმდება ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

„არსებობს ქვეყნებს შორის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ისენი თანამშრომლობენ, ამ სამუშაო პროცესის განახლება ნიშნავს იმას, რომ მხარეებს აქვთ სურვილი, რომ მივიდნენ შეთანხმებამდე. რამდენ ხანს წაიღებს ეს ყველაფერი პროცედურულად, ეს ამ ეტაპზე უცნობია"-უთხრა რეზონანსს თენგიზ ფხალაძემ.

შეგახსენებთ, თურქეთს შვედეთსა და ფინეთს შორის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება იანვარში შეწყდა, როდესაც ანკარასა და სტოკჰოლმს შორის შვედეთში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის დროს ყურანის დაწვის ინცინდეტის გამო ურთიერთობა დაიძაბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე