თამთა ჩაჩანიძე
(27.02.2023)

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, რუსეთის დაშლასა და განადგურებაზე განცხადებას უკვე რამდენიმე დღეა ზედიზედ აკეთებს. ბოლო გამოსვლაში 2008-სა და 2014 წლების საქართველოსა და უკრაინაში შეჭრაც გაამართლა და თქვა, რომ დასავლურ სამყაროში ამან „გააფთრებული ისტერია გამოიწვია".

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ერთის მხრივ მისი განცხადებები ისტერიულია, მეორეს მხრივ კი არაა გამორიცხული, რომ ძირეული ცვლილებების პერსპექტივა მართლაც არსებობდეს, რადგან მის გარდა განცხადება რუსეთის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.

ანალიტიკოსების შეფასებითვე, მედვედევი იმასაც აცნობიერებს, რომ თუ რუსეთი დასუსტდა, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში სეპარატისტული პროცესები დაიწყოს. რასაც ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს, სადაც ევროპის ქვეყნები დაადანაშაულა იმაში, რომ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს მხარი არ დაუჭირეს არაღიარებულ იჩქერიას.

"სად იყავით, როცა ჩვენ იჩქერიისთვის ვიბრძოდით? როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპის სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ; დღეს კი თქვენ მოულოდნელად გადაწყვიტეთ, მხარი დაუჭიროთ არარსებულ სახელმწიფოს?"- განაცხადა რამდენიმე დღის წინ რამზან კადიროვმა.

რას ამბობენ კრემლში

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დაყოფაზე განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა.

„არც კი ვიცი, შენარჩუნდება თუ არა ისეთი ეთნიკური ჯგუფი, როგორიცაა რუსი ხალხი იმ სახით, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს", - თქვა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობაც.

„თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე", - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის მტრები "კიევის რეჟიმს" იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები „სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს" იწვევს.

მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა.

„მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია", - აღნიშნა მედვედევმა.

რას უკავშირდება განცხადებები რუსეთის დაშლაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მედვედევის განცხადებები ისტერიული, თუმცა რუსეთში ძირეული სტრუქტიურული ცვლილებების პერსპექტივა გამორიცხული არაა.

„უპირველეს ყოვლისა, რუსეთში სერიოზული სტრუქტურული ცვლილებების პერსპექტივის უარყოფა არაფრით არ შეიძლება. ეს მწვავე კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შედის, ეკონომიკური, პოლიტიკური და ყველა განზომილებით, ძნელი სათქმელია რით დამთავრდება.

„ბატონი მედვედევი დიდი ხანია სეთი ისტერიული მოთქმის მდგომარეობაშია. ჯერ იყო და უკრაინას სრული ამოწყვეტით, განადგურებით ემუქრებოდა და მერე, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა - მთელ მსოფლიოს. ჩემი აზრით, მისი ბოლო განცხადებები სიტუაციის უკიდურესი შეფასების კი არა, ისტერიული ხასიათისაა და მისი ფსიქიკური გაუწონასწორობლის შედეგი მგონია.

„2008 წლის სამხედრო ოპერაცია მისი განკარგულებით იყო დაწყებული და რა თქმა უნდა მის გამართლებას დაიწყებს. სუსტი ფსიქიკის მქონდე ადამიანის საქციელს ჰგავს, რასაც იგი აკეთებს, ამიტომაც მისთვის ამ სერიოზული პოსტის ჩაბარება თავისთავად შეცდომა იყო. ამბობენ ლოთიაო. საერთაშორისო ვიზიტების დროს, რამდენჯერმე არაფხიზელ მდგომარეობაში კი იყო დაფოქსირებული, ამიტომ ამ საკითხს ყურადღებას არ მივაქცევდი",- განაცხადა მენაღარიშვილმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მედვედევი თითქოს რუსი ხალის შემზადებას ცდილობს, რადგან მას რუსეთის უშიშროების საბჭოში მაღალი თანამდებობა უკავია და შესაბამისად ინფორმაციაც ექნება, რომ შესაძლოა ქვეყანაში დიდი ცვლილებები დაიწყოს.

„ერთის მხრივ მედვედევი ცდილობს საკუთარი საზოგადოების წინაშე ომი გაამართლოს და „აუხსნას", რომ უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვი კი არ აწარმოებს ომს, არამედ თითქოს დასავლეთი ებრძვის რუსეთს და ამიტომაც თავად „თავდაცვით რეჟიმში არიან". მედვედევი ფიქრობს, რომ თუ „თავდაცვითი ხასიათის ომში" რუსეთი დამარცხდა, მაშინ დაიშლება და მოსახლეობას ამით აშინებს, რომ თითქოს სხვა გზა არ აქვთ.

„მეორე მხრივ იგი იმასაც აცნობიერებს, რომ თუ რუსეთი დასუსტდა, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში სეპარატისტული პროცესები დაიწყოს. რამზან კადიროვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ როდესაც იჩქერია 90-იანი წლებში დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, არც დასავლეთი და არც უკრაინა არ დაეხმარაო, ანუ ამით თქვა, რომ თითქოს დამოუკიდებლობისთვის ისიც იბრძოდა, ანუ სხვანაირი საუბარი დაიწყო.

„კადიროვს 20 ათასიანი კარგად შეიარარებული არმია ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ თუ რუსეთი დასუსტდა და ფედერალური ბიუჯეტიდან თანხებს არ ჩაურიცხავს, მაშინ შესაძლებელია, რომ ჩეჩნეთშიც გარკვეული პროცესები დაიწყოს.

„მედვედევი უშიშროებიოს სააბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა და შესაბამისად, მას გარკვეული ინფორმაცია აქვს, რომ შესაძლოა რიგ რესპუბლიკებში ხალხი უკმაყოფილოა. ფრონტზე რუსეთის მხარეს ბევრი არარუსი იბრძვის, რომლებიც თვლის, რომ ეს მათი ხალხის ომი არაა და იღუპებიან. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რესპუბლიკაში დამოუკიდებლობის მოთხოვნები გაჩნდეს, ამის წინაპირობა განსაკუთრებით ჩეჩნეთშია.

„2008 წლის საქართველო და 2014 წლის უკრაინა იმიტომ ახსენა, რომ ისევ და ისევ მათი მოქმედება გაამართლოს, რომ თითქოს რუსეთი მაშინაც თავს იცავდა და რომ არ „ჩარეულიყო" ნატო რუსეთის სამხრეთ საღვრებთან იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მან ნატოს გაფართოვება „აღკვეთა". მედვედევი ყოველთვის ცდილობს თქვაა, რომ რუსეთის ომი თითქოს თავდაცვითი და სამართლიანია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე