თამთა ჩაჩანიძე
(07.02.2023)

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების გამო, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. მისი ფრაქციის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა ჯერჯერობით მანდატებს შეინარჩუნებს. ამ გადაწყვეტილებას თავად ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობა და მორიგი შიდა დაპირისპირება მოჰყვა. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბოიკოტი ყოვლად გაუმართლებელია და ამაში ენმ-ს დასავლეთის მხარდაჭერაც არ ექნება.

ენმ-ში ბოიკოტთან დაკავშირებითაც ერთიანი პოზიცია არაა. პარტიის ერთ-ერთ ლიდერსა და ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ეფექტური ვერ იქნება. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება და მიაჩნია, რომ პარტიამ ყველა ფრონტზე უნდა იბრძოლოს.

ამასთან, ზაქარეიშვილის აზრით, თუ პოლიტსაბჭოს „უგუნურ გადაწყვეტილებას" პარლამენტის ბოიკოტის შესახებ პარტიაში ყველა არ დაეთანხმება, ეს ენმ-ს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტის ბოიკოტზე

„ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, გადაწყვეტილი გვაქვს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ", - განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.

„ვემხრობი, არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ საკრებულოებიდან გამოსვლას - აზრთა სხვაობა ბევრ საკითხზეა, მათ შორის, საპარლამენტო ბოიკოტზეც იყო, თუმცა ფრაქციის ამ გადაწყვეტილებას ყველა უერთდება", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის წევრთა ნაწილი არ იზიარებს მოსაზრებას საკრებულოების დატოვების თაობაზეც.

პარტიის წევრს გიორგი ბოტკოველს მიაჩნია, რომ „დღეს „ქართულ ოცნებასთან" რაიმე კოორდინაციაში ყოფნა, მათთან მუშაობა წარმოუდგენელია, მათ შორის, საკრებულოების დონეზე".

განსხვავებული მოსაზრება აქვს ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას, მას მიაჩნია, რომ საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ამ შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნება.

„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში.

„თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი.თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან.

„ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას",-წერს მელია.

არსანიშნავია, რომ ბპოიკოტზე თავად მელიას მოსაზრებას მის ფლანგშიც არ იზიარებენ, მაგალითად ეკა ხერხეულიძეს მიაჩნია, რომ „საპარლამენტო ცხოვრება კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა ტოვებდნენ პარლამენტს, ახლა ბოიკოტის დრო არ არის".

„ეს თვითმფრინავიდან ურემზე გადაჯდომას ჰგავს..."

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ყოვლდ გაუმართლებელია და ამაში ენმ-ს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

„არავინ არ კამათობს და არ დაობს, რომ ქუჩის აქციები მართლაც საჭიროა, რადგან 6 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილება ყოვლად აუხსნელი და მიუღებელია, მაგრამ რატომ არ შეიძლება ყველა ფრონტზე იბრძოლონ?! რა იდიოტობაა, რომ პარლამენტში მუშაობა მათთვის მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ სამარცხვინო და არაფექტურია.

„ნებისმიერ ქუჩის აქციას ვეთანხმები, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღვრული, მაგრამ ხალხმა ისინი პარლამენტში სამუშაოდ აირჩია და არა ბოიკოტისთვის. ამით პირველ რიგში თავს იზიანებენ. ენმ-ის ამომრჩეველი არ ვარ და მათი ბედი არ მადარდებს, მაგრამ მიკვირს როგორ ვერ ხვდებიან, რომ თვითდაზიანებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ, რაც უკვე მადარდებს.

„ეს დაახლოებით იმას ჰგავს, სადმე რომ თვითმფრინავი ჩამოვარდეს და ამის გამო ჩვენ ამ უნიკალური საფრენი ტრანსპორტის გამოყენებაზე უარი ვთქვათ და ურმებზე გადავსხდეთ.

„მელიას ვეთანხმები, რომ ყველა ფრონტზე მუშაობაა საჭირო და პირველ რიგში პარლამენტში. მე თუ ვიცი ენმ ვინაა, უცხოეთში არ იციან და ჯერ კიდევ პატივს სცემენ, მათ კი ყოველთვის უკვირთ როგორ უნდა დათმო ის, რაც ხალხმა მოგანიჭა და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის" დისკრედიტაცია კიდევ უფრო მეტად იქნება საერთაშორისო დონეზეც.

„საერთოდ საჭიროა, რომ პარტიული დისციპლინა არსებობდეს, ყოველთვის კარგ პარტიაში ვიყავი, შესაძლოა მრავალრიცხოვანი მხარდაჭერა არ ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილებები სწორად მიიღებოდა ხოლმე. განსხვავებები მოსაზრებები იყო, მაგრამ როგორც კი პარტია ეროვნული კომიტეტის სახით გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას ვემორჩილებოდით.

„თუ ენმ-ის პოლიტსაბჭომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ყველა უნდა დაეთახმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღა პარტიაა?! მემგონი ასეთ დროს პარტიული დისციპლინა მაღლა დგას, თუ გინდ იდიოტობების შესრულებაში, მაგრამ სჯობს, რომ ენმ-მ ეს იდიოტობა არ დაუშვას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

მისი აზრით, ენმ-ს ამ გადაწყვეტილებას არც დასავლეთში ექნება მხარდაჭერა. ამასთან, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში „ოცნების" მარტო დატოვება ისევ მმართველი პარტიის პოზიციებს გააძლიერებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთის ინსტიტუციები, დეპუტატები, ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ენმ-სა და სააკაშვილს თანაუგრძნობენ, იტყვიან, რომ ეს არაა სწორი გადაწყვეტილება და არც დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.

„პოლიტიკის ქუჩაში გადმოტანა სახელმწიფოსთვის ყველაზე უფრო სახიფათოა. ოდესღაც ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოდიოდა, რომ პარლამენტში ხმა არ ჰქონდათ. ახლა პარლამენტში ხმა აქვთ და როგორ გამოდიხარ, რა უსუსურობის გამოვლენაა?! თუ ფიქრობენ, რომ ისინი პარლამენტში ყოფნით „ოცნებას" აძლიერებენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ „ოცნებაზე" მეტად დემოკრატიას აძლიერებენ და ეს უფრო მნიშვნელოვანია.

„უნდა გეყოს ვაჟკაცობა, რომ „ოცნებას" პარლამენტში არგუმენტირებულად ეკამათო და მათი დემაგოგია, უგვანობა და ანტისახელმწიფოებრივობა წარმოაჩინო. თუ „ქართულ ოცნებას" დებატებში არავინ დაუჯდა, ისინი საზოგადოებაზე გავლენას მოახდენენ და იტყვიან, რომ ჭკვიანურად ლაპარაკობენო. ამ დროს ისინი სისულელეებს ილაპარაკებენ და კაციშვილი არ იქნება პარლამენტში, რომელიც ამას შეეპასუხება", - განაცადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე