„არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ - „მიშა, ჭამე“
თამთა ჩაჩანიძე
(03.02.2023)

მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გასაღები მხოლოდ ძალიან ცუდად ყოფნაშია - ამის შეასხებ „ვივა მედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ნადირაძის მტკიცებით, სააკაშვილის გულშემატკივრებს დახმარებისთვის ბევრჯერ მიმართა, რათა ექსპრეზიდენტის კვებითი რაციონი გაუმჯობესებულიყო, რადგან ის საკვები, რაც ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღიურად მიაქვთ, ცუდია, მაგალითად, „ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილაფლავი, არაფერში წერია".

მხარეთა კითხვებს ნინო ნადირძემ უპასუხა, სასამართლო პროცესზე მან ცენტრი „ემპათიაც" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი მიზნები რადიკალურად განსხვავებულია „ვივამედის" მიზნებისგან. აღნიშნავს, რომ სააკაშვილს კახექსიის დიაგნოზი დაემატა, მაგრამ, ამავე დროს, კლინიკის ექიმები კატეგორიულად უარყოფენ სხვა დიაგნოზებს, მათ შორის, მალაბსორბციას და დემენციას. მან სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მოუწოდა, რომ პაციენტი დაარწმუნონ, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ვივამედის" დირექტორი ირწმუნება, რომ სააკაშვილი გარემოს ვერ ეგუება, კლინიკის მედპერსონალიზე ზეწოლას კი მუდმივი ხასიათი აქვს, ამბობს, რომ სააკაშვილთან ერთად მეპერსონალიც იხდის სასჯელს. ნადირაძის თქმით, ექსპრეზიდენტის გარემოცვა ექიმებს უნდობლობას პირველივე დღიდან უცხადებს, რაც მდგომარეობას ართულებს. ამბობს, რომ პაციენტზე ინფორმაციას დღეში რამდენჯერმე იღებს.

ამის პარალელურად სასამართლო შენობის გარეთ აქცია მიმდინარეობს, რომელიც ენმ-ს ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ფეისბუქზე" დაანონსა. როგორც ხაბეიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლების საკითხზე პროცესები მალე დასრულდეს. მისი თქმით, „ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა და მონაწილეობს პრეზიდენტ სააკაშვილის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა იცოდეს, რომ პასუხი მოეთხოვება"

„ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებას პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხესთან დაკავშირებით, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა ეს პროცესები კიდევ არ გაიწელოს. რუსული რეჟიმი ჩვენდა სამწუხაროდ, ამ პროცესებს დეკემბრიდან წელავს და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დასრულდეს. ყველა დოკუმენტაცია, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ კანონის შესაბამისად მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, თუ ეს გადაწყვეტილება ცხადია, სამართლიანი იქნება," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დაკითხვაზე არ დააკმაყოფილა.

„ვივა მედის"დირექტორის ნინო ნადირაძის თქმით კი მის კლინიკას სურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა როგორც იგი დასძენს, ისიც ესმის, რომ „თავისუფლების გასაღები მხოლოდ სააკაშვილის ძალიან ცუდად ყოფნაშია".

„ცენტრი „ემპათიის" მიზნები რადიკალურად განსხვავებულია ჩვენი კლინიკის მიზნებიდან. ჩვენ გვინდა პაციენტი იყოს კარგად. მე პირადად მთელი არსებით ვარ მოწოდებული ამისკენ. ზუსტად ამიტომ, პირველი ხუთი თვის განმავლობაში სულ რაღაც ორჯერ გამოვჩნდი მედიასთან, რომ არ გამეკეთებინა არანაირი განცხადებები, რომელსაც შეეძლო დაეზიანებინა პაციენტების პოზიცია.

„ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია და ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას.

„მე პირადად, ვინც მე მგონია, რომ პაციენტის გულშემატკივრები არიან, არც მათთან ვიშურებ და ვიზარებ წერილობით თუ ზეპირი სახით, რომ დამეხმარონ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. მეტნაკლებ დახმარებას ვგრძნობდი, არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი ეს რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავის სოკოთი მოტანას, ეს რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა საკუთარ კაბინეტში შეხვედრისას განუცხადა, რომ „ყველა მეთოდებით გაათრევენ მიშას კლინიკიდან და საპატიმროდან".

„სააკაშვილის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, რომელთანაც პირველად მქონდა კომუნიკაცია ჩემს კაბინეტში, როდესაც გამომიცხადა, რომ ისინი მიმართავდნენ ნებისმიერ ზომებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ვციტირებ „ყველა მეთოდებით გაათრევენ მიშას კლინიკიდან და საპატიმროდან", მაშინ მივხვდი, რომ მე ძალიან სერიოზულ ბრძოლაში მომიწევდა ყოფნა, თუმცა არანაირად არ მინდა, ვიყო ასეთ ბრძოლაში. მე ვარ მხოლოდ ერთ მხარეს, რომ პაციენტი იყოს კარგად, პაციენტი გადარჩეს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ორივე მხარეს და როგორც ვატყობ, მისი ცუდად ყოფნა, ლეტალური გამოსავალიც კი რაღაც თავის მხარეს უფრო აწყობს. დაანებეთ ამ ადამიანის წამებას თავი, დაანებეთ მისი სუიციდის ხელშეწყობას თავი. მე ამას ვაფიქსირებ, მე ამას ვუყურებ ყოველდღიურ რეჟიმში. არც ერთი თქვენგანი არ შესულხართ და არ გითქვამთ ერთი სიტყვა - „მიშა, ჭამე", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

რაც შეხება სააკაშვილის ოჯახის წევრების პოზიციას, ექსპრეზიდენტის ძმამ გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი 68 კილომდეა და ეს მისი ვარაუდოთ მოწამვლისგანაა გამოწვეული.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა აბსოლუტურად ჯანმრთელი და დღეს 68 კილომდეა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ მიშა სააკაშვილი საქართველოში არის მოწამლული. ვერ დაგიდასტურებთ, სად მოხდა კონკრეტულად, მაგრამ ფაქტია, რომ მიშას ასეთი მდგომარეობა მოწამვლიდან არის გამოწვეული, ამიტომ ვთხოვ ხელისუფლებას, მსგავსი განცხადებებიდან თავი შეიკავოს, ვინაიდან ოჯახი, საზოგადოება მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც ოჯახის წევრი ჩვენ ასე ხელიდან გვეცლება. რა ვუპასუხო არც ვიცი," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე