თამთა ჩაჩანიძე
(03.02.2023)

ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ დონბასია, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის სამ და დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში, სადაც სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელთა დამატებითი ცოცხალი ძალა შევიდა. რაც ნიშნავს, რომ უკრაინელები ქალაქის შენარჩუნებისათვის ბრძოლას კვლავაც აპირებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა, მათგან 2 დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე - 5 საავიაციო დარტყმა და 70-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, ხერსონის და ნიკოლაევის სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის სარდლობის განცხადებით, ცხელ წერტილებში ინტენსიური ბრძოლის გამო, რუსებს დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა არ წყვეტენ შეტევას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 3 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ფრონტზე არსებული მდგომარეობის გასული დღე-ღამის შჯამებისას წერს, დონეცკში ოკუპანტების იერიშები გრძელდება, ბახმუტში უკრაინელთა დამატებითი ცოცხალი ძალა შვიდა და ბახმუტისთვის ბრძოლას არ წყვეტენ, თუმცა „ეს არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ ქალაქის ევაკუაცია მაინც შედგეს"

„დონეცკის რაიონში, სოლედარის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული სამხედრო ძალებისა და „ვაგნერის" დაჯგუფების იერიში გრძელდება. დღეს მათ ერთდროულად შეუტიეს ვასიუკივკას, როზდოლივკასა და ფედორივკას, რომლებიც მომიჯნავედ, მაგრამ მდინარე ბახმუტკას სხვადასხვა სანაპიროზე მდებარეობენ. ვასიუკივკაზე იერიში განსაკუთრებით საშიშია, რადგან უკრაინელთა თავდაცვის ზღუდის სიახლოვეს მდებარეობს ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დასახლება. ჯერჯერობით რუსები ეს შეტევა მოგერიებული არ არის და ბრძოლა დასახლებების ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„ქალაქ ბახმუტში უკრაინელთა დამატებითი ცოცხალი ძალა შევიდა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები ქალაქის შენარჩუნებისათვის ბრძოლას კვლავაც აპირებენ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ ქალაქის ევაკუაცია მაინც შედგეს. ამასთან, ცოცხალი ძალის შეყვანა ხანდახან მძიმე ტექნიკის გამოყვანასთან ერთად ხდება ხოლმე, რა დროსაც ყალიბდება დამცავი ზურგი, არიერგარდი, ხოლო ვინც და რაც გასაყვანია ქალაქიდან ისინი გადიან, მაგრამ ამჯერად ბახმუტში მსგავსი რამ არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა ქალაქის ირგვლივ თავდაცვის ახალი ზღუდეებია მოწყობილი. შესაბამისად, რთული სათქმელია რა ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინელები მომდევნო დღეებში და კვირებში. ლოგიკურია, რომ მათი გეგმა რუსეთისათვის მაქსიმალურად დიდი ზარალის მიყენებაა, მაგრამ ასევე სავარაუდოა, რომ თუკი ქალაქის დაცვა ძალიან გაჭირდა მისი ევაკუაცია მოხდეს. ბოლო 48 საათის ანალიზით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და უკრაინელები რუსულ ნაწილებს დიდ ზარალს აყენებენ. განსაკუთრებით კარგად მუშაობს უკრაინული არტილერია. მაგრამ რუსების მხრიდან ცოცხალი ძალის შეტევის ტემპი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

„უკრაინელებმა რუსული საწყობები დაბომბეს ზაპორიჟიას რაიონში, ნოვოუკრაინკაში და ხერსონის რაიონში, ნოვა კახოვკაში. ამ ეტაპზე ნებისმიერი იერიში ზაპორიჟიაში არამხოლოდ თავდაცვისათვის, არამედ პოტენციური კონტრშეტევასაც მნიშვნელოვანია",-წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

თავის მხრივ რუსეთიც ავრცელებს ცნობებს, მათი მტკიცებით, ზაპოროჟიოეს ოლქში რუსულმა დაჯგუფებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „უკან დაახევინა", 3 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეში რუსული ჯარების ჯგუფის „ვოსტოკის" ქვედანაყოფების სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის 108-ე და 110-ე ბრიგადების ნაწილები „დაამარცხეს".

კონაშენკოვის მტკიცებით, უკრაინელების ზარალი ზაპოროჟიის მიმართულებით დღეში 20-ზე მეტ სამხედროს შეადგენდა.

კონაშენკოვი რუსულ მედიას არწმუნებს, რომ ზაპოროჟიეში მათ ამერიკული ემ-777 საარტილერიო სისტემის, ორი დე-20 და დე-30 ჰაუბიცის განადგურება მოახერხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე